№ას-776-743-2014 2 ოქტომბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ე. კ-ა“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე - ფ. კ-ე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, ზიანის ანაზღაურება (ძირითად სარჩელში), შრომითი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ფ. კ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ე. კ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
შპს „ე. კ-ამ“ შეგებებული სარჩელი აღძრა და მოითხოვა შრომითი ვალდებულების შესრულება, მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ფ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ე. კ-ის“ გენერალური დირექტორის 2013 წლის 17 მაისის N27 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 12 თვის შრომის ანაზღაურების, 1500 ლარის, გადახდა დაეკისრა. ფ. კ-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, შპს „ე. კ-ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივნისის განჩინებით შპს „ე. კ-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარი 14-დღიანი ვადის დარღვევით იყო შეტანილი. სასამართლოს მითითებით, მხარე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდა, შესაბამისად, ვადის ათვლა 30-ე დღიდან დაიწყო და 1 მაისს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი, 8 მაისსაა შეტანილი.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება შპს „ე. კ-ამ“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში მზად არ იყო, სასამართლომ კი, ეს გარემოება არ გამოიკვლია. საპროცესო კანონმდებლობა არსად მიუთითებს, რომ, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში არ ამზადებს, მხარემ რაიმე განცხადება უნდა დაწეროს. მოსამართლის თანაშემწე ვალდებული იყო, განემარტა განცხადების დაწერის აუცილებლობა და არ უნდა ეთქვა, რომ, როცა მზად იქნებოდა გადაწყვეტილება, ტელეფონით შეატყობინებდა. ყველას კანონმდებლობის სრულყოფილად ცოდნა არ მოეთხოვება. თ. შ-მა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი ჯერ კიდევ აპრილში შეიტანა, რათა გადაწყვეტილების გასაჩივრების სურვილი დაეფიქსირებინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შპს „ე. კ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემომითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შპს „ე. კ-ის“ წარმომადგენელმა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა, გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. თავად კერძო საჩივრის ავტორიც ადასტურებს, რომ განცხადება არ დაუწერია. მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, რომ რამდენჯერმე მიმართა სასამართლოს, მაგრამ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ იყო, სასამართლო ვერ გაიზიარებს.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2014 წლის 19 მარტს გამოცხადდა, შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე არა უადრეს 8 და არა უგვიანეს 18 აპრილისა, უნდა გამოცხადებულიყო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. ვინაიდან მხარე ამ ვადაში არ გამოცხადდა, გასაჩივრების ვადის ათვლა 18 აპრილიდან დაიწყო და 1 მაისს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი, 8 მაისს გაიგზავნა ფოსტის მეშვეობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „ე. კ-ის“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ე. კ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე