№ას-768-735-2014 2 ოქტომბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - თ. მ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ო. მ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. მ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში ო. მ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა 2012 წლის 5 სექტემბრის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 დეკემბრის განჩინებით თ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 თებერვლის განჩინებით თ. მ-ს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 200 ლარის გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტი ან განახლებული ცნობა იმის შესახებ, რომ რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე, შესაბამისად, იგი იღებს საარსებო შემწეობას.
იმავე სასამართლოს 2014 წლის 5 მაისის განჩინებით თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 თებერვლის განჩინება არაერთხელ გაეგზავნა აპელანტს მის მიერ მითითებულ მისამართზე. სასამართლოში დაბრუნებულ გზავნილებზე აღნიშნულია, რომ მხარისათვის განჩინების ჩაუბარებლობის მიზეზია არასრული და არასწორი მისამართი, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაშვების წინაპირობა არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. მ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო სასამართლოს ხარვეზი არ უნდა დაედგინა, რადგანაც სააპელაციო საჩივარს ერთვოდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ცნობა და მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე. ხარვეზის განჩინება მას არ ჩაბარდა. მითითებული მისამართი სწორი იყო, მხარე კვლავ იმავე მისამართზე ცხოვრობს, შესაბამისად, სასამართლოს მართლა რომ გაეგზავნა ხარვეზის განჩინება ამ მისამართზე, ის ადრესატს ჩაბარდებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ თ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 404-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ საქმე კერძო საჩივრის ფარგლებში განიხილა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 თებერვლის განჩინებით თ. მ-ს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის - 200 ლარის გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტი ან განახლებული ცნობა იმის შესახებ, რომ რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე, შესაბამისად, იგი იღებს საარსებო შემწეობას.
თ. მ-ი კერძო საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს ხარვეზი არ უნდა დაედგინა, რადგანაც საჩივარს ერთვოდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ცნობა და მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თ. მ-ის სააპელაციო საჩივარს არაფერი ერთვის და არც სააპელაციო საჩივრის თანდართული დოკუმენტების ნუსხის გრაფაშია რაიმე აღნიშვნა. საქმეში წარმოდგენილი ცნობა თ. მ-ის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ 2013 წლის 8 ივლისის მდგომარეობითაა გაცემული, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ხარვეზი მართებულად დაადგინა.
რაც შეეხება ხარვეზის განჩინების ჩაბარებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით, ხოლო, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით , სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თ. მ-ს სარჩელში და სააპელაციო საჩივარშიც მითითებული ჰქონდა მხოლოდ ძირითადი მისამართი - თემქა, მე-3 ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია. სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის განჩინება ამ მისამართზე სამჯერ გაიგზავნა და დაბრუნდა შემდეგი მითითებებით: „არასრული ან არასწორი მისამართი“, „გაკითხვით ვერ მივაკვლიე, მიუთითეთ მობილური“, „მიუთითეთ ზუსტი მისამართი ან საკონტაქტო ნომერი.“
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით, ხოლო 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.
ვინაიდან თ. მ-ის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული მისამართი არაზუსტი იყო, სასამართლოს საჩივრის განუხილველად დატოვების უფლებამოსილება გააჩნდა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. მ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე