№ას-753-721-2014 1 ოქტომბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე. ჯ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ღ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ჯ-მა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში დ. ღ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ე. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, განუხილველად დარჩა.
აღნიშნული განჩინება ე. ჯ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის განჩინებით ე. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2014 წლის 20 მაისს ე. ჯ-მა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მისი მითითებით, 2013 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე კანონით დადგენილი წესით მიწვეული არ ყოფილა. სასამართლოს გზავნილი ჩაიბარა ბიცოლამ, მ. ც-მ, რომელიც ე. ჯ-ის ოჯახის წევრი არ არის. განცხადებას ერთვის ორი ცნობა, რომლებიც ადასტურებენ, რომ ტ .ჯ-ი ცალკე კომლად ცხოვრობს, მ. ც-ე კი, ტ. ჯ-ის მეუღლეა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ივნისის განჩინებით ე. ჯ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2013 წლის 15 ოქტომბრის განჩინება ე. ჯ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ მ. ც-ე მისი ნათესავი იყო, მაგრამ არა ოჯახის წევრი. უზენაესმა სასამართლომ ამ საკითხზე იმსჯელა და არ გაიზიარა. რაც შეეხება ცნობას, რომ მ. ც-ე ცალკე კომლად ცხოვრობდა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მისი წარდგენა მხარეს კერძო საჩივართან ერთად შეეძლო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ე. ჯ-ის წარმომადგენელმა ფ. ბ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, პირი, რომელსაც სასამართლო უწყება ჩაბარდა, ე. ჯ-ის ოჯახის წევრი არ არის. განცხადებას ერთვოდა ცნობა, რომლის მიხედვითაც მ. ც-ე ცალკე კომლად ცხოვრობს, ასეთ შემთხვევაში, ე. ჯ-ს სასამართლო უწყება არ ჩაბარებია, რაც გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ე. ჯ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, აღნიშნული საფუძვლით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.
მოცემულ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ე. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, განუხილველად დარჩა.
აღნიშნული განჩინება ე. ჯ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა, იმ საფუძვლით, რომ მ. ც-ე მისი ნათესავია და არა ოჯახის წევრი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ე. ჯ-ს ცნობის წარდგენა იმის თაობაზე, რომ მ. ც-ე ე. ჯ-ის კომლის წევრი არ არის და ცალკე კომლად ცხოვრობს, შეეძლო კერძო საჩივრის განხილვის დროსაც, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე