Facebook Twitter

№ა-2344-შ-67-2014 22 ოქტომბერი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - დახურული სააქციო საზოგადოება „მ-ი“

წარმომადგენელი - ზ. ქ-ი, ე. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ-ი“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ჯ-ს“ დაეკისრა დახურული სააქციო საზოგადოება „მ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 2841247,30 რუბლის, სხვისი ფულადი სახსრებით სარგებლობისათვის პროცენტის 279 163,34 რუბლის, ასევე მოსარჩელის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის - 339 020 რუბლის გადახდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა დსს „მ-ის“ წარმომადგენელებმა და მოითხოვეს ზემოაღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. შუამდგომლობას თან ერთვის მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება და საარბიტრაჟო შეთანხმება, ასევე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, თარგმანი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

განცხადების ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოპასუხე საქმის განხილვაში არ მონაწილეობდა, მაგრამ გაფრთხილებული იყო კანონით დადგენილი წესით.

შპს „ჯ-მა“ წარმოადგინა შეპასუხება, გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის მოთხოვნით. მხარის მტკიცებით, გადაწყვეტილება მიღებულია რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს რეგლამენტის უხეში დარღვევით. საქმის წარმოების პროცესში არაერთხელ მიმართეს საარბიტრაჟო სასამართლოს და აცნობეს, რომ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 28 აგვისტოს დადგენილებით საქართველოსა და რუსეთს შორის გაწყვეტილი იყო დიპლომატიური ურთიერთობა. რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოქმედებდა საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზის გაცემის ცალმხრივი შეზღუდვა, რაც შეუძლებელს ხდიდა საქმის განხილვაში მონაწილეობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება საქართველოს უზენაესი სასამართლო.

იმავე კანონის 45.1.(ა.გ) მუხლის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე მხარეს შეიძლება უარი ეთქვას, თუ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მიმართავს სარჩელით სასამართლოს და დაამტკიცებს, რომ მხარე არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვა საპატიო მიზეზების გამო ვერ მიიღო მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვაში.

მოცემულ შემთხვევაში, უზენაესი სასამართლოს განხილვის საგანია რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება.

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შეპასუხებით და თანდართული მასალებით ირკვევა, რომ საქმის განხილვის დროს მოპასუხემ არაერთხელ აცნობა საარბიტრაჟო სასამართლოს საქმის განხილვაზე დასწრების შეუძლებლობის თაობაზე, რაც გათვალისწინებული არ იქნა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები სინამდვილეს შეესაბამება, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 28 აგვისტოს დადგენილებით „რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ“ საქართველოსა და რუსეთს შორის გაწყვეტილი იყო დიპლომატიური ურთიერთობა. საქმის განხილვის დროისათვის რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოქმედებდა საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზის გაცემის ცალმხრივი შეზღუდვა, რის გამოც, მხარეს ობიექტურად არ შეეძლო საქმის განხილვაში მონაწილეობა მიეღო.

„არბიტრაჟის შესახებ“ კანონის 45.1(ბ.ბ) მუხლის თანახმად იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე მხარეს შეიძლება უარი ეთქვას. თუ სასამართლო დაადგენს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მასალებით და თავად საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მოპასუხემ არაერთხელ მიმართა სასამართლოს საქმის განხილვის შეწყვეტის მოთხოვნით. საარბიტრაჟო სასამართლომ კი, ამ შუამდგომლობაზე არ იმსჯელა მხოლოდ იმიტომ, რომ, მისი მტკიცებით, იგი დაყენებული უნდა ყოფილიყო არბიტრების დანიშვნამდე. საყურადღებოა, რომ საარბიტრაჟო სასამართლომ შპს „ჯ-ს“ „მ-ის“ საარბიტრაჟო სარჩელი 2013 წლის 4 ივლისს გამოუგზავნა და იმავე შეტყობინებით აცნობა მოსარჩელის მიერ არბიტრების დანიშვნის თაობაზე, რის პასუხადაც მოპასუხემ, რეგლამენტის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა, როგროც უკვე აღინიშნა, სასამართლომ არ იმსჯელა ამ შუამდგომლობის საფუძვლიანობის თაობაზე იმ მიზეზით, რომ არბიტრების დანიშვნამდე არ იყო წარდგენილი, ანუ, პრაქტიკულად, სასამართლომ მოპასუხეს მოსთხოვა, რომ შუამდგომლობა დაეყენებინა მანამ, სანამ მისთვის საერთოდ ცნობილი გახდებოდა საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის თაობაზე, რაც ეწინააღმდეგება საღ აზრს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ ძირითად სამართლებრივ გარანტიებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი პირის სასამართლოსთან ურთიერთობის ქვაკუთხედია და მისი კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის გარანტი, მიუხედავად იმისა, დავას არბიტრაჟი განიხილავს თუ საერთო სასამართლოები. ამ პრინციპის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილება კი, საჯარო წესრიგის საწინააღმდეგოდ უნდა იქნეს მიჩნეული.

მოცემულ შემთხვევაში, დავა განხილულია მხარის მონაწილეობის გარეშე, ისეთ პირობებში, როდესაც მას ობიექტურად არ შეეძლო საარბიტრაჟო საქმის განხილვის ადგილას გამოცხადება, გარდა ამისა, სასამართლომ არ იმსჯელა მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დარღვეულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიაზე არ ცნობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დსს „მ-ის“ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე