საქმე №ას-1185-1130-2013 28 ნოემბერი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ე. წ-ი, ნ. ბ-ე, ა. წ-ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ო-ე, ბმა „ბ-ი-24“, მ. გ-ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. წ-მა, ა. წ-მა და ნ. ბ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბმა „ბ-ი 24-ისა“ და მ. გ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს შემდეგი სასარჩელო მოთხოვნით: ბათილად იქნას ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ბ-ი-24-ის“ 2008 წლის 3 ივნისის №11 კრების ოქმი და 2008 წლის ივლისის №14 ოქმი, რომელთა საფუძველზეც ქ. თბილისში, ბ-ის ქუჩა №24-ში მდებარე კორპუსის მიშენებული ლოჯის ქვეშ არსებული 30,90 კვ. მ სარდაფი საკუთრებაში გადაეცა მ. გ-ს, ხოლო 31,32 კვ. მ სარდაფი აღირიცხა ამხანაგობის საკუთრებად.
მოსარჩელეთა განმარტებით, კრების მოწვევის შესახებ ამხანაგობას მათთვის არ უცნობებია, სადავო კრების გადაწყვეტილებით მათი კუთვნილი ფართი აღირიცხა ამხანაგობის საკუთრებად, ხოლო მფლობელობაში არსებული 30,90 კვ.მ. სარდაფი საკუთრებაში გადაეცა მ. გ-ს, რომლისთვისაც მოსარჩელეს სარდაფი ქირით ჰქონდა გადაცემული.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ბ-ი-24-ის“ თავმჯდომარე ნ. მ-მა და მ. გ-მა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა კრების ოქმების ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა. კრება მოწვეული იქნა და გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. მოპასუხე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ბ-ი-24-ის“ თავმჯდომარე ნ. მ-მა სასამართლო სხდომაზე ასევე განმარტა, რომ მოსარჩელეებისათვის კრების მოწვევის შესახებ არ უცნობებია, ვინაიდან ისინი საქართველოში არ იმყოფებოდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ე. წ-ის, ნ. ბ-ისა დ ა. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებით ე. წ-ის, ნ. ბ-ისა დ ა. წ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნდა.
ე. წ-მა, ნ. ბ-მ და ა. წ-მა სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით მიმართეს. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მ. გ-სა და ზ. ო-ს შორის 2010 წლის 27 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც ზ. ო-ს საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა №24-ში მდებარე 30,90 კვ.მ სარდაფი. მათი განმარტებით, მ. გ-მა ფართი „ვითომ“ გაასხვისა თავის ნათესავზე, ამხანაგობას კი, გარიგებიდან სარგებელი არ მიუღია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. წ-ის, ნ. ბ-ისა და ა. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ბ-ი-24-ის“ 2008 წლის 3 ივნისის №11 კრების ოქმი (დამოწმების თარიღი: 05/06/2008; №1-4578), რომლის საფუძველზე ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა №24-ში მდებარე 30,90 კვ.მ სარდაფი, (საკადასტრო კოდი №.....) საკუთრებაში გადაეცა მ. გ-ს; ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ბ-ი-24-ის“ 2008 წლის ივლისის №14 ოქმი (დამოწმების თარიღი 24/07/2008 №1-5834), რომლის საფუძველზე ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა №24-ში მდებარე 31,32 კვ.მ სარდაფი (საკადასტრო კოდი №.....) საკუთრებაში გადაეცა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ბ-ი 24-ს“, ბათილად იქნა ცნობილი მ. გ-სა და ზ. ო-ს შორის 2010 წლის 27 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ზ. ო-ს საკუთრებაში გადაეცა ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა №24-ში მდებარე 30,90 კვ.მ სარდაფი.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ამხანაგობა ,,ბ-ი-24-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მ. გ-ისა და ზ. ო-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება შეიცვალა 2010 წლის 27 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე. წ-ის, ა. წ-ისა და ნ. ბ-ის სარჩელი 2010 წლის 27 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. ქ. თბილისში, ბ-ის ქუჩა №24-ში მცხოვრებ პირველი სადარბაზოს ერთოთახიან მობინადრეთა კრების 1992 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბ-ის ქუჩა №24-ის I სადარბაზოს ერთოთახიანი ბინის გვერდით ფასადზე მიშენებული პირველი სართულის ფართი 90კვ.მ მფლობელობაში გადაეცა ამავე სადარბაზოს №6 ბინაში მცხოვრებ თ. გ-ს (ტომი I, ს.ფ. 18);
2. ქ.თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებით ერთი პირის საწარმო ,,თ-ას“ დირექციას (თ. გ-ს) ნება დაერთო ლოჯიის ქვეშ თავისუფალი სივრცის ამოშენებაზე აღნიშნული ფირმის განსათავსებლად ისე, რომ არ შეზღუდულიყო მასში განთავსებული სამუსიკო სკოლის ინტერესები, კერძოდ დატოვებული ყოფილიყო სახანძრო დანიშნულების კარების მიმდებარე მილი, რომლის პროექტი შეთანხმებული უნდა ყოფილიყო არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის მთავარ სამმართველოსთან (ტომი I, ს.ფ. 20);
3. თ. გ-მ 1995 წელს ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა №24-ში კორპუსის გვერდით ფასადზე მიშენებული პირველი სართული ე. წ-ს მუდმივ მფლობელობაში გადასცა (ტომი I, ს.ფ. 30; 33-34);
4. ქ.თბილისის საბურთალოს რაონის გამგეობის 1996 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. წ-ის თხოვნა და ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა №24-ზე მიშენებული ლოჯის 90 კვ.მ. ფართობი, რომელიც ადრე დაკავებული ჰქონდა ფირმა ,,თ-ას“, მიჩნეულ იქნა საცხოვრებლად გამოსადეგად (ტომი I, ს.ფ. 34);
5. საქმეში წარმოდგენილი საბურთალოს სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის მიერ 1996 წლის 30 აგვისტოს საცხოვრებელ სადგომზე გაცემული №016446 ორდერის მიხედვით ე. წ-ის ოჯახს მიეცა საცხოვრებელი სადგომი ბ-ის ქუჩაზე, სახლი №24, პირველი სართული საერთო ფართობით 90 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 55 კვ.მ, ოთახების რაოდენობა - ორი, სამზარეულო იზოლირებული (ტომი I, ს.ფ. 35);
6. ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის 2008 წლის 2 ოქტომბრის 285/2-04 განკარგულებით ე. წ-ს, ა. წ-ს და ნ. ბ-ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცათ ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა №24-ში მდებარე ბინა №101 ფართით 90 კვ.მ. ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის საბინაო კომუნალურ განყოფილებას დაევალა საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა და დამოწმება (ტომი I, ს.ფ. 36);
7. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (მომზადების თარიღი 16/10/2008) ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა №24-ში მდებარე ბინა №101, 90 კვ.მ. (საკადასტრო კოდი №....... რეგისტრირებულია ე. წ-ის, ა. წ-ის და ნ. ბ-ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: საკუთრების უფლების მოწმობა №572, დამოწმების თარიღი: 02/10/2008, ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა (ს.ფ. 38);
8. საჯარო რეესტრში ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა №24-ში მდებარე ბინა №101, 90 კვ.მ. ე. წ-ის, ა. წ-ის და ნ. ბ-ის საკუთრებად რეგისტრირებულია ი/მ ა.გ-ის ,,ა-ს“ მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად, რომლის მიხედვით საერთო სასარგებლო ფართი შეადგენს 90 კვ.მ-ს. საერთო სარგებლობის ფართიდან 27,982 კვ.მ არის ბინის ქვეშ არსებული ფართი.
9. სადავო ფართის ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ აზომვითი ნახაზის მიხედვით, მოსარჩელეები ფლობენ ორ საცხოვრებელ ოთახს 25.00 და 30.00 კვ.მ.-ს ოდენობით, ასევე დამხმარე ფართს - 1.454 კვ.მ., 2.519 კვ.მ- ს და 3.045 კვ.მ-ს, სულ - 62.018 კვ.მ. ფართს (ადგილზე დათვალიერების ოქმი).
10. დადგენილია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ბ-ი 24-ის“ 2008 წლის ივლისის გადაწყვეტილებით (კრების ოქმი №14) ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა №24-ში მდებარე კორპუსის მიშენების ქვეშ მდებარე 31,32 კვ.მ სარდაფი (იგივე ფართი, რაც ,,ა-ის” მიერ შესრულებული აზომვითი ნახაზის მიხედვით შეადგენს 27.982 კვ.მ-ს) გადაეცა ამხანაგობას საკუთრებაში და სარდაფი საჯარო რეესტრში აღირიცხა ამხანაგობა ,,ბ-ი 24-ის“ საკუთრებად (საკადასტრო კოდი №.......; ამონაწერის მომზადების თარიღი: 17/06/2008), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ბ-ი 24“-ის კრების ოქმი, №1-5834 დამოწმების თარიღი 24.07.2008. (ტომი I, ს.ფ. 64; 67);
11. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 31,32 კვ.მ (აზომვითი ნახაზის მიხედვით 27.982 კვ.მ) სარდაფი, ზემოაღნიშნული კრების ოქმით, საჯარო რეესტრში აღრიცხულია ამხანაგობა ,,ბ-ი 24-ის“ საკუთრებად, ხოლო მოსარჩელეები პრეტენზიას აცხადებენ მითითებულ სარდაფზე და განმარტავენ, რომ საჯარო რეესტრში მათ საკუთრებაში რიცხული 90 კვ.მ მოიცავს სადავო სარდაფსაც.
12. მოსარჩელეები არ ფლობენ უძრავ ქონებას იმ ოდენობით, რაც საჯარო რეესტრში არის რეგისტრირებული მათ საკუთრებად. ისინი ფლობენ სულ 62.018 კვ.მ-ს. მოსარჩელეთა მფლობელობაში არსებული ფართის გვერდზე განთავსებულია სამუსიკო სკოლა (ადგილზე დათვალიერების ოქმი). აპელანტების განმარტებით, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ 90 კვ.მ. ფართში შესაძლებელია შედიოდეს ამავე სართულზე არსებული სამუსიკო სკოლის ფართი, ვინაიდან ფართის საცხოვრებლად ვარგისად აღიარების საკითხის შესწავლისას, გამგეობას არ შეუმოწმებია, ხომ არ ჰქონდა დაკავებული ე. წ-ს სამუსიკო სკოლის ფართის რომელიმე ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული მოსაზრება ემყარება ვარაუდს, არ არის დადასტურებული მტკიცებულებებით (სამუსიკო სკოლასა და მოსარჩელეებს შორის ფართთან დაკავშირებით დავის შესახებ) და შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.
13. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა №24-ში, ერთიდაიგივე ფართი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია როგორც ე. წ-ის, ა. წ-ის და ნ. ბ-ის საკუთრებად (90 კვ.მ.-დან 27,982 კვ.მ), ისე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ბ-ი-24-ის“ საკუთრებად (31,32 კვ.მ);
14. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ბ-ი 24-ის“ საერთო კრების 2008 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა №24-ში მდებარე კორპუსის მიშენების ქვეშ მდებარე 30,90 კვ.მ სარდაფი საკუთრებაში გადაეცა მ. გ-ს (ს.ფ. 59); ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ბ-ი-24-ის“ ამხანაგობის თავმჯდომარის ნ. მ-ის განმარტებით, ე. წ-ის, ა წ-ისა და ნ. ბ-ისათვის ამხანაგობის კრებების მოწვევის შესახებ წერილობითი შეტყობინებები არ გაუგზავნიათ (სხდომის ოქმი: 11/06/2010, ტომი I ს.ფ. 125; სხდომის ოქმი: 21/11/2012);
15. საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით ქ.თბილისში, ბ-ის ქუჩა №24 მდებარე 30.90 კვ.მ სარდაფი (საკადასტრო კოდი №......) რეგისტრირებული იყო მ. გ-ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ბინათმესაკუთერთა ამხანაგობა ,,ბ-ი 24-ის“ კრების ოქმი №11 №1-4578 დამოწმების თარიღი 05.06.2008, ხოლო 2010 წლის 27 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სარდაფი ზ. ო-ის საკუთრებად აღირიცხა (ტომი I, ს.ფ. 66; ტომი II ს.ფ. 147);
16. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ბ-ი-24-ის“ ამხანაგობის თავმჯდომარის განმარტებით, სარდაფი გაქირავებული ჰქონდათ მოსარჩელეებს (სხდომის ოქმი: 21/11/2012; 16:54:40). მოწმეთა - ნ. ბ-ის, მ. ბ-ის და ც. გ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ე. წ-ი აქირავებდა სადავო სარდაფს, აღნიშნული სარდაფი ასევე ნაქირავები ჰქონდა მ. გ-ს, რომელსაც შემდეგ ფართი საკუთრებაში გადაეცა.
სააპელაციო სასამართლომ გაიიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ბ-ი-24-ის“ 2008 წლის ივლისის N14 ოქმისა და 2008 წლის 3 ივნისის კრების N11 ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში.
სასამართლოს განმარტებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება მრავალმხრივი გარიგებაა და მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებული ნორმები გარიგებათა შესახებ. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ბ-ი-24-ის“ 2008 წლის ივლისის N14 ოქმის საფუძველზე განიკარგა მოსარჩელეთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული სარდაფი. შესაბამისად, სადავო კრების ოქმით შეილახა მოსარჩელეთა საკუთრების უფლება, რაც კანონს ეწინააღმდეგება.
რაც შეეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ბ-ი-24-ის“ 2008 წლის 3 ივნისის კრების N11 ოქმის კანონიერების საკითხს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებას იწვევს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე წელიწადში ერთხელ მაინც. აღნიშნული წესი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 27.4 მუხლის შესაბამისად, კრების მოწვევის შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს უნდა ეცნობოს წერილობით. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ყველა მესაკუთრის უფლებაა მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და შესაბამისად, ინფორმირებული იყოს კრების მოწვევის თაობაზე. მესაკუთრის ერთ-ერთი უმთავრესი უფლებაა ფლობდეს ინფორმაციას კრების მოწვევის თაობაზე, წინასწარ იცოდეს კრების მოწვევის დრო, ადგილი, განსახილველი საკითხის შინაარსი, რათა ჰქონდეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ამხანაგობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეები კრების მოწვევის თაობაზე ინფორმირებულნი არ ყოფილან, შესაბამისად, მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ ამხანაგობის საქმიანობაში და კრების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით დაეფიქსირებინათ პოზიცია.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას 2010 წლის 27 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლომ მ. გ-ის 2011 წლის 23 დეკემბრის საჩივრის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სარდაფს ფლობდა მ. გ-ი, არემონტებდა ბანკიდან მიღებული სესხით და სარდაფი წარმოადგენდა მისი შემოსავლის წყაროს. აღნიშნული გარემოებები კი მიუთითებდა ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებით ხასიათზე. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ, გარიგების მოჩვენებითი ხასიათის დადგენის მიზნებისათვის, პირველი ინსტანციის სასამართლო მხოლოდ მ. გ-ის განმარტებას დაეყრდნო და არ შეაფასა ზ. ო-ის 2013 წლის 23 დეკემბრის საჩივარში მითითებული განმარტებები. ზ. ო-მ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, რადგანაც უძრავი ქონების დაყადაღებით მას ადგებოდა ზიანი, ხელი ეშლებოდა სარდაფის მოსაპირკეთებელი სამუშაოების წარმოებაში და შემდგომ საქმიანობაში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხოლოდ მ. გ-ის განმარტება არ არის საკმარისი მტკიცებულება გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის, მაშინ, როდესაც მესაკუთრის - ზ. ო-ის განმარტებაში იმგვარი მითითება, რაც სასამართლოს დასკვნას გაამყარებდა, არ არის წარმოდგენილი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოჩვენებითი გარიგების დროს მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარავად გამოიყენება. იმ მიზნით, რომ კრედიტორების დაკმაყოფილებას გაექცეს, მოვალე ვითომ ყიდის ან ჩუქნის ქონებას. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი. მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება მ. გ-ისა და ზ. ო-ის ერთობლივად, საერთო მიზნითა და განზრახვით მოქმედების ფაქტი.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მ. გ-ისათვის ცნობილი იყო, რომ სადავო ფართი ე. წ-ის ოჯახს უნდა გადასცემოდა. მან სადავო ფართი მოიშორა. მოჩვენებითი გარიგებისათვის სავალდებულო არაა, რომ შემძენი და გამყიდველი საერთო განზრახვით მოქმედებდნენ. შესაძლებელია, რომ მ. გ-ი ზ. ო-ს ატყუებდა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მ. გ-ის აღიარება საკმარისი მტკიცებულება არ იყო გარიგების ბათილად ცნობისათვის. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება ვერაფრით გააქარწყლა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. წ-ის, ა. წ-ის და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
გარდა ამისა, საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (750 ლარის) 70% – 525 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. წ-ის, ა. წ-ის და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორებს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე 20.11.13 წლის N1 საგადახდო დავალებით თ. ტ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარისა და 21.01.14 წლის N55 საგადახდო დავალებით თ. ტ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 450 ლარის, სულ 750 ლარის, 70% – 525 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე