Facebook Twitter

ბს-728-315(კ-05) 3 აპრილი, 2006წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ა. ო.-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ შსს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო

მესამე პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 18.03.05წ. განჩინება

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ო.-მა დიდუბე-ჩუღურეთის საგზაო პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით სასარჩელო განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ, 15.10.03წ. მცხეთის რაიონული სასამართლოდან მიიღო უწყება, რომლითაც შეიტყო, რომ დიდუბე-ჩუღურეთის საგზაო პოლიციის 16.09.02წ. დადგენილებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.3 მუხლის საფუძველზე დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი, ჯარიმა 30 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ აღნიშნული დადგენილება შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, მასში მითითებული არ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი (კონკრეტულად რომელი მანქანა იქნა დაზიანებული), მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, დამრღვევის ახსნა-განმარტება და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ინფორმაცია. მოსარჩელის განცხადებით, ვინაიდან ა\მ მართვის მოწმობა ჩამორთმეული ჰქონდა ავტომანქანის ტექდათვალიერების გამო და აღნიშნულის თაობაზე 10.09.02წ. შედგენილი იყო ოქმი, მან ჩათვალა, რომ ამ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით მოაწერინეს ხელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ზაკ-ის 60.1 მუხლის «დ» ქვეპუნქტის საფუძველზე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგზაო პოლიციის 16.09.02წ. აბ ¹097600 ოქმის და მის საფუძველზე გამოტანილი 10.10.02წ. დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 24.03.04წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ო.-მა. ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 18.03.05წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგზაო პოლიციის 16.09.02წ. აბ ¹097600 ოქმი და აღნიშნული ოქმის საფუძველზე გამოტანილი 10.10.02წ. დადგენილება აპელანტისთვის ცნობილი გახდა დადგენილების გამოტანის დღეს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ასკ-ის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან ექვსი თვის ვადაში. ა. ო.-მა სასამართლოს მხოლოდ 16.12.03წ. მიმართა. აღნიშნულის გამო სააპელაციო პალატამ ა. ო.-ის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია და უარი უთხრა აპელანტს მის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლოს 18.03.05წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ო.-მა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იქონია მსჯელობა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგზაო პოლიციის 10.10.02წ. დადგენილებაზე, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს და რომლის ბათილობასაც ითხოვდა სასამართლო წესით. კასატორი მიიჩნევს, რომ მითითებული დადგენილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 266-ე და 268-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით იქნა მიღებული.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მისი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგზაო პოლიციის 16.09.02წ. აბ ¹097600 და აღნიშნული ოქმის საფუძველზე გამოტანილი 10.10.02წ. დადგენილების არსებობა მისთვის ცნობილი გახდა 15.10.05წ., როდესაც მცხეთის რაიონული სასამართლოდან მიუვიდა უწყება და თანდართული საბუთები, რომლითაც ავტომანქანის მფლობელი მისგან ითხოვდა ფორდტრანზიტის მძღოლის ბრალით დაზიანებული ავტომანქანის აღდგენისათვის გაწეულ ხარჯებს. კასატორი მიიჩნევს, რომ მისთვის სადავო აქტის გაცნობის დროდ 15.10.03წ. უნდა ჩაითვალოს.

კასატორი აღნიშნავს, რომ ვინაიდან კანონით დადგენილი წესის შესაბამისად არ გააცნეს სადავო ადმინისტრაციული აქტი, რომელიც შედგენილი იყო კანონდარღვევით, მას არ მიეცა შესაძლებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესით გაესაჩივრებინა სადავო ადმინისტრაციული აქტი. ზემოაღნიშნული აქტის საფუძველზე მხარეს, რომელიც მის ავტომანქანას თვითონ შეეჯახა, მიეცა იმის საფუძველი, რომ მისთვის თავისი დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის ხარჯების ანაზღაურება მოეთხოვა.

სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ა. ო.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ავტო საგზაო ინსპექციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე 16.09.02წ. შედგენილი იქნა ოქმი აბ ¹097600. ოქმში მითითებულია, რომ ა. ო.-ი ავტომანქანით უკუსვლით მოძრაობისას შეეჯახა მოძრავ ავტომანქანას, რისთვისაც დამრღვევს დაედო ადმინისტრაციელი სახდელი, ჯარიმა 30 ლარის ოდენობით (ს.ფ. 9). აღნიშნული ოქმის საფუძველზე დიდუბე-ჩუღურეთის ავტო საგზაო ინსპექციამ ა. ო.-ის დაჯარიმების შესახებ 10.10.02წ. მიიღო დადგენილება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო აქტით დადგენილი ჯარიმის თანხა კასატორმა იმავე დღეს, 10.10.02წ., გადაიხადა (ს.ფ. 25). საქმეში დაცული ჯარიმის თანხის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ ჯარიმა გადახდილ იქნა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის და არა სხვა სახის დარღვევის გამო (ს.ფ. 25). 10.10.02წ. შედგენილ დადგენილებაში, რომლითაც ა. ო.-ს დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი 30 ლარის ჯარიმის ოდენობით, სამართალდარღვევის ჩამდენს განემარტა მისი უფლება-მოვალეობანი, რაც ა. ო.-მა ხელის მოწერით დაადასტურა (ს.ფ. 25, მე-2 გვ.). ამდენად, ა. ო.-ისათვის ცნობილი იყო გასაჩივრების წესი და ვადები.

ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად (განსახილველი სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქციით), სარჩელი სასამართლოს წარედგინება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან ექვსი თვის ვადაში. საქმის მასალებით დასტუდება, რომ კასატორმა სასამართლოს სარჩელით მხოლოდ 15.12.03წ. მიმართა. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას ა. ო.-ის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გაცდენის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრების ვადის გასვლა პირს არ ართმევს სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას, ამასთანავე, ხანდაზმულობის ვადის გაცდენა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს ქმნის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ო.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 18.03.05წ. განჩინება.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.