Facebook Twitter

საქმე №ა-3107-ბ-16-2014 28 ოქტომბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ვასილ როინიშვილი (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განჩინების (გადაწყვეტილების) ბათილად ცნობის შესახებ განცხადების ავტორი _ სს „ქ. ფ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე - 1. ი. მ-ი

2. შპს „რ. ი. ჯ-ი“

3. შპს „რ. ფ-ი“

4. მ. ა-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 სექტემბრის №ას-283-265-2014 გადაწყვეტილება

განმცხადებლის მოთხოვნა _ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 6 ივნისს სს ,,ქ. ფ-მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. მ-ის, შპს ,,რ. ი. ჯ-ის”, შპს ,,რ. ფ-ისა” და მ. ა-ის მიმართ და 2011 წლის 27 დეკემბრის სს ,,ქ. ფ-სა“ და შპს ,,რ. ი. ჯ-ს“, შპს ,,რ. ი. ჯ-სა“ და შპს ,,რ. ფ-ს“ შორის დადებული ნაყარი წიდისა და ნაცრის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობა აღდგენა და აღნიშნული გარიგებით გასხვისებული ქონების სს ,,ქ. ფ-ისათვის” დაბრუნება, ხოლო მოპასუხეების _ ი. მ-ისა და მ. ა-ისათვის სს ,,ქ. ფ-ის” სასარგებლოდ ზიანის - 25617800 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

მოპასუხეებმა _ მ. ა-მა, ი. მ-მა, შპს ,,რ. ფ-მა” და შპს ,,რ. ი. ჯ-მა” სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 27 დეკემბრის სს ,,ქ. ფ-სა” და შპს ,,რ. ი. ჯ-ს” შორის დადებული ნაყარი წიდისა და ნაცრის ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე 2011 წლის 27 დეკემბერს შპს ,,რ. ი. ჯ-სა” და შპს ,,რ. ფ-ს” შორის დადებული ნაყარი წიდისა და ნაცრის ნასყიდობის ხელშეკრულება, დადგინდა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და აღნიშნული ხელშეკრულებებითYგასხვისებული ქონების სს ,,ქ. ფ-ისთვის” საკუთრებაში დაბრუნება. სს “ქ. ფ-ის” სარჩელი ი. მ-ის და მ. ა-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 თებერვლის განჩინება შპს ,,რ. ი. ჯ-მა”, შპს ,,რ. ფ-მა”, ი. მ-მა და მ. ა-მა საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,რ. ი. ჯ-ის“, შპს ,,რ. ფ-ის“, ი. მ-ისა და მ. ა-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს ,,ქ. ფ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს „რ. ფ-ს“ (ს/კ .....) მოძრავი ქონების - დომენისა და მარტენის წიდის, საწარმოო ნარჩენებისა და ნაცრის (მდებარე რუსთავში, წიდასაყარის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1154309 კვ.მ მიწის ფართობზე, საკადასტრო კოდი N.....) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა აეკრძალა.

2014 წლის 8 ოქტომბერს სს „ქ. ფ-მა“ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 სექტემბრის №ას-283-265-2014 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

განმცხადებლის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 სექტემბრის №ას-283-265-2014 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდნენ მოსამართლეები, რომლებსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ამ გადაწყვეტილების მიღებაში. კერძოდ, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო შემდეგი შემადგენლობით: ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი), ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე. მომხსენებელი მოსამართლის - ვასილ როინიშვილის მიმართ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აცილების საფუძველი. ამასთან, მოსამართლეებს - ვასილ როინიშვილს, ლევან მურუსიძეს და პაატა სილაგაძეს ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და ისინი არ იყვნენ უფლებამოსილნი მონაწილეობა მიეღოთ და გადაწყვეტილება გამოეტანათ სამოქალაქო საქმეზე. განმცხადებლის მითითებით, მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, არ არის უფლებამოსილი მონაწილეობა მიიღოს და გადაწყვეტილება გამოიტანოს სამოქალაქო საქმეზე, რადგან ამ შემთხვევაში ყოველგვარ აზრს კარგავს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის შესაბამისი სპეციალიზაციის მიხედვით ჩაბარება. ამდენად, განმცხადებლის მოსაზრებით, საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, რაც გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველს წარმოადგენს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, სს ,,ქ. ფ-ის“ განცხადებას, შეამოწმა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მოსაზრებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 სექტემბრის №ას-283-265-2014 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდნენ მოსამართლეები, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ამ გადაწყვეტილების მიღებაში. კერძოდ, მოსამართლის - ვასილ როინიშვილის მიმართ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აცილების საფუძველი. ამასთან, მოსამართლეებს - ვასილ როინიშვილს, ლევან მურუსიძეს და პაატა სილაგაძეს ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და ისინი არ არიან უფლებამოსილნი მონაწილეობა მიიღონ და გადაწყვეტილება გამოიტანონ სამოქალაქო საქმეზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს იმ მოსამართლეს: რომელიც მონაწილეობდა ამ საქმის განხილვაში (იგულისხმება სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოები); რომელსაც განუცხადეს აცილება და ეს აცილება მიიღო სასამართლომ; რომელიც დროებით გადაყენებულია (ჩამოცილებულია) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან; რომელიც არ არის ამ კოლეგიური სასამართლოს შემადგენლობაში და ის არ შეუყვანით ამ შემადგენლობაში კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს იმ შემთხვევებს, როდესაც მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, კერძოდ: ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს; ბ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; გ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში; ე) ამ საქმეში მონაწილეობდა მედიატორად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსამართლის დაინტერესება საქმის განხილვის შედეგით მხარემ უნდა დაასაბუთოს შესაბამის მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსამართლე მონაწილეობდა სხვა სამოქალაქო საქმის განხილვაში, ვერ ადასტურებს მის დაინტერესებას მოცემული საქმის განხილვის შედეგით.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს განმცხადებლის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ საქმის განხილვისას მოსამართლე - ვასილ როინიშვილის მიმართ დაყენებული აცილება სასამართლოს მიერ რეაგირების გარეშე იქნა დატოვებული.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 სექტემბრის განჩინებით სს ,,ქ. ფ-ს“ უარი ეთქვა მომხსენებელი მოსამართლის - ვასილ როინიშვილის აცილებაზე (მითითებული განჩინება კანონიერ ძალაში არის შესული). აღნიშნული განჩინება 2014 წლის 10 სექტემბერს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა სს ,,ქ. ფ-ის“ ერთ-ერთ წარმომადგენელს პ. ა-ს.

ამასთან, მოსამართლეების - ვასილ როინიშვილის, ლევან მურუსიძისა და პაატა სილაგაძის სპეციალიზაციასთან მიმართებაში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დათქმა იმის შესახებ, რომ უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაევალოს მხოლოდ შესაბამისი სპეციალიზაციის მოსამართლეს, კანონით დადგენილი არ არის. უფრო მეტიც, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანდიდატურა, რომლის პროფესიული გამოცდილება უნდა შეეფერებოდეს უზენაესი სასამართლოს წევრის მაღალ სტატუსს. ამდენად, აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე კანდიდატი შეიძლება დაინიშნოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე, განმცხადებლის მხრიდან მოსამართლეების შესაბამის სპეციალიზაციაზე მითითება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოსამართლე - ვასილ როინიშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ 2010 წლის ივნისიდან არჩეულია სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვადასხვა პალატის წევრებს, მათ შორის, ლევან მურუსიძეს და პაატა სილაგაძეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილების საფუძველზე, დაკისრებული აქვთ სხვა პალატის წევრის მოვალეობა შესაბამისი პალატის ქვემდებარე საქმეთა განხილვაში მონაწილეობის მისაღებად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ქ. ფ-ის“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 სექტემბრის №ას-283-265-2014 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ქ. ფ-ის“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 სექტემბრის №ას-283-265-2014 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე