№ას-1051-1006-2014 28 ნოემბერი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ო. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მოპასუხეების – შპს „გ-ისა“ და ო. ბ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 29 ნოემბრის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება: ყადაღა მოეხსნა: ა) ო. ბ-ის 100%-იან წილს შპს „გ-ში“; ბ) შპს „გ-ის“ იურიდიულ მისამართზე - ქ. ბათუმი, პ კ-ის ქ. №3, არსებულ შპს „გ-ის“ კუთვნილ მოძრავ ნივთებს; გ) ო. ბ-ის კუთვნილ, მისი რეგისტრაციის (ქ. ბათუმი, პ. მ-ის ქუჩის 3127, ბ. 17) მისამართსა და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილას (ქ. ბათუმი, ლ-ის ქ. №105/18) განთავსებულ მოძრავ ნივთებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. ბ-ს დაეკისრა 302904 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, როგორც სოლიდარულ მოვალეს, შპს „გ-თან“ ერთად, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2011 წლის 30 მარტის №747 ბრძანებისა და 2011 წლის 31 მარტის №68 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე წარმოშობილი აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ბ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 6000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
2014 წლის 29 ოქტომბერს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 10 დღით.
2014 წლის 4 ნოემბრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ბ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 6000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ამავე სასამართლოს 2014 წლის 4 ნოემბრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2014 წლის 4 ნოემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორის წარმომადგენელ ჯ. ქ-ს (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 127-128), რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 5 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 14 ნოემბერს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2014 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ომარ ბოლქვაძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე