საქმე №ას-944-902-2013 3 ოქტომებრი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - დ. ტ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ხ-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ხ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ტ-ის მიმართ რ. ხ-ას კომლში დ. ტ-ის კომლის წევრობის შესახებ ჩანაწერის გაუქმებისა და რ. ხ-ას სახელზე რიცხული კომლის ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით რ. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით რ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, რ. ხ-ას სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ.ბათუმში, ა-ს დასახლებაში მდებარე 430 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 248,30 კვ.მ შენობა-ნაგებობების 1/4 ნაწილზე (საკადასტრო კოდი № ....) საჯარო რეესტრში დ ტ-ის საკუთრების შესახებ ჩანაწერი, ქ.ბათუმში, ა-ს დასახლებაში მდებარე 430 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 248,30 კვ.მ შენობა-ნაგებობების 1/4 ნაწილი (საკადასტრო კოდი №....) საჯარო რეესტრში აღირიცხა რ. ხ-ას საკუთრებაში.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ დ. ტ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო.
დ. ტ-მ ასევე აღძრა სარჩელი სასამართლოში რ. ხ-ასა და ნოტარიუს თ. ჩ-ას მიმართ და მოითხოვა 2011 წლის 2 სექტემბერს რ. ხ-ას სახელზე ნოტარიუს თ.ჩ-ას მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმება და ქ.ბათუმში, ა-ს დასახლებაში მდებარე, ამჟამად რ. ხ-ას საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 71 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობა.
მოპასუხემ რ. ხ-ამ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით დ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2011 წლის 2 სექტემბერს რ. ხ-ას სახელზე ნოტარიუს თ.ჩ-ას მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა სანოტარო მოქმედების რაგისტრაციის №1100927552 და დ. ტ-ე ცნობილ იქნა ქ.ბათუმში, ა-ს დასახლებაში მდებარე 71 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დ. ტ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა რ. ხ-ას სახელზე ნოტარიუს თ.ჩ-ას მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №110927552 5/6 ნაწილში, ქ.ბათუმში, ა-ს დასახლებაში მდებარე 71 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი № .....და ქ.ბათუმში ანგისას დასახლებაში მდებარე 71 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი №..... 5/6 ნაწილი აღირიცხა დ .ტ-ის საკუთრებაში.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მხარეების მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დაუშვებლად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 იანვრის განჩინებით.
დ. ტ-მ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მაისის განჩინებით დ. ტ-ის განცხადება სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ N2ბ/334 სამოქალაქო საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით რ. ხ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ.ბათუმში ა-ს დასახლებაში მდებარე 430 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული 248,30 კვ.მ შენობა-ნაგებობის 1/4 ნაწილზე (საკადასტრო კოდი N....) საჯარო რეესტრში დ. ტ-ის საკუთრების უფლების შესახებ ჩანაწერი და ქ.ბათუმში, ა-ს დასახლებაში მდებარე 430 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული 248,30 კვ.მ შენობა-ნაგებობის 1/4 ნაწილი (საკადასტრო კოდი N....) საჯარო რეესტრში აღირიცხა რ. ხ-ას საკუთრებად;
N2/ბ-632 სამოქალაქო საქმეზე ამავე სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ტ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა რ. ხ-ას სახელზე ნოტარიუს თ.ჩ-ას მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა 5/6 ნაწილში ქ.ბათუმში, ა-ს დასახლებაში მდებარე 71 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N.....) და ქ.ბათუმში, ა-ს დასახლებაში მდებარე 71 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N.....) 5/6 ნაწილი აღირიცხა დ. ტ-ის საკუთრებად.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 421-ე მუხლის პირველი ნაწილით, 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 426-ე მუხლით და განმარტა, რომ საქმის წარმოების განახლება დასაშვებია კანონით ზუსტად გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის მსჯელობა, რომ 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის თუ იქნებოდა ცნობილი, რომ რ. ხ-ას სახელზე 2011 წლის 2 სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა გაუქმებულია ქ.ბათუმში, ა-ს დასახლებაში მდებარე 71 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N.....) 5/6 ნაწილში, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
სასამართლოს განმარტებით, 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით გადაწყდა სხვა უძრავ ქონებაზე, კერძოდ, ქ.ბათუმში, ა-ს დასახლებაში მდებარე 430 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 248,30 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე (N.....) რ. ხ-ასა და დ. ტ-ის საკუთრების უფლებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საკითხი, რა დროსაც სასამართლოს შეფასება არ მიუცია რ.ხ-ას სახელზე ქ.ბათუმში, ა-ს დასახლებაში მდებარე 71 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (N....) ნოტარიუს თ.ჩ-ას მიერ გაცემულ კანონისმიერი სამემკვიდრეო მოწმობით დადგენილი წილებისათვის და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მემკვიდრეობის საერთო წესების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ არ არსებობდა განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობა.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ. ტ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლო, მართალია, აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას შეფასება არ მისცემია რ.ხ-ას სახელზე გაცემულ სამემკვიდრეო მოწმობით დადგენილ წილებს, მაგრამ სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ერთ-ერთ ძირითად საფუძვლად სწორედ სამემკვიდრეო მოწმობა დაუდო, რაც შეეხება ამ მოწმობით დადგენილ წილებს, აღნიშნული საერთოდ არ ყოფილა დადგენილი სამკვიდრო მოწმობით.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებად წარდგენილი ამავე სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება და მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ სამკვიდროდან წილების ამგვარად განსაზღვრის საფუძველს წარმოადგენდა დ. ტ-ის თანასაკუთრება მისი კომლის წევრად ცნობის გამო, ასევე ის გარემოება, რომ ორივე ნაკვეთის თანამესაკუთრეები ერთი და იგივე პირები არიან. ამდენად, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულება და არასწორადვე განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი.
2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების გამოტანამდე არსებობა სწორედ მხარის სასარგებლო გადაწყვეტილებს გამოტანას გამოიწვევდა, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი - სამემკვიდრეო მოწმობა, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ტ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებასაც კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, შეეხება ქ.ბათუმში, ა-ს დასახლებაში 430 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 248,30 კვ.მ შენობა-ნაგებობას, რომლის საკადასტრო კოდია N..... ამ გადაწყვეტილების თანახმად, N..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონების 1/4 ნაწილი მიეკუთვნა რ. ხ-ას. თავად გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საარქივო დაწესებულების 2011 წლის 13 სექტემბრის №33-ტ ცნობის, 2011 წლის 14 სექტემბრის №51-ხ ცნობის, №42/ჩ ცნობის, საკომლო წიგნის ჩანაწერის ასლისა და მხარეთა განმარტებების თანახმად, ქ.ბათუმში, ა-ს დასახლება №3-ში არსებულ კომლში, 1988 წლის მდგომარეობით კომლის უფროსს წარმოადგენდა ლ. ხ-ა. მასთან ერთად ცხოვრობდნენ მისი შვილები: ა. ხ-ა და ჟ. ხ-ა; კომლს აწერია 1988-2006წწ 0.05ჰა მიწის ნაკვეთი; საცხოვრებელი სახლის აგების წელი - 1950 წ;
ლ. ხ-ა გარდაიცვალა 1989 წელს.
ლ. ხ-ას გარდაცვალების შემდეგ, კომლის უფროსად რეგისტრირებულია ა. ხ. ძე ხ-ა. ლ. ხ-ას გარდაცვალების შემდეგ, სადავო საცხოვრებელ სახლში ა. ხ. ძე ხ-ასთან ერთად ცხოვრობდა ჟ. ხ-ა.
საკომლო წიგნის ჩანაწერით, 1991 წლის მდგომარეობით კომლში რეგისტრირებული იყვნენ: ა. ხ-ა, ჟ. ხ-ა და დ. ტ-ე.
დ. ტ-ე არის ჟ. ხ-ას შვილი.
ა. ხ-ა გარდაიცვალა 2011 წლის 25 თებერვალს, ხოლო ჟ. ხ-ა - 2010 წლის 25 აგვისტოს.
საჯარო რეესტრის ამონაწერებითა და საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართვის თანახმად, №33-ტ (13.09.2011წ) და №78-ხ (11.07.2011წ) საარქივო ცნობების საფუძველზე, ქ.ბათუმში, ა-ს დასახლებაში სადავო ქონება დაზუსტებული ფართი: 430 კვ.მ და შენობა ნაგებობის საერთო ფართი: 248.30 კვ.მ 2011 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით აღირიცხა კომლის წევრების: ა. ხ-ას, ჟ. ხ-ასა და დ. ტ-ის საკუთრებად; იმავე საარქივო ცნობების საფუძველზე, 2011 წლის 4 ოქტომბრის მდგომარეობით, იგივე უძრავი ქონება აღირიცხა მხოლოდ ა. ხ-ასა და დ. ტ-ის საკუთრებად. №33-ტ (13.09.2011წ) საარქივო ცნობისა და გარდაცვალების მოწმობების საფუძველზე, საბოლოოდ, უძრავი ქონება აღირიცხა დ. ტ-ის საკუთრებად;
ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის მიმართვის თანახმად, ა. ხ-ას კომლში კომლის წევრად დ. ტ-ის ჩაწერისა და ამოწერის შესახებ რაიმე ინფორმაცია არ მოიპოვება, ხოლო დაბადების თარიღად მითითებულია 1991 წლის 19 აგვისტო.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით დასტურდება, რომ დ. ტ-ის დაბადების აქტის ჩანაწერი №1581 რეგისტრირებულია ბათუმის სარეგისრტაციო განყოფილების მიერ, 1991 წლის 17 სექტემბერს. აქტში მამის მუდმივ საცხოვრებლად მითითებულია ქ.ბათუმი, ა.პ-ის ქ№156, ხოლო დედის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად - ხელვაჩაური, კ-ი; აქტის ჩანაწერში არ არის მითითებული ბავშვის დაბადების ადგილის რეგისტრაციის შესახებ, თუმცა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის მიხედვით, დ. ტ-ის რეგისტრაციის ადგილია ქ.ბათუმი, ა-ს დასახლება.
ჟ. ხ-ა ცხოვრობდა სადავო კომლში და დაბადებიდან მასთან ერთად ცხოვრობდა მისი შვილი - დ. ტ-ე.
სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა ლ. ხ-ას მიერ მშობლებისაგან მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას.
ა ხ-ას გარდაცვალების შემდეგ, ქ.ბათუმში, ა-ს დასახლებაში მდებარე N..... ქონების (სადავო საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის 1/2 ნაწილი) 1/2 ნაწილი, ანუ მთელი უძრავი ქონების 1/4 ნაწილი ფაქტობრივი ფლობით მიიღო დ. ტ-მ, როგორც დისწულმა, ხოლო 1/2 ნაწილი ანუ მთელი უძრავი ქონების 1/4 ნაწილი - სანოტარო წესით რ. ხ-ამ, როგორც ძმამ.
დედის სამკვიდრო ქონების (მთელის 1/2 ნაწილი) გათვალისწინებით, დ. ტ-ე წარმოადგენს სადავო საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის 3/4 ნაწილის მესაკუთრეს (1/2+1/4=3/4), ხოლო რ. ხ-ა - სადავო უძრავი ქონების 1/4 ნაწილის მესაკუთრეს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას დაასკვნა, რომ სადავო ქონება ეკუთვნოდა ლ. ხ-ას და იგი არ წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს, შესაბამისად, მოდავე მხარეებს შორის სამკვიდროდან წილების განაწილებას საფუძვლად დაედო მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1336-ე და 1421-ე მუხლებით დადგენილი წესი.
რაც შეეხება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებას, სადაც დავის საგანს წარმოადგენდა ნოტარიუს თ.ჩ-ას მიერ რ. ხ-ას სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის კანონიერება, ამ დავის ფარგლებში განხილულია ქ.ბათუმში, ა-ს დასახლებაში მდებარე 71 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რ.ხ-ას მიერ სამკვიდროს მიღების კანონიერება, ხოლო თავად სამკვიდრო ქონების საკადასტრო კოდია N..... საყურადღებოა ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას მიიჩნია, რომ სამკვიდრო ქონება წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლის ქონებას, ხოლო თავად კომლის წევრები იყვნენ ა. ხ-ა, ჟ. ხ-ა და დ. ტ-ე.
გადაწყვეტილების თანახმად, სადავო ქონებიდან 1/3 წარმოადგენდა დ. ტ-ის საკუთრებას (საერთო ქონებიდან), მანვე 1/3 ნაწილი მიიღო დედის სამკვიდროდან ფაქტობრივი ფლობით, ხოლო 1/6 აწ გარდაცვლილი ბიძის სამკვიდრო ქონებიდან (ჟ. ხ-ას გარდაცვალების გამო), ასევე ფაქტობრივი ფლობით, ხოლო 1/6 ნაწილი მიიღო რ. ხ-ამ კანონით დადგენილი წესით და ვადაში ნოტარიუსისათვის მიმართვის გზით.
განსახილველ შემთხვევაში, დ. ტ-ე სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით და მიიჩნევს რომ სააპელაციო პალატამ, გასაჩივრებული განჩინებით არასწორად განმარტა კანონი, ასევე არასწორი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები, თავის მხრივ, კანონი (სსსკ 423-ე მუხლი) ამომწურავად განსაზღვრავს, თუ რა მიიჩნევა საქმის წარმოების განახლების მიზნებისათვის ახლად აღმოჩენილ გარემოებად.
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა რა რ. ხ-ას სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა, აღნიშნული წარმოადგენს საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმის წარმოების განახლების წინაპირობას. კერძო საჩივრის ავტორის ამ არგუმენტის შემოწმების მიზნით პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე:
უდავოდ დადგენილია, რომ ა. ხ-ას სამკვიდრო შედგებოდა როგორც N.... უძრავი ქონების, ისე N.... უძრავი ქონებისაგან.
სამკვიდრო მიღებული აქვთ მამკვიდრებლის მეორე რიგის მემკვიდრეებს - დ. ტ-ს ფაქტობრივი ფლობით, ხოლო რ. ხ-ას ნოტარიუსისათვის მიმართვის გზით, ამასთანავე, მართალია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით ქ.ბათუმში, ა-ს დასახლებაში მდებარე N.... უძრავ ქონებაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ნაწილობრივ გაუქმდა, თუმცა ეს გარემოება ვერ გახდება N.... ქონებაზე მიღებული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების საფუძველი. კანონიერ ძალაში შესული, როგორც 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით, ისე 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილია მემკვიდრეობის მიღების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, ამ გადაწყვეტილებებში ასახული წილობრივი მონაცემების ფაქტობრივი სხვაობა განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი შეფასებით, ერთ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ზოგადი წესით, ხოლო მეორე შემთხვევაში - საკოლმეურნეო კომლში სამკვიდროს განაწილების სპეციალური წესის შესაბამისად.
ამდენად, მხარის მიერ ახლად აღმოჩენილად მიჩნეული გარემოება ემყარება სამკვიდროს მიღების თაობაზე სამართლებრივ შეფასებას, აღნიშნული გამორიცხავს დ.ტ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის არც ერთი დანაწესი ამგვარი საფუძვლით საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარემ ვერ დაადასტურა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობები, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს დ. ტ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. ტ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე