№ა-1287-შ-37-2014 2 ოქტომბერი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი - 1. უკრაინის ჟიტომირის ოლქის სამრეწველო სასამართლოს მოსამართლე ნ. სიკორსკაია 2. კერძო საწარმო „მ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ლ.-რ-ი“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - უკრაინის ჟიტომირის ოლქის სამრეწველო სასამართლოს 2013 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
უკრაინის ჟიტომირის ოლქის სამრეწველო სასამართლოს 2013 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ლ.-რ-ს“ კერძო საწარმო „მ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 269710,02 გრივნის (მიწოდებული საქონლის დავალიანების) ანაზღაურება, ასევე სასამართლო ხარჯების - 5394,20 გრივნის ანაზღაურება.
2014 წლის 31 მარტს კერძო საწარმო „მ-მა“უკრაინის ჟიტომირის ოლქის სამრეწველო სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მოთხოვნით მიმართა. მისი მითითებით, შპს „ლ.-რ-მა“ ნაწილობრივ დაფარა დავალიანება, თუმცა გადაწყვეტილება არ აღსრულებულა 189780,02 გრივნისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა უკრაინის ჟიტომირის ოლქის სამრეწველო სასამართლოს მოსამართლე ნ. სიკორსკაიამ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის 53-ე მუხლის საფუძველზე ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებით აღსრულების მოთხოვნით.
განცხადებაზე თანდართული მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 2 აპრილს და შპს „ლ.-რ-ი“ ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება. იგი ასევე შეიძლება წარედგინოს სასამართლოში, სადაც გამოტანილ იქნა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ეს სასამართლო შუამდგომლობას გადასცემს სასამართლოს, რომელიც კომპეტენტურია გამოიტანოს გადაწყვეტილება ამ შუამდგომლობაზე.
იმავე კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არსებობს.
კონვენციის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით იძულებითი აღსრულების წესი განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უკრაინის ჟიტომირის ოლქის სამრეწველო სასამართლოს მოსამართლე ნ. სიკორსკაიასა და კერძო საწარმო „მ-ის“ შუამდგომლობა უკრაინის ჟიტომირის ოლქის სამრეწველო სასამართლოს 2013 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებით აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენასმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის 53-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უკრაინის ჟიტომირის ოლქის სამრეწველო სასამართლოს მოსამართლე ნ. სიკორსკაიასა და კერძო საწარმო „მ-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის ჟიტომირის ოლქის სამრეწველო სასამართლოს 2013 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შპს „ლ.-რ-ს“ კერძო საწარმო „მ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 269710,02 გრივნის (მიწოდებული საქონლის დავალიანების) ანაზღაურება, ასევე სასამართლო ხარჯების - 5394,20 გრივნის ანაზღაურება და მიექცეს აღსასრულებლად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე