საქმე №ას-1135-1082-2013 6 ოქტომბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – ამხანაგობა „ს-ე 4/6“
მოწინააღმდეგე მხარე - ამხანაგობა „ვ-ა 99“
მოპასუხეები - მ. ჭ-ა, თ. მ-ი, დ. ბ-ე, მ. კ-ი, ო. კ-ე, კ. ა-ა, დ. დ-ა, ე. დ-ა, თ. ს-ი, ნ. ყ-ი, დ. ქ-ა, ნ. ა-ე, ს. ი-ი, ნ. ჩ-ე, თ. მ-ე, თ. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ოქტომბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – დაუმთავრებელი კორპუსის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის აღების უფლების აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ამხანაგობა „ვ-ა 99-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ჭ-ას, თ. მ-ის, დ. ბ-ის, მ. კ-ის, ო. კ-ის, კ. ა-ას, დ. დ-ას, ე. დ-ას, თ. ს-ის, ნ. ყ-ის, დ. ქ-ას, ნ. ა-ის, ს. ი-ის, ნ. ჩ-ის, თ. მ-ისა და თ. გ-ის მიმართ და მოითხოვა იმ ფაქტის აღიარება, რომ მოსარჩელეს აქვს კორპუსის დასამთავრებლად პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის აღების უფლება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობა „ვ-ა 99-მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ამხანაგობა „ვ-ა 99-ის“ თავმჯდომარე ო. მ-მა და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შემდეგ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება: ა) 140.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ.თბილისში, ს-ე ქუჩა N6, საკადასტრო კოდი: .....; მესაკუთრეები: თ. მ-ე (პ/ნ ......) – 1/2 ნაწილი, ამხანაგობა „ს-ე 4/6“ – 1/2 ნაწილი; ბ) 217.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ.თბილისში, ს-ე ქუჩა N4, საკადასტრო კოდი: ....., მესაკუთრეები: სახლთმფლობელობის თანამესაკუთრეთა და სახელმწიფოს საერთო საკუთრება, ამხანაგობა „ს-ე 4/6“; გ) 458.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ.თბილისში, ს-ე I ჩიხის N3, საკადასტრო კოდი: ....., მესაკუთრე - ამხანაგობა „ს-ე 4/6“; დ) 197.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა N51ბ, საკადასტრო კოდი: ....., მესაკუთრე - ამხანაგობა „ს-ე 4/6“; ე) 275.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ.თბილისში, ბ-ის II ჩიხის N1, საკადასტრო კოდი: ......., მესაკუთრეები: თ. გ-ი (პ/ნ.... ) და ამხანაგობა „ს-ე 4/6“.
განმცხადებლის განმარტებით, 2010 წლამდე მოპასუხეთა დიდი ნაწილი მითითებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები იყვნენ. მოპასუხეები მთაწმინდა-კრწანისის გამგეობის 2004 წლის N43 დადგენილებით გაწევრიანდნენ ამხანაგობა „ვ-ა 99-ში“. ამხანაგობა „ვ-ა 99-მა“ 2004 წლის ბოლოს მესაკუთრეთა თანხმობითა და სანაცვლო ფართების მიღების პირობით განახორციელა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთებზე განთავსებული ამორტიზებული ძველი სახლების დემონტაჟი და დაიწყო ახალი კორპუსის მშენებლობა. 2006 წლის ბოლოსთვის აშენდა ცხრა სართული, ხოლო 2009 წელს მშენებლობა შეჩერდა თბილისის მერიის ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. 2010 წელს მოპასუხეთა დიდმა ნაწილმა დააფუძნა ამხანაგობა „ს-ე 4/6“ და ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების უდიდესი ნაწილი საკუთრების უფლებით გადაეცა ამხანაგობა „ს-ე 4/6-ს“.
განმცხადებლის მითითებით, მესაკუთრეთა ამ ჯგუფის ინტერესია, ყველა ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც ამხანაგობა „ვ-ა 99-მა“ ააშენა ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, მოექცეს ამხანაგობა „ს-ე 4/6-ის“ საკუთრებაში და ამხანაგობა „ვ-ა 99-ის“ საზიანოდ ამხანაგობა „ს-ე 4/6“ უკანონოდ გახდეს ამხანაგობა „ვ-ა 99-ის“ მიერ აშენებული მშენებარე კორპუსის მესაკუთრე. მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, მოპასუხეთა ზემოაღნიშნული ჯგუფი აპირებს მიწის ნაკვეთების გასხვისებას. მითითებულ მიწის ნაკვეთების გასხვისებისადმი ინტერესს ადასტურებს 2010 წლის 22 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხე მ. ჭ-ამ მოქალაქე ბ. მ-ს მიჰყიდა 140 კვ.მ-ის 1/10 ნაწილი, ანუ 7 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
განმცხადებლის მითითებით, წინამდებარე საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელე ამხანაგობის უფლების აღიარება, რომელიც გამომდინარეობდა ამხანაგობა „ვ-ა 99-სა“ და მოპასუხეებს შორის დადებული ხელშეკრულებებით მოპასუხეების ნაკისრი ვალდებულებებიდან. იმ შემთხვევაში, თუ მითითებული მიწის ნაკვეთები გასხვისდება და შემძენი გახდება კეთილსინდისიერი მესამე პირი, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლებელი გახდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება - მოსარჩელე „ა-ა 99-ის“ ლეგიტიმური კანონიერი უფლების განხორციელება, ვინაიდან, კეთილსინდისიერი შემძენი მესამე პირი ვერ გახდება მოთხოვნის ადრესატი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ნებისმიერ მესამე პირს, რომელიც შეიძლება გახდეს კეთილსინდისიერი შემძენი, ვერ ექნება და არც შეიძლება ჰქონდეს რაიმე სახის ვალდებულება ამხანაგობა „ვ-ა 99-ის“ მიმართ. გასხვისების გარდა, გადაწყვეტილების აღსრულებას გააძნელებს მითითებული მიწის ნაკვეთების რაიმე სახის ვალდებულებით დატვირთვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ამხანაგობა „ვ-ა 99-ის“ თავმჯდომარე ო. მ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო: ა) 140.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს მდებარე, ქ.თბილისში, ს-ე ქუჩა N6-ში, საკადასტრო კოდი: ....; მესაკუთრეების: თ. მ-ის (პ/ნ ...) – 1/2 ნაწილს, ამხანაგობა „ს-ე 4/6-ის“ – 1/2 ნაწილს; ბ) ქ.თბილისში, ს-ე ქუჩა N4-ში მდებარე (საკადასტრო კოდი: ....) ამხანაგობა „ს-ე 4/6-ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას: 30/75 ნაწილსა და საცხოვრებელ ფართს: 22 კვ.მ, დამხმარე ფართს: 33.64 კვ.მ; გ) 458.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს მდებარე: ქ.თბილისში, ს-ე I ჩიხის N3-ში, საკადასტრო კოდი: ...., მესაკუთრე: ამხანაგობა „ს-ე 4/6“; დ) 197.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა N51ბ-ში, საკადასტრო კოდი: ...., მესაკუთრე: ამხანაგობა „ს-ე 4/6“; ე) ქ.თბილისში, ბ-ის II ჩიხის N1-ში მდებარე (საკადასტრო კოდი: ......) თ. გ-ის (პ/ნ ) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას: I სართული საერთო ფართით 69.70 კვ.მ-დან ½ ნაწილსა და II სართულზე მდებარე 102.45 კვ.მ საერთო ფართს, ასევე ამხანაგობა „ს-ე 4/6-ის“ საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას: I სართული, საერთო ფართით 69.70 კვ.მ-დან ½ ნაწილს.
ამავე განჩინებით განემარტა განმცხადებელს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული შესაძლო ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი შეიტანა ამხანაგობა „ს-ე 4/6-მა“ და მისმა წევრებმა (წარმომადგენელი თ.შ-ი) და მოითხოვეს ამ განჩინების გაუქმება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განმცხადებლის დავალდებულება 100 000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფაზე. საჩივრის ავტორებმა მიუთითეს შემდეგ გარემოებებზე:
ამხანაგობა „ს-ე 4/6“ არასოდეს ყოფილა მოპასუხე, ანუ ის სუბიექტი, რომელიც ფლობს და განკარგავს უძრავ ქონებას. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხეებად დასახელებული იყვნენ მხოლოდ ამხანაგობა „ს-ე 4-/6-ის“ წევრი ფიზიკური პირების ნაწილი. ამხანაგობის წევრი არის 31 ფიზიკური პირი, ხოლო მოპასუხედ მათი ნაწილი - 19 ფიზიკური პირია დასახელებული, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის არც შეცვლა და არც მისი დაზუსტება არ ხდება. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხე იყო ამხანაგობა „ს-ე 4/6“.
სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისას დაუშვა შეცდომა, კერძოდ, ამხანაგობაში გაწევრიანება არ ხდება გამგეობის გადაწყვეტილებით. სამოქალაქო კოდექსი ადგენს ამხანაგობის შექმნის და მასში გაწევრიანების წესს. ამხანაგობა არის ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც იდება მხარეებს შორის და გამოხატავს მათ ნებას. არც ერთი მსგავსი დოკუმენტი შექმნილი არ ყოფილა, შესაბამისად, გაურკვეველია, რა ამხანაგობაზეა საუბარი. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებთან გაფორმებული ხელშეკრულებები არის არა ამხანაგობის ხელშეკრულება, არამედ ნარდობის ხელშეკრულებები. ამ ხელშეკრულებით გაურკვეველმა ამხანაგობამ აიღო ვალდებულება, მიწის მესაკუთრეების კუთვნილ მიწაზე აეშენებინა საცხოვრებელი კორპუსი, სანაცვლოდ კი მიწის მესაკუთრეები მას გადასცემდნენ გარკვეულ ფართს ანაზღაურების სახით. 2006 წელს აშენებული იყო 9 სართული და მშენებლობა შეჩერდა 2009 წელს, დღეის მდგომარეობითაც 9 სართულია აშენებული. ამხანაგობისთვის მიწის გადაცემა მოხდა სრულიად კანონიერად. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, ამხანაგობის შექმნამდე მშენებლობა არ დაწყებულა, ადგილობრივი მცხოვრებლები კი ქუჩაში დარჩნენ. ამხანაგობა „ვ-ა 99-ის“ წევრების უდიდეს ნაწილს უძრავი ქონება შეძენილი აქვს სულ სხვა კორპუსებში, მათ აღნიშნულ შენობაში არაფერი არ ეკუთვნით.
საჩივრის ავტორის მითითებით, არასწორია დასკვნა იმის შესახებ, რომ ამხანაგობა აპირებს მიწის გაყიდვას. ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია ამხანაგობის შექმნამდე და 7 კვ.მ მიწის გაყიდვის მიზანს მიწის მესაკუთრეობაში შეყვანა წარმოადგენდა და ეს 2010 წელს იყო, მას შემდეგ კი სამი წელია გასული და ამხანაგობას მიწა არ გაუყიდია. განმცხადებლების მიზანი არის მშენებლობის იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგებაში ხელშეშლა, მათთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ამხანაგობა მიწას არ გაასხვისებს. მშენებლობის დოკუმენტაციის მოწესრიგება და მისი დასრულება შეჩერდება მინიმუმ 2014 წლის მარტის თვემდე, ვინაიდან ზამთრის პირობებში ვერ გაგრძელდება მშენებლობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგი საფუძვლებით:
პალატამ დადგენილად ცნო, რომ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ვ-ა 99-ის“ თავმჯდომარემ სარჩელით მიმართა სასამართლოს 2012 წლის 4 ივნისს მოპასუხეების: მ. ჭ-ას, თ. მ-ის, დ. ბ-ის, მ. კ-ის, ო. კ-ის, კ. ა-ას, დ. დ-ას, ე. დ-ას, თ. ს-ის, ნ. ყ-ის, დ. ქ-ას, ნ. ა-ის, ს. ი-ის, ნ. ჩ-ის, თ. მ-ის, თ. გ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს მიერ იმ უფლების აღიარება, რომლის მიხედვითაც იგი შეძლებს მშენებლობის პროექტის შეთანხმებასა და ნებართვის აღებას მოპასუხეების თანხმობის გარეშე.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლზე და განმარტა, რომ ამხანაგობა „ს-ე 4/6-ის“ სადამფუძნებლო ხელშეკრულებით დგინდება, რომ სარჩელში მოპასუხეებად დასახელებული ფიზიკური პირები - მ. ჭ-ა, თ. მ-ი, დ. ბ-ე, მ. კ-ი, ო. კ-ე, კ. ა-ა, დ. დ-ა, ე. დ-ა, თ. ს-ი, ნ. ყ-ი, დ. ქ-ა, ნ. ა-ე, ს. ი-ი, ნ. ჩ-ე წარმოადგენენ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს. სადამფუძნებლო ხელშეკრულების მიხედვით, ამხანაგობის მიზანია ერთობლივად განახორციელონ თბილისში, ს-ე (გ-ის) ქუჩა №4/6-ში მშენებარე კორპუსის მშენებლობის დასრულება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება ყოველი კონკრეტული დავის სამართლებრივი თავისებურებების გათვალისწინებით და მიმართულია საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელის შესაწყობად. გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
სასამართლომ მიუთითა ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება-არგამოყენების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო არ ამოწმებს, რამდენად დასაბუთებულია ანდა იქნება სარჩელი, რამდენად გამომდინარეობს მის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან, ანუ დასაკმაყოფილებელია თუ არა სარჩელი. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ, რამდენად შეუწყობს ხელს უზრუნველყოფის ღონისძიება მომავალი, მოსარჩელისათვის სავარაუდო გადაწყვეტილების დაცვას შესაძლო დაბრკოლებებისაგან აღსრულების ეტაპზე. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალების შეფასება იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გამართლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმებისა და ამხანაგობა „ს-ე 4/6-ის“ საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მხარის მიერ მითითებული გარემოებები საფუძვლიანია და არსებობს საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების წინაპირობები შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, 411-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს მისი სამართლებრივი უსწორობის გამო.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
წინამდებარე საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ამხანაგობა „ვ-ა 99-ის“ უფლების აღიარება, რომ ადგილობრივი მცხოვრებლების თანხმობის პირობებში მოსარჩელეს აქვს კორპუსის დასამთავრებლად პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის აღების უფლება.
მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დასაბუთებულია იმ ვარაუდით, რომ სადავო ქონებაზე ყადაღის დადების გარეშე მშენებლობის ნებართვის აღების უფლების აღიარების (სარჩელის დაკმაყოფილების) შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება, რადგანაც, თუ უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადებაში მითითებული მიწის ნაკვეთები გასხვისდება, შემძენი გახდება კეთილსინდისიერი მესამე პირი და ამხანაგობა „ვ-ა 99-ს“ მის მიმართ მოთხოვნის უფლება აღარ ექნება. გარდა გასხვისებისა, გადაწყვეტილების აღსრულებას ასევე დააბრკოლებს მიწის ნაკვეთების ნებისმიერი ვალდებულებით დატვირთვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს აუცილებლობა გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობისათვის, ანუ ამ ღონისძიების გამოყენების გარეშე სამართალწარმოების მიზნების განხორციელებას ხელი შეეშლება ან შეუძლებელი აღმოჩნდება, ამასთანავე, უზრუნველყოფა უნდა იყოს მოსარჩელის სადავოდ ქცეული უფლების დაცვის ეფექტური საშუალება.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლებელი იქნება გადაწყვეტილების აღსრულება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოსარჩელე ითხოვს იმ ფაქტის აღიარებას, რომ მოსარჩელეს აქვს კორპუსის დასამთავრებლად პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის აღების უფლება. აღნიშნული სარჩელი წარმოადგენს აღიარებით სარჩელს და განსახილველ შემთხვევაში, მისი აღსრულება არ არის დაკავშირებული რაიმე სირთულეებთან, მით უმეტეს, ქონების დაყადაღებასთან. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელეს შეექმნება ის უპირატესობა, რომ პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის გაგრძელების ნებართვის ასაღებად აღარ დასჭირდება მოპასუხეთა თანხმობების მიღება. ადმინისტრაციული ორგანოები, ასეთი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, არ მოითხოვენ სხვა ამხანაგობის წევრთა თანხმობას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების სამართლებრივი ფუნქცია ამოიწურება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში მისი წარდგენით. სხვა დანიშნულება სადავო საკითხთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეიძლება გააჩნდეს. ამ თვალსაზრისით სრულიად გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მიერ განცხადებაში მოყვანილი ქონების დაყადაღების მართლზომიერება. მითითებული გადაწყვეტილების აღსრულება არანაირ კავშირში არ არის ჩამოთვლილი პირებისა და სხვა, მით უმეტეს, არამოპასუხის ქონების დაყადაღებასთან. აღნიშნული საკითხი შესაძლოა დასმულიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღძრული იქნებოდა მიკუთვნებითი სარჩელი, ან აღიარებითი სარჩელი მიმართული იქნებოდა უშუალოდ მოსარჩელის ქონებრივი უფლებების აღიარებისკენ.
გარდა აღნიშნულისა, ისიც უნდა აღინიშნოს,რომ მოცემულ შემთხვევაში, ამხანაგობა „ვ-ა 99“ განცხადებით მოითხოვდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას შემდეგ უძრავ ქონებებზე:
ა) 140.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ.თბილისი, ს-ის ქუჩა N6, საკადასტრო კოდი: .....; მესაკუთრეები: თ. მ-ე (პ/ნ ....) – 1/2 ნაწილი, ამხანაგობა „ს-ე 4/6“ – 1/2 ნაწილი;
ბ) 217.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ.თბილისი, ს-ის ქუჩა N4, საკადასტრო კოდი: ....., მესაკუთრეები: სახლთმფლობელობის თანამესაკუთრეთა და სახელმწიფოს საერთო საკუთრება, ამხანაგობა „ს-ე 4/6“;
გ) 458.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ.თბილისი, ს-ის I ჩიხის N3, საკადასტრო კოდი: ....., მესაკუთრე - ამხანაგობა „ს-ე 4/6“;
დ) 197.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ.თბილისი, ბ-ის ქუჩა N51ბ, საკადასტრო კოდი: ....., მესაკუთრე - ამხანაგობა „ს-ე 4/6“;
ე) 275.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ.თბილისი, ბ-ის II ჩიხის N1, საკადასტრო კოდი: ....., მესაკუთრეები: თ. გ-ი (პ/ნ .....) და ამხანაგობა „ს-ე 4/6“;
განსახილველ საქმეზე მოპასუხეებად დასახელებული არიან ამხანაგობა „ვ-ა 99-ის“ 20 წევრი, თუმცა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 აპრილის საოქმო განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება გ. ა-ის, თ. გ-ისა, თ. ნ-ისა და ნ. ქ-ის მიმართ, შესაბამისად, მოპასუხეთა წრე, ვის მიმართაც საქალაქო სასამართლომ განიხილა საქმე შედგება შემდეგი პირებისაგან: მ. ჭ-ა, თ. მ-ი, დ. ბ-ე, მ. კ-ი, ო. კ-ე, კ. ა-ა, დ. დ-ა, ე. დ-ა, თ. ს-ი, ნ. ყ-ი, დ. ქ-ა, ნ. ა-ე, ს. ი-ი, ნ. ჩ-ე, თ. მ-ე, თ. გ-ი;
სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე დართული საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, N.... უძრავი ქონების 1/2-ის მესაკუთრეა ამხანაგობა „ს-ე 4/6“, ხოლო 1/2-ის - თ. მ-ე;
N.... უძრავი ქონება თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნით ამავე ამხანაგობას, სახლთმფლობელობის თანამესაკუთრეებსა და სახელმწიფოს;
N...., N.... უძრავი ქონებები - ამხანაგობა „ს-ე 4/6-ს“;
N.... უძრავი ქონებიდან I სართული, საერთო ფართობი 69,70 კვ.მ-დან 1/2 ნაწილი და II სართული საერთო ფართობით 102,45 კვ.მ რეგისტრირებულია ამხანაგობა „ს-ე 4/6-ის“, ხოლო I სართული, საერთო ფართობი 69,70 კვ.მ-დან 1/2 ნაწილი - თ. გ-ის საკუთრებად;
N..... ქონების 1/2 ნაწილიდან 9/10 რეგისტრირებულია მ. ჭ-ას, 1/2 - თ. მ-ის, ხოლო 1/2 ნაწილიდან 1/10 - ბ. მ-ის საკუთრებად;
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის განჩინების თაობაზე საჩივარი წარადგინეს ამხანაგობა „ს-ე 4/6“-ის თავმჯდომარე თ. მ-მა და ამავე ამხანაგობის წევრთა წარმომადგენელმა თ შ-მა;
არც თ. მ-ი და არც თ. შ-ი თ. მ-ისა და თ. გ-ის ინტერესების დამცველ პირებს არ წარმოადგენენ;
უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე წარდგენილი საჩივრით მოთხოვნილია ყადაღის მოხსნა ამხანაგობა „ს-ე 4/6-ის“ შემდეგ უძრავ ქონებაზე: N....; N....; N....; N...., ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო პალატის 2013 წლის 15 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე „ე“ ქვეპუნქტით თ. გ-ის სახელზე რიცხულ ქონებაზე დადებული ყადაღის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ამხანაგობა „ვ-ა 99-სა“ და მის წევრებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებზე:
თ ს-თან, თ. მ-თან, დ. ბ-სთან, ნ. ყ-თან, თ. გ-თან, მ. ჭ-ასთან და მ. კ-თან დადებული ხელშეკრულებების 4.5 მუხლის თანახმად, ამხანაგობის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე და მასზე არსებულ ნაგებობაზე არავითარი მატერიალური პრეტენზია „ამხანაგობას“ არ აქვს და იგი რჩება მესაკუთრის საკუთრებაში. ანალოგიურ დათქმას შეიცავს ნ. ჩ-სთან დადებული ხელშეკრულების 4.6 პუნქტი, ს. ი-თან და კ. ა-ასთან დადებული ხელშეკრულების 4.5 პუნქტი, ასევე ო. კ-სთან დადებული ხელშეკრულების 4.5 პუნქტი. რიგ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებები მიუთითებენ, რომ წევრების მიერ შეტანილი შენატანი - უძრავი ქონება რჩება წევრების საკუთრებაში (მაგ: იხ. საქმეში თ. გ-სა და ამხანაგობა „ვ-ა 99-ს“ შორის 2004 წლის 17 მაისს დადებული ხელშეკრულების 2.1; 4.2 და 4.5 პუნქტები; ამხანაგობა „ვ-ა 99-სა“ და თ. მ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.3 პუნქტი და სხვა).
მოსარჩელე ამხანაგობასა და მოპასუხეებს შორის დადებული არც ერთი ხელშეკრულება არ შეიცავს დათქმას წევრის შენატანის „ვ-ა 99-ის“ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე;
საქმეში ასევე წარმოდგენილია ერთობლივი საქმიანობისა და ამხანაგობა „ს-ე 4/6-ის“ დაფუძნების ხელშეკრულება, რომლის 4.2 პუნქტის თანახმად, ამხანაგობის იმ წევრებს, რომლებსაც ამხანაგობაში შეაქვთ ქონებრივი შენატანი მიწისა და შენობა-ნაგებობების სახით, შენატანი სრული მოცულობით განხორციელებულად ჩაეთვლებათ ამ ქონების ამხანაგობის საერთო საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან;
ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესწავლით დასტურდება, რომ N.... უძრავი ქონება ამხანაგობა „ს-ე 4/6-ს“ საკუთრებაში გადასცა ნ. ყ-მა, N.... მიწის ნაკვეთი - დ. ბ-მ, დ. ქ-ამ, თ. ს-მა, თ. მ-მა და მ. კ-მა, N.... მიწის ნაკვეთი - ე. დ-ამ, დ. დ-ამ და ნ. ჩ-მ, N.... მიწის ნაკვეთი - კ. ა-ამ, ო. კ-მ და ნ. ა-მ, ხოლო N.... მიწის ნაკვეთი - მ. ჭ-ამ;
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 932-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ამხანაგობაში შენატანის შეტანის ვალდებულება, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით დადგენილია წევრთა შენატანების სამართლებრივი სტატუსი, კერძოდ, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შესატანები წარმოადგენს მონაწილეთა საერთო საკუთრებას. მონაწილეთა საერთო საკუთრებას შეადგენს ისიც, რაც შეძენილია საერთო საკუთრებაში არსებული უფლების საფუძველზე, ანდა მიღებულია ანაზღაურების სახით საერთო ქონების განადგურების, დაზიანების ან ამოღების გამო.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამხანაგობა „ვ-ა 99-ის“ წევრებს შენატანზე საკუთრების უფლება ამხანაგობისათვის არ გადაუციათ, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქმეში არ არის წარმოდგენილი სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებული ამხანაგობა „ვ-ა 99-ის“ საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტი - საჯარო რეესტრის ამონაწერი, რაც დაადასტურებდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მომთხოვნი მხარის უფლებას განცხადებაში მითითებულ ქონებაზე, აღნიშნულის საპირისპიროდ, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობას ერთვის საჯარო რეესტრის ამონაწერები, რომლებითაც, რიგ შემთხვევაში, დასტურდება ამხანაგობა „ს-ე 4/6-ის“ საკუთრება, ხოლო ზოგიერთ ქონებაზე ამავე ამხანაგობის თანასაკუთრება ფიზიკურ პირებთან;
განსახილველი საქმის ფარგლებში მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს მოპასუხეების მიერ ამხანაგობა „ს-ე 4/6-ის“ საკუთრებაში უძრავი ქონების გადაცემა.
მოცემულ საქმეზე მოპასუხეს ამხანაგობა „ს-ე 4/6“ არ წარმოადგენს, ხოლო ამ ამხანაგობის ის წევრები, რომლებიც ამავდროულად ამხანაგობა „ვ-ა 99-ის“ წევრები არიან, „ს-ე 4/6-ის“ სრულ შემადგენლობას არ ქმნიან.
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ობიექტზე საკუთრების უფლების სწორად განსაზღვრა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ამ სახის გამოყენების საკანონმდებლო დათქმას წარმოადგენს ის, რომ ქონება უნდა ეკუთვნოდეს მოპასუხეს მიუხედავად იმისა, უზრუნველყოფის ობიექტი მესაკუთრის ფაქტობრივ მფლობელობაში იმყოფება თუ არა.
როგორც უკვე აღინიშნა, ამხანაგობა „ს-ე 4/6“ გამოყენებული ყადაღის გაუქმებას მოითხოვს მხოლოდ N....; N....; N....; N.... უძრავ ქონებებზე იმ საფუძვლით, რომ წინამდებარე საქმეზე იგი მოპასუხეს არ წარმოადგენს, შესაბამისად, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი დაეკმაყოფილებინა ამხანაგობა „ვ-ა 99-ის“ შუამდგომლობა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საჩივრის ავტორის ამ არგუმენტს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი, შესაბამისად, სახეზეა განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.
ამასთანავე, პალატა ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დათქმაზე, რომ საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში და, ვინაიდან, ამხანაგობა „ს-ე 4/6-ის“ მოთხოვნას არ წარმოადგენს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება საჩივრის ავტორისა და თ. მ-ის თანასაკუთრებაში არსებულ 140,00 კვ.მ უძრავ ქონებაზე (N.....), ასევე „ს-ე 4/6-ის“ დირექტორი და ამხანაგობის წევრთა წარმომადგენელი თ.შ-ი არ წარმოადგენენ თ. გ-ის საპროცესო უფლებების დაცვაზე უფლებამოსილ პირებს, მიიჩნევს, რომ არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს და შეფასება მისცეს გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას ზემოაღნიშნულ ქონებებზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ნაწილში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ოქტომბრის განჩინება, ასევე 2013 წლის 11 ნოემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ყადაღა დაედო:
ა) ქ.თბილისში, ს-ის ქუჩა N4-ში მდენარე 217.00 კვ.მ N.... უძრავ ქონებას;
ბ) ქ.თბილისში, ს-ის პირველი ჩიხის N3-ში მდებარე 458.00 კვ.მ N.... უძრავ ქონებას;
გ) ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა N51ბ-ში მდებარე 197.00 კვ.მ N.... უძრავ ქონებასა და
დ) ქ.თბილისში, ბ-ის მე-2 ჩიხის N1-ში მდებარე 275.00 კვ.მ N.... უძრავი ქონებიდან ამხანაგობა „ს-ე 4/6-ის“ კუთვნილ წილს - შენობის პირველ სართულზე მდებარე 69,70 კვ. მეტრის საერთო ფართიდან 1/2 ნაწილსა და მე-2 სართულზე მდებარე 102,45 კვ. მეტრს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ამხანაგობა „ს-ე 4/6-ის“ საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ოქტომბრისა და 2013 წლის 11 ნოემბრის განჩინებები იმ ნაწილში რომლითაც ყადაღა დაედო:
ა) ქ.თბილისში, ს-ის ქუჩა N4-ში მდენარე 217.00 კვ.მ N.... უძრავ ქონებას;
ბ) ქ.თბილისში, ს-ის პირველი ჩიხის N3-ში მდებარე 458.00 კვ.მ N.... უძრავ ქონებას;
გ) ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა N51ბ-ში მდებარე 197.00 კვ.მ N.... უძრავ ქონებასა და
დ) ქ.თბილისში, ბ-ის მე-2 ჩიხის N1-ში მდებარე 275.00 კვ.მ N.... უძრავი ქონებიდან ამხანაგობა „ს-ე 4/6-ის“ კუთვნილ წილს - შენობის პირველ სართულზე მდებარე 69,70 კვ. მეტრის საერთო ფართიდან 1/2 ნაწილსა და მე-2 სართულზე მდებარე 102,45 კვ. მეტრს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე