Facebook Twitter

№ას-814-778-2014 2 ოქტომბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ც. ჩ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - დ. ჩ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამკვიდრო ქონების 1/2 -ის მემკვიდრედ და მესკაუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ც. ჩ-მ სიღნაღის რაიონულ სასამართლოში დ. ჩ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა გ. ჩ-ის სამკვიდრო ქონების ½-ის მესაკუთრედ ცნობა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ც. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ც. ჩ-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 მაისის განჩინებით ც. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ც. ჩ-ის წარმომადგენლისათვის ცნობილი იყო სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი. მან დასაბუთებული გადაწყვეტილება 2014 წლის 17 მარტს ჩაიბარა, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა 18 მარტიდან დაიწყო და 31 მარტს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი, ფოსტას 1 აპრილს ჩაბარდა.

აღნიშნული განჩინება ც. ჩ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეს არა 17, არამედ 18 მარტს ჩაბარდა, ხოლო ხელწერილზე მითითებული თარიღი და კანცელარიაში რეგისტრაციის თარიღი ტექნიკური შეცდომაა. განცხადების შესვლის თარიღად შტამპზე 19 თებერვალია მითითებული, მაშინ, როდესაც 19 თებერვალს სხდომა იყო დანიშნული, რომელსაც მხარე და მისი წარმომადგენელი არ ესწრებოდნენ, შესაბამისად, ვერც განცხადებას შეიტანდნენ. ამ გარემოებებს სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა ადასტურებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ც. ჩ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ საქმეზე დარღვეულია სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოცემულ შემთხვევაში, სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 2014 წლის 19 თებერვალს გამოცხადდა. ც. ჩ-ის წარმომადგენლისათვის ცნობილი იყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, შესაბამისად, მოსარჩელე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად არა უადრეს 11 და არა უგვიანეს 21 მარტისა უნდა გამოცხადებულიყო სასამართლოში.

საქმეში წარმოდგენილი განცხადება-ხელწერილის მიხედვით, ც. ჩ-ის წარმომადგენელმა თ. შ-მ დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მოთხოვნით განცხადება 19 თებერვალს შეიტანა და იგი 17 მარტს ჩაბარდა, ამასთან, კერძო საჩივარს ერთვის სიღნაღის რაიონული სასამართლოს ცნობა, რომლის მიხედვით, იმავე სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ განცხადება წარდგენილია 2014 წლის 17 მარტს, იმავე თარიღითაა ხელმოწერილი ხელწერილი, ხოლო გადაწყვეტილება მოსარჩელეს, რეალურად, 18 მარტს ჩაბარდა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მხარე კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადდა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, ამასთან თავად სასამართლო ადასტურებს, რომ ხელწერილში მითითებული მონაცემები სინამდვილეს არ შეესაბამება და დასაბუთებული გადაწყვეტილება მას 18 მარტს ჩაბარდა, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა სწორედ ამ მომენტიდან უნდა დაიწყოს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა 19 მარტიდან დაიწყო და 1 აპრილს ამოიწურა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქმეში წარმოდგენილი კონვერტის მიხედვით, სააპელაციო საჩივარი ფოსტას 1 აპრილს ჩაბარდა, შესაბამისად იგი ვადაშია შეტანილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ც. ჩ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ციცინო ჩიტიძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 მაისის განჩინება და საქმე ც. ჩ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე