Facebook Twitter

№ას-790-755-2014 2 ოქტომბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ. ჩ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ს. ბ-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში მ. ჩ-ასა და შ. გ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. ჩ-ასა და შ. გ-ს სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ 2008 წლის 13 მაისის №535745 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 17 105.54 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრა, საიდანაც ძირითად დავალიანებას შეადგენს 8300.58 ლარი, პროცენტს-7804.96 ლარი, ხოლო ჯარიმას - 1000 ლარი. მ. ჩ-ას სს ”ს. ბ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 2008 წლის 10 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3 194.58 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა 1145.45 ლარი, პროცენტი - 1549.13 ლარი, ჯარიმა - 500 ლარი, ასევე საკრედიტო „ორენჯ“ ბარათზე არსებული დავალიანების, 1232.83 აშშ დოლარის, საკრედიტო „მაგთი“ ბარათზე არსებული დავალიანების, 659.68 აშშ დოლარის, გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ჩ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის განჩინებით, მ. ჩ-ას შუამდგომლობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა, აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის, 602,2 ლარის, გადახდა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად აპელანტს განესაზღვრა შვიდდღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

განჩინებით დადგენილ ვადაში, 2014 წლის 7 თებერვალს, აპელანტმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება 27 მარტამდე, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 2014 წლის 17 თებერვლის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 10 დღით გაგრძელდა.

ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში მ. ჩ-ამ კიდევ ერთხელ მიმართა სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, რომელსაც დაურთო გარდაცვალების მოწმობა, მიუთითა, რომ, მამის გარდაცვალების გამო, ვერ შეძლო ხარვეზის გამოსწორება და მოითხოვა ვადის გაგრძელება მაისის ბოლომდე, რაც 2014 წლის 2 მაისი განჩინებით, ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აპელანტს დამატებით მიეცა 10 დღის ვადა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით.

აპელანტმა 2014 წლის 13 ივნისს საქართველოს ფოსტის მეშვეობით წარადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივნისის განჩინებით მ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მ. ჩ-ას 2014 წლის 17 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრისათვის სასამართლოს მხრიდან საკმარისი დრო მიეცა. აპელანტს, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე, სხვადასხვა მიზეზით, არაერთხელ გაუგრძელდა სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსების მიზნით დადგენილი ვადა, მაგრამ აპელანტმა საპროცესო ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადებით ხარვეზი არ შეავსო და ვადის გაგრძელება კვლავ გაურკვეველი დროით მოითხოვა.

აღნიშნული განჩინება მ. ჩ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, მძიმე ფინანსური მდგომარეობა რომ არა, ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას დაფარავდა. კერძო საჩივრის ავტორი სს „ს. ბ-ის“ სასარჩელო მოთხოვნებს ნაწილობრივ აღიარებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ მ. ჩ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 404-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ საქმე კერძო საჩივრის ფარგლებში განიხილა.

კერძო საჩივრის ავტორი არ ასაბუთებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი უსწორობებს. იგი ზოგადად მიუთითებს საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ფონზე, ასევე, მისი აზრით, საბანკო სექტორი და ქვეყნის ხელისუფლება წლების მანძილზე არაკეთილსინდისიერად იქცეოდნენ მომხმარებლებთან მიმართებით, ამასთან იგი ნაწილობრივ აღიარებს სს „ს. ბ-ის“ პრეტენზიას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ჩ-ას კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და მის მიერ მითითებული გარემოებები გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას საფუძვლად ვერ დაედება.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის განჩინებით, მ. ჩ-ას შუამდგომლობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა; აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის, 602,2 ლარის გადახდა დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. მხარის მოთხოვნით, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა ორჯერ გაგრძელდა 10-10 დღით, მაგრამ აპელანტმა ხარვეზის არ გამოასწორა და ვადის დარღვევით შეტანილი განცხადებით კვლავ საპროცესო ვადის გაგრძელება მოითხოვა, რასაც არც თავად უარყოფს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება, ვინაიდან აპელანტმა ხარვეზი არ გამოასწორა, ხოლო საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განცხადება ვადის დარღვევით შეიტანა, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ჩ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე