№ას-821-785-2014 15 ოქტომბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ. ხ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ლ. ბ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ლ. ბ-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ნ. ხ-ის, მ. შ-ის, თ. ბ-ის და ა. ხ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა მოპასუხეთათვის სოლიდარულად 1313149,56 ლარის გადახდის დაკისრების და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ლ. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შეწყვეტილად იქნა აღიარებული 2012 წლის 22 ივნისის გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება და 2013 წლის 14 მარტს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 1313149,56 ლარის გადახდა, სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნინო ხალვაშმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივნისის განჩინებით ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტი ან მისი წარმომადგენელი არა უგვიანეს 15 მაისისა უნდა გამოცხადებულიყო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტს სასამართლოსათვის კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა 16 მაისიდან დაიწყო და 29 მაისს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი, 13 ივნისსაა შეტანილი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მხარის მითითებით, სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილება არ მოამზადა კანონით დადგენილ ვადაში. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად არაერთხელ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მაგრამ გადაწყვეტილება მხოლოდ 2 ივნისს ჩაბარდა. სააპელაციო საჩივარი ვადაშია შეტანილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით კი, სასამართლომ საქმე კერძო საჩივრის ფარგლებში განიხილა.
ნინო ხალვაში არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 15 აპრილის სხდომას, სადაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა, მისი წარმომადგენელი ესწრებოდა. მხარე არც იმ გარემოებას ხდის სადავოდ, რომ სააპელაციო საჩივარი 2014 წლის 13 ივნისსაა შეტანილი. იგი მიუთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება 2 ივნისამდე მზად არ იყო და არ ჩაბარდა კანონით დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემომითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასმართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ნ. ხ-მა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით. მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, რომ რამდენჯერმე მიმართა სასამართლოს, მაგრამ დასაბუთებული გადაწყვეტილება 2 ივნისამდე მზად არ იყო, სასამართლო ვერ გაიზიარებს, მით უფრო, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს დასაბუთებული გადაწყვეტილება 23 მაისს ჩაბარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2014 წლის 15 აპრილს გამოცხადდა. სხდომას კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი ესწრებოდა, შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარი არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 15 მაისისა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად უნდა გამოცხადებულიყო. ვინაიდან მხარე ამ ვადაში არ გამოცხადდა, გასაჩივრების ვადის ათვლა 15 მაისიდან დაიწყო და 28 მაისს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი, 13 ივნისსაა შეტანილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნ. ხ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე