საქმე№ას-1187-1129-2014 25 ნოემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „მ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. პ. ჯ-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება
დავის საგანი – ხელშეკრულების მოშლილად აღიარება, მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს „მ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს. პ. ჯ-ას“ მიმართ ხელშეკრულების მოშლილად აღიარებისა და მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „მ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. პ. ჯ-ას“ წარმომადგენელმა ნ. შ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს. პ. ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამრთლოს 2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება. შპს „მ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შპს „მ-ს“ შპს „ს. პ. ჯ-ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 3 600 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს „მ-მა“ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მ-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შპს „მ-ი“-ს დირექტორი ა. ბ-ი ესწრებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების გამოცხადებას (იხ. ს.ფ.325). დადგენილია ასევე, რომ შპს „მ-ი“-ს წარმომადგენელმა, რ. გ-მ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 08 ოქტომბერს, ანუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 26-ე დღეს, მიმართა განცხადებით საქმის მასალების გაცნობისა და, საჭიროების შემთხვევაში, მასალების ქსეროასლების გადაღების თაობაზე (იხ. ს.ფ. 343). ამავე განცხადებაში, შპს „მ-ი“-ს წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მას სურდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მისთვის გადაცემა. ამავე განცხადების ბოლოში განმცხადებელი აცხადებს, რომ ჩაიბარა მოთხოვნილი დოკუმენტი, რომელიც შედგებოდა 12 ფურცლისაგან. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შედგება 12 ფურცლისაგან (იხ. ს.ფ. 329-342).
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო ასკვნის, რომ შპს „მ-ი“-ს წარმომადგენელმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით გათვალისწინებული წესით და ვადაში, 2014 წლის 08 ოქტომბერს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
ამავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
იმის გათვალისწინებით, რომ შპს „მ-ის“ წარმომადგენელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება ჩაბარდა 2014 წლის 08 ოქტომბერს, მისთვის საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 09 ოქტომბერს და ამოიწურა 2014 წლის 29 ოქტომბერს 24 საათზე. ხოლო როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შპს „მ-ი“-ს დირექტორმა ა. ბ-მა საკასაციო საჩივარი წარადგინა 2014 წლის 03 ნოემბერს, ანუ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი 21 დღიანი ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „მ-ი“-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. სსსკ 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „მ-ი“-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, მხარეს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 03 ნოემბრის N1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 4 500.00 (ოთხი ათას ხუთასი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე, 285-ე მუხლებით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „მ-ი“-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. შპს „მ-ს“ (ს/კ .......) დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2014 წლის 03 ნოემბრის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 4 500.00 (ოთხი ათას ხუთასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ნ. ბაქაქური