№ა-2816-შ-82-2014 20 ოქტომბერი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ა. კ-ა
წარმომადგენელი - გ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ო. კ.-ფ-ლ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - გერმანიის კარლსრუეს პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეტა სასამართლოს 2014 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის კარლსრუეს პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2014 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ა. კ-ასა და ო. კ.-ფ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შუამდგომლობით მომართა ა. კ-ას წარმომადგენელმა გ. გ-მ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მხარეები მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გერმანიის კარლსრუეს პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2014 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ა. კ-ასა და ო. კ.-ფ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის კარლსრუეს პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2014 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. კ-ას წარმომადგენელ გ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს,
2. გერმანიის კარლსრუეს პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2014 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე ა. კ-ასა და ო. კ.-ფ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე