№ა-2827-შ-85-2014 27 ოქტომბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი - ვ. ს-ა
მოწინააღმდეგე მხარე - გ. ს-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - საბერძნეთის რესპუბლიკის ქ. თესსალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საბერძნეთის რესპუბლიკის ქ. თესსალონიკის სასამართლოს 2009 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ს-ასა და გ. ს-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ვ. ს-ამ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოპასუხე არ ასწრებოდა საქმის განხილვას, მაგრამ სარჩელი და სასამართლო უწყება დროულად ჩაბარდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობისა და აღსრულების საკითხის გადაწყვეტის ყველა ეტაპზე საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით, ხელმძღვანელობს ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საბერძნეთის რესპუბლიკის ქ. თესსალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა. განჩინება მხარეს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა (ქ. ბათუმი, თ. მ-ის დასახლება N14 ბ.21). გზავნილი სასამართლოს დაუბრუნდა მითითებით, რომ ადრესატს ბინა გაქირავებული აქვს და ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი უცნობია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
მოცემულ შემთხვევაში, შპს „სკს-ს“ უკუგზავნილი ადასტურებს, რომ ვ. ს-ა მის მიერ მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობს. ახალი მისამართი კი, სასმართლოსათვის არ უცნობებია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს ფოსტის თანამშრომლის მისამართზე გამოცხადების მომენტიდან - 11.10.2014 წლიდან და ამ მომენტიდანვე აითვალოს ხარვეზის შევსების ვადა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლის შესაბამისად, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა 2014 წლის 21 ოქტომბერს ამოიწურა. მხარემ ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა, რის გამოც, შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ს-ას შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის ქ. თესსალონიკის პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2009 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
მოსამართლე: ვ. როინიშვილი