№ას-771-738-2014 2 ოქტომბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „გ. ი-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - აიპ „კ. ს-ში“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი –ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
არაკომერციულმა იურიდიულმა პირმა „კ. ს-ში“ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „გ. ი-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხისათვის 9200 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით აიპ-ის „კ. ს-ში“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მის სასარგებლოდ 9200 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 მაისის განჩინებით შპს „გ. ი-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან მხარე კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად არ გამოცხადდა, გასაჩივრების ვადის დენა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაიწყო და 2014 წლის 10 აპრილს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი, 15 აპრილსაა შეტანილი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა არა საზოგადოების დირექტორი, არამედ წარმომადგენელი, შესაბამისად, კომპანიის დირექტორისათვის არ მოქმედებს არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება. გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან უნდა დაიწყოს. კომპანია მთლიანად მინდობილი იყო თავის წარმომადგენელზე, რომელსაც სააპელაციო საჩივარი ვადის დარღვევით შეუტანია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შპს „გ. ი-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლომ საქმე კერძო საჩივრის ფარგლებში განიხილა.
კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ საზოგადოების წარმომადგენლები დ. ჭ-ე და კ. გ-ი კანონით დადგენილი წესით გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე იცავდნენ შპს „გ. ი-ის“ ინტერესებს სასამართლოში და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 თებერვლის სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ. მხარე არც იმ ფაქტს უარყოფს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში არ გამოცხადებულა. კერძო საჩივრის ავტორი ამტკიცებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა არა საზოგადოების დირექტორი, არამედ წარმომადგენელი, შესაბამისად, კომპანიის დირექტორისათვის არ მოქმედებს სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება და გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან უნდა დაიწყოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2014 წლის 26 თებერვალს გამოცხადდა, სხდომას შპს „გ. ი-ის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მხარის მტკიცებას, რომ ვინაიდან სხდომას არ ესწრებოდა საზოგადოების დირექტორი, მისთვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება არ მოქმედებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში. ვინაიდან წარმომადგენელი საქმეში მარწმუნებლის სახელით გამოდის, მის მიერ განხორცილებულ საპროცესო მოქმედებას იგივე იურიდიული მნიშვნელობა აქვს, როგორც უშუალოდ მხარის მიერ შესრულების შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთა უფლებამოსილებასაც მხარე სადავოდ არ ხდის, შესაბამისად, მტკიცება, რომ რადგან სხდომას უშუალოდ დირექტორი არ დასწრებია, მის მიმართ გადაწყვეტილების ჩაბარების კანონით დადგენილი წესი არ მოქმედებს, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.
კერძო საჩივრის ავტორი ასევე ამტკიცებს, რომ მთლიანად ენდობოდა წარმომადგენელს, რომელსაც საჩივარი ვადის დარღვევით შეუტანია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლი იმპერატიულია და კრძალავს გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენას, თუნდაც ვადის გაშვება საპატიო მიზეზით იყოს გამოწვეული.
განსახილველ შემთხვევაში, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე არა უადრეს 18 მარტისა და არა უგვიანეს 28 მარტისა უნდა გამოცხადებულიყო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. შპს „გ. ი-ის“ წარმომადგენელი ამ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადებულა, რასაც მხარე სადავოდ არ ხდის, ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა 30-ე დღიდან - 28 მარტიდან დაიწყო და 10 აპრილს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი, 15 აპრილსაა შეტანილი, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ განუხილველად მართებულად დატოვა.
კერძო საჩივრის ავტორი ასევე უთითებს, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში შპს „გ. ი-ის“ ნაცვლად შპს „გ. ს-ა“ მითითებული. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, უსწორობის გასწორების საფუძველია და არა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „გ. ი-ის“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „გ. ი-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე