საქმე №ას-204-191-2014 20 ოქტომბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი: ი. გ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე: მ. მ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ-ის მიმართ .... წლის ... მარტს დაბადებული ლ. გ-ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
მხარეები იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ შვილი – ლ. გ-ი.
ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოპასუხე ბავშვის აღზრდაში მონაწილეობას არ იღებს. იგი ინდივიდუალური მეწარმეა, გააჩნია ძვირადღირებული ქონება და სტაბილური შემოსავალი, ხოლო მოსარჩელე უმუშევარია.
მოპასუხემ სარჩელი ალიმენტის სახით ყოველთვიურად მხოლოდ 50 ლარის გადახდის ნაწილში ცნო და მიუთითა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიტანა სერიოზული ოპერაცია. აღნიშნულის შედეგად, იგი მეწარმეობას აღარ ეწევა და საჭიროებს ძვირადღირებულ მკურნალობას. ამასთან, მ.მ-ი არჩენს ასაკოვან მშობლებს, მეუღლეს და შვილს. შესაბამისად, მეტი თანხის ანაზღაურების შესაძლებლობა მას არ გააჩნია.
გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს არასრულწლოვანი ლ. გ-ის სარჩენად 2013 წლის 10 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე დაეკისრა ყოველთვიურად 80 ლარის ანაზღაურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ი. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს არასრულწლოვანი ლ. გ-ის სარჩენად 2013 წლის 10 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე დაეკისრა ყოველთვიურად 120 ლარის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ი. გ-სა და მ. მ-ს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი – .... წლის ... მარტს დაბადებული ლ. გ-ი. უდავოა, რომ არასრულწლოვანი ლ. გ-ი იზრდება დედასთან, ი. გ-თან.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2013 წლის 1 ივლისს გაცემული №112167 წერილით დასტურდება, რომ 2003 წლის 25 აგვისტოდან მ. მ-ი რეგისტრირებულია გორის საგადასახადო ინსპექციაში როგორც ინდივიდუალური მეწარმე.
მოპასუხემ წარადგინა მის მიერ შემოსავლების სამსახურის სახელზე 2013 წლის 12 აგვისტოს შედგენილი განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი 2013 წლის 9 აგვისტოდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის საფუძველზე წყვეტდა ეკონომიკურ საქმიანობას, თუმცა საქმის მასალებით არ დგინდება, კონკრეტულად რა იურიდიული შედეგები მოჰყვა მ. მ-ის აღნიშნულ განცხადებას. რაიმე მტკიცებულება, რაც ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მიუთითებდა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2013 წლის 11 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მ. მ-მა განმარტა, რომ იგი ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას, კერძოდ, ჰქონდა მობილური ტელეფონების მაღაზია, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღნიშნული საქმიანობა სხვას გადააბარა. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მ. მ-ი აღარ იღებს შემოსავალს სამეწარმეო საქმიანობიდან, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის.
გორის რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა ის ფაქტი, რომ მ. მ-ს გააჩნია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ გარკვეული სახის სამუშაოების შესრულების შეუძლებლობა.
მ. მ-ის განმარტებით დგინდება, რომ მას მინიჭებული არ აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა და სააპელაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ, როგორც მოსარჩელეს, ასევე მოპასუხეს გააჩნდა სარჩელის შემოტანის დროისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალება.
მ. მ-ს ლ. გ-ის გარდა ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, ... წლის .. მაისს დაბადებული რ. მ-ი და.... წლის ... ნოემბერს დაბადებული ს. მ-ი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ მ. მ-ი არჩენს მეუღლეს და შვილს, ხოლო მოპასუხის მშობლები მის კმაყოფაზე არ იმყოფებიან. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის შემდგომ, .... წლის ... ნოემბერს, მოპასუხეს შეეძინა შვილი – ს. მ-ი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტი ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით არაგონივრულია, ვინაიდან ვერ უზრუნველყოფს ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ, მინიმალურ მოთხოვნებს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ გონივრულად და სამართლიანად მიიჩნია ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის 120 ლარით განსაზღვრა.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით, 1212-ე მუხლით და მიუთითა „ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაზე, რომლითაც აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია, იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. „ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის“ მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნასა და, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. კანონმდებლობით განსაზღვრულია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები და ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე.
მოცემულ შემთხევაში, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, პალატამ გონივრულად და სამართლიანად მიიჩნია ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტი განისაზღვროს 120 ლარით.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ი. გ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 352-ე და 354-ე მუხლები, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
კანონმდებელი გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზად მოსარჩელის მიერ მტკიცებულების წარუდგენლობაზე მითითებას და სასამართლოს უფლებას აძლევს, თავისი ინიციატივით დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებანი და გამოითხოვოს მტკიცებულებანი.
მართალია, პირველი ინსტანციისაგან განსხვავებით, სააპელაციო პალატამ მტკიცების ტვირთი სამართლიანად გადაანაწილა, მაგრამ არა იმდაგვარად, რასაც საალიმენტო საქმე მოითხოვდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი საოჯახო საქმეების განსახილველად განსხვავებულ წესებს ადგენს, სწორედ ამ თავისებურებების გათვალისწინებით უნდა განხილულიყო ეს დავაც. დაუშვებელია საოჯახო დავების განხილვისას მოსამართლემ მტკიცების ტვირთი გაანაწილოს ისე, როგორც სამეწარმეო, სანივთო ან სხვა ქონებრივი შინაარსის დავის განხილვისას.
სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მოვალეს ვალდებულების შესრულება მხოლოდ მისი ქონებრივი მდგომარეობის პროპორციულად უნდა დაეკისროს და არა ვალდებულების მოცულობის მიხედვით. სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოსარჩელის ეს პოზიცია, მაგრამ არასწორად განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა.
არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მოპასუხის მიერ შვილის რჩენის ვალდებულებას გააქარწყლებს, რამეთუ მოპასუხეს შვილის სარჩენი ალიმენტი უნდა დაეკისროს შვილის რჩენის საჭიროებების და არა მისი ფინანსური მდგომარეობის პროპორციულად.
სასამართლომ გამოიჩინა პასიურობა და არ მიმართა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, არ მიაქცია ყურადღება მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს, არ დაუსვა შეკითხვა მოპასუხეს და არ გამოიკვლია შესაბამისი გარემოებანი, არ მისცა მათ სამართლებრივი შეფასება. სასამართლომ დადასტურებულად ცნო ის ფაქტი, რომ მოპასუხე ინდივიდუალური მეწარმეა, მაგრამ არ მოსთხოვა მოპასუხეს ინდივიდუალური მეწარმეობით მიღებული შემოსავლების დამადასტურებელი მტკიცებულებანი. ასევე არ გამოიკვლია, რატომ ემთხვევა მის მიერ ავტომობილის სხვაზე გადაფორმება საქმის განხილვის ეტაპს. რატომ და რა შემოსავლით შეიძინა მისმა შრომისუუნარო მამამ ბინა გორის ცენტრში და რატომ ცხოვრობს მოპასუხე მამის ბინაში, თუკი ეს ბინა ფაქტობრივად მისი საკუთრება არ არის.
სასამართლომ არ გამოიკვლია ჰყავს თუ არა მას პირად საკუთრებაში ავტომობილი.
სააპელაციო პალატამ ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად 120 ლარი არასწორად დაადგინა.
აღნიშნული ოდენობა არა მარტო ბავშვის უფლებების კონვენციით, არამედ ქართული სტანდარტებითაც შვილის რჩენისთვის არასაკმარისია, რაც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და მტკიცებას არ საჭიროებს.
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონედ სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია მოპასუხის, როგორც ინდივიდუალური მეწარმის შემოსავლების ოდენობა და არასწორად არ გამოიკვლია იგი.
მოსარჩელის შუამდგომლობის მიუხედავად, სასამართლომ არ გამოითხოვა ასეთი ინფორმაცია და მიზეზად მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ მიუმართავს და არ მიუღია უარი ინფორმაციის გაცემაზე. რელურად ასეთი უარი უკვე არსებობდა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას. ასეც რომ არ ყოფილიყო, სასამართლო ვალდებული იყო, თავისი ინიციატივით დაედგინა ეს ფაქტობრივი გარემოება და გამოეთხოვა შესაბამისი მტკიცებულება, ან სულაც მათი წარმოდგენა მოპასუხისათვის დაევალებინა.
სასამართლოს უარი უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის გამოთხოვაზე მხოლოდ ფორმალური საბაბით დაუშვებელია, რადგანაც საოჯახო საქმეთა განხილვისას, კანონი იცნობს „აქტიურ სასამართლოს“, მოსამართლე აღჭურვილია ერთგვარი „ინკვიზიციური უფლებამოსილებებით“ და აქვს უფლება, გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, ისეთიც, რაზეც მხარეებს საერთოდ არ მიუთითებიათ.
სასამართლოს შეეძლო, თავადაც ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, თუ რამდენი აქვს შემოსავალი მოპასუხეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მხულის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
როგორც საკასაციო საჩივრის შინაარსიდან ირკვევა, კასატორის პრეტენზიები ძირითადად ეძღვნება სასამართლოს მხრიდან საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევას, რაც გამოიხატა ერთის მხრივ საქმეში არსებული მტკიცებულებების არასწორ შეფასებაში, ხოლო მეორეს მხრივ საოჯახო საქმეთა განხილვის საპროცესო კოდექსით დადგენილი სპეციალური ნორმების უგულვებელყოფაში. ამასთან, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 დეკემბრის საოქმო განჩინებას, რომლითაც აპელანტს უარი ეთქვა შემოსავლების სამსახურიდან მოპასუხის, როგორც გადასახადის გადამხდელის შემოსავლების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვაზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. არასრულწლოვანი შვილების რჩენის მოვალეობა განსაზღვრულია ასევე სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით.
როგორც წესი, არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, თუმცა, მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. მითითებული ნორმის ანალიზი გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ალიმენტის ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლებში მითითებულ იმ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, მოპასუხე მ. მ-ი წარმოადგენს ინდივიდუალურ მეწარმეს, საიდანაც აქვს გარკვეული შემოსავლები, თუმცა, მოსარჩელე არ აკონკრეტებს შემოსავლების ოდენობას. მოპასუხის სამეწარმეო საქმიანობის დასადასტურებლად, მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგენა საჯარო რეესტრის ამონაწერი, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე. ამდენად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ. მ-ი ინდივიდუალური მეწარმეა შედავებული არ არის და საკასაციო სასამართლოსათვის საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის ძალით სავალდებულოა. რაც შეეხება მ. მ-ის შემოსავლების ოდენობას, აღნიშნული გარემოების დასაკონკრეტებლად და დასადასტურებლად მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა შემოსავლების სამსახურიდან შესაბამისი მტკიცებულების გამოთხოვაზე. შუამდგომლობა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 აგვისტოს საოქმო განჩინებით არ დაკმაყოილდა იმ მოტივით, რომ მტკიცებულებათა წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას განეკუთვნება, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, რაც მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, სასამართლო გამოითხოვს მათ.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ზოგადი წესის მიხედვით, წერილობითი მტკიცებულებები თვითონ მხარეებმა უნდა წარუდგინონ სასამართლოს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარემ ვერ მიიღო წერილობითი მასალები ფიზიკური თუ იურიდიული პირისაგან, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს შუამდგლომლობით მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე. შუამდგომლობა წერილობითი მასალების გამოთხოვის შესახებ უნდა აღიძრას საქმის მომზადების სტადიაზე, ამასთან, შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა უნდა დაასაბუთოს, თუ საქმისათვის მნიშვნელოვანი რა გარემოების დადგენა შეიძლება ამ მტკიცებულებით და რას ეფუძნება მისი ვარაუდი, რომ მტკიცებულება მის მიერ მითითებული პირის ხელთაა (სსკ-ის 134-ე მუხლის მე-3 ნაწილი). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოპასუხის შემოსავლების შესახებ მტკიცებულებათა წარუდგენლობის მიზეზად მიუთითა ის გარემოება, რომ მოპასუხის, როგორც გადასახადის გადამხდელის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, რაც პრაქტიკულად გამორიცხავდა მის მოპოვებას. ამ ფაქტის დასადასტურებლად, მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარს დაურთო შემოსავლების სამსახურის წერილობითი უარი და კვლავ იშუამდგომლა შემოსავლების სამსახურიდან მტკიცებულებათა გამოთხოვაზე.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 დეკემბრის საოქმო განჩინებაში მოყვანილ დასკვნას აპელანტის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე., ვინაიდან, როგორც სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, მოსარჩელეს შემოსავლების სამსახურიდან სათანადო მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობა დაყენებული ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოშიც. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, შეეძლო თუ არა მოსარჩელეს თავად მოეპოვებინა მოპასუხის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია. საკასაციო პალატა მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა გადასახადის გადამხდელის სტატუსისა, სახელწოდებისა, მისამართისა, საიდენტიფიკაციო ნომრისა, საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაციისა, მისი საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მომენტიდან განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას. მოხმობილი ნორმის ანალიზი ცალსახად იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ გადასახადის გადამხდელის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, აქედან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის წერილობითი უარის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა სასამართლოს არ უნდა განეხილა როგორც საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლით გათვალისიწნებული ახალი მტკიცებულების წარდგენა, ვინაიდან ამგვარი უარის მიღება სასამართლოსთვის იმთავითვე ცხადი იყო საკანონმდებლო დანაწესის საფუძველზე. ასევე ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, თითქოს მხარეს არ გაუსაჩივრებია პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 26 აგვისტოს საოქმო განჩინება. საქმეში წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აპელანტი აღნიშნავს, რომ მისი შუამდგომლობის მიუხედავად სასამართლომ არ გამოითხოვა მოპასუხის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ფორმალური მიზეზით, რაც გამოიხატა სათანადო ორგანოდან წერილობითი უარის წარუდგენლობაში, იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი საოჯახო საქმეთა განხილვისათვის სასამართლოს აქტიურ როლს აკისრებს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში გამოთქმული ეს პრეტენზიები ერთმნიშვნელოვნად გაგებულ უნდა იქნეს, როგორც მხარის პროტესტი პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინებაზე.
ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სრულად დაიცვა საპროცესო კოდექსით გათვალისიწნებული შუამდგომლობის წარდგენისა და მისი გასაჩივრების წესები, რაც მართებულად არ იქნა შესაფასებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ. ამასთან, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის პრეტენზიას სპეციალური ნორმის _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. კასატორის მოსაზრება, იმის შესახებ, რომ მოცემული ნორმის საფუძველზე, სასამართლოს შეეძლო თავადაც მიეღო გადაწყვეტილება სადავო მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე, რაც ხელს შეუწყობდა დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენას, ემყარება საპროცესო სამართლის ნორმათა სწორ ანალიზს და გაზიარებულ უნდა იქნეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოითხოვოს მოპასუხის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია და მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად უნდა გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და საოქმო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე