№ა-2835-შ-86-2014 20 ოქტომბერი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი - თ. ა-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ე. ჭ-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - აშშ-ს ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
აშშ-ს ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ა-სა და ე. ჭ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა თ. ა-მ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის გადაცემულია არქივისათვის და მხარეები მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.
მხარემ ასევე წარმოადგინა ე. ჭ-ის განცხადება, რომელიც თ. ა-ის შუამდგომლობას გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე ეთანხმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
იმავე კანონის 57-ე მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და იურიდიული პირები, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირები სამოქალაქო პროცესში საქართველოს ტერიტორიაზე სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი გარანტიებით, როგორითაც საქართველოს მოქალაქეები და იურიდიული პირები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, თ. ა-ს შუამდგომლობის წარმოებაში მირების შესახებ განჩინება გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, ქ. რუსთავი, კ-ის ქ. 20-8. გზავნილი სასამართლოს დაუბრუნდა აღნიშვნით, რომ ამ მისამართზე ცხოვრობს კ-ე, ა-ე არ ცხოვრობს. მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილი აქტით ასევე ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული ტელეფონის ნომერი თ. მ-ს ეკუთვნის, რომელიც არ არის თ. ა-ის ოჯახის წევრი ან ადვოკატი, ამასთან თავად თ. ა-ე საქართველოში არ იმყოფება.
პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული მისამართი არასწორია, თ. ა-ის შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით.
ვინაიდან სასამართლოსათვის ცნობილი არ არის თ. ა-ის ალტერნატიული მისამართი ან სხვა საკონტაქტო მონაცემები, შუამდგომლობის ავტორისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით ვერ ხერხდება, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარისათვის განჩინების ჩაბარება საჯარო შეტყობინების ვერ-გვერდზე განთავსების გზით უნდა განხორციელდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე. 58-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 71-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ა-ის შუამდგომლობა აშშ-ს ნიუ-იორკის შტატის უმაღლესი სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება გავრცელდეს საჯაროდ და განთავსდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე www.supremecourt.ge;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე