Facebook Twitter

№ა-1913-შ-56-2014 2 ოქტომბერი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი - 1. ბელორუსიის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის გომელის საბაჟო 2. ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს მოსამართლე ე. ცალკოვა

მოწინააღმდეგე მხარე - ტ. ს-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი - საბაჟო მოსაკრებლის ანაზღაურება, სასამართლო ხარჯების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით ტ. ს-ს დაეკისრა საბაჟო მოსაკრებლის 21 198 030 ბელორუსული რუბლისა და სახელმწიფო ბაჟის - 1 059 900 ბელორუსული რუბლის ანაზღაურება.

2014 წლის 13 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ბელორუსიის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის გომელის საბაჟომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საბაჟო მოსაკრების დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით. უზენაეს სასამართლოს ასევე მომართა ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს მოსამართლე ე. ცალკოვამ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.

განცხადებაზე თანდართული მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 28 მარტს, ბელორუსიის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა და ტ. ს-ე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება. იგი ასევე შეიძლება წარედგინოს სასამართლოში, სადაც გამოტანილ იქნა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ეს სასამართლო შუამდგომლობას გადასცემს სასამართლოს, რომელიც კომპეტენტურია გამოიტანოს გადაწყვეტილება ამ შუამდგომლობაზე.

იმავე კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არსებობს.

კონვენციის 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით იძულებითი აღსრულების წესი განისაზღვრება იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს იძულებითი აღსრულება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბელორუსიის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის გომელის საბაჟოსა და ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს მოსამართლე ე. ცალკოვას შუამდგომლობა იმავე სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენასმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის 53-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბელორუსიის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის გომელის საბაჟოსა და ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს მოსამართლე ე. ცალკოვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე ბელორუსიის რესპუბლიკის ქ. გომელის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება და მიექცეს აღსასრულებლად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე