საქმე №ას-624-592-2014 28 ნოემბერი, 2014 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - თ. ს-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ბ-ა (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - თ-ზ ს-ე
მესამე პირები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მ. ს-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მემკვიდრედ ცნობა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ-ზ და თ. ს-ების მიმართ გარდაცვლილი შ. ს-ის მეუღლე თ. ს-ის სახელზე 2012 წლის 28 დეკემბერს გაცემული ქ.თბილისში, დ-ს ქN2-ში მდებარე N4 შენობა-ნაგებობაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის 1/*2 ნაწილში ბათილად ცნობის, თ-ზ ს-ის შ. ს-ის პირველი რიგის მემკვიდრედ ცნობისა (სამკვიდრო ქონების 1/2-ის თანამესაკუთრედ აღიარება) და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მოთხოვნით. მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხე თ-ზ ს-სა და მ. შ-ას მ. ბ-ას დედის - მ-ა ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება. გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წლის 15 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი მოპასუხეებისათვის 11 431 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე. გადაწყვეტილება არც ნებაყოფლობით და არც იძულებით არ აღსრულებულა იმ მიზეზით, რომ მოპასუხეების სახელზე ქონება არ ირიცხებოდა და ამ გზით ისინი ყოველმხრივ არიდებენ თავს გადაწყვეტილების აღსრულებას.
მ-ა ბ-ა გარდაიცვალა 2009 წელს და მის უფლებამონაცვლეს (მემკვიდრეს) წარმოადგენს მოსარჩელე, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომაროების გამო, არ მიეცა შესაძლებლობა, წამოეწყო დავა მოვალე პირების წინააღმდეგ.
მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ თ-ზ ს-ე გარდაცვლილი შ. ს-ის პირველი რიგის მემკვიდრეა (შვილი). შ. ს-ის სამკვიდროს წარმოადგენს თანასაკუთრების უფლება ქ.თბილისში, დ-ს ქN2-ში მდებარე უძრავი ქონება. გარდაცვლილს ჰყავს მხოლოდ ორი პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე თ. ს-ე და შვილი - თ-ზ ს-ე.
შ. ს-ის სამკვიდრო გაიხსნა 1993 წლის 29 ოქტომბერს, მისმა მემკვიდრეებმა მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტიდან ფაქტობრივი ფლობით მიიღეს სამკვიდრო. 2012 წლის 28 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, თ-ზ ს-მ მამის სამკვიდრო მიიღო ფაქტობრივი ფლობით, ამასთანავე, მოწმობას ნათესაური კავშირის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად ერთვის თ-ზ და მ. ს-ების განცხადებები. აღნშნულით დასტურდება, რომ მოპასუხე თ-ზ ს-მ, როგორც გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრემ, 2005 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების თავიდან ასაცილებლად (რომელსაც 10-წლიანი ვადა აქვს აღსრულებისათვის), თავი აარიდა ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღრიცხვას და მთელი სამკვიდრო აღრიცხა 88 წლის დედის საკუთრებად.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს შემდეგი საფუძვლებით:
მოპასუხეთა განმარტებით, არასწორია სარჩელში მითითებული გარემოებები, რადგანაც, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების მიერ საქმის განხილვის შედეგად, გადასახდელი თანხის ოდენობა განსაზღვრულია 6 726 აშშ დოლარით, ეს გარემოება დასტურდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2002 წლის 25 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლითაც. დაკისრებული თანხის უმეტესი ნაწილი მ. შ-ამ გადაუხადა კრედიტორს, თუმცა ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი ხელწერილი მას ბ-ასგან არ მიუღია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 28 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობა N121368362 - სამკვიდრო ქონების ½-ის მიღების ნაწილში, რომლითაც გარდაცვლილი შ. ს-ის მეუღლე თ. ს-მ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, სრულად მიიღო მამკვიდრებლის უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისში, დ-ს ქუჩა №2-ში (ს.კ. ....., შენობა-ნაგებობა №4 ლიტ. „ა“), თ-ზ ს-ე ცნობილ იქნა ქ.თბილისში, დ-ს ქუჩა №2-ში (ს.კ. ....., შენობა-ნაგებობა №4 ლიტ. „ა“) მდებარე ქონების ½-ის მესაკუთრედ და შესაბამისი ცვლილება შევიდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერში.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 აპრილის განჩინებით თ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად ცნო, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2/1118-04) მ-ა ბ-ას სარჩელი მოპასუხეების: მ. შ-ასა და თ-ზ ს-ის მიმართ, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს მ-ა ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრათ 11 431 (თერთმეტი ათას ოთხას ოცდათერთმეტი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2005 წლის 10 თებერვალს. იმავე წლის 15 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, თუმცა გადაწყვეტილება არ აღსრულებულა. მოსარჩელის მითითებით, მოვალეები დაკისრებულ ვალდებულებას ნებაყოფლობით არ ასრულებენ, ამასთან, ვერ ხერხდება იძულებითი აღსრულებაც, რადგან მოვალეთა სახელზე არ ირიცხება ქონება, ხოლო თ-ზ ს-ე შეგნებულად არ ირეგისტრირებს 1993 წლის 29 ოქტომბერს გარდაცვლილი მამის – შ. ს-ის სამკვიდრო უძრავი ქონებიდან ფაქტობრივი ფლობით საკუთრებაში მიღებულ წილს, რათა ამ ქონებაზე არ მოხდეს აღსრულების მიქცევა.
მ. ბ-ა 2009 წლის 19 სექტემბერს გარდაცვლილი კრედიტორ მ-ა ბ-ას შვილი, ამ უკანასკნელის პირველი რიგის მემკვიდრე და სადავო სამართალურთიერთობებში მისი უფლებამონაცვლეა.
თ-ზ ს-ე და მ. ს-ე არიან შ. ს-ისა და თ. ს-ის შვილები.
1959 წლის 15 ივნისს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, შ. ს-მ ა. კ-ისგან შეიძინა ქ.თბილისში ლენინის რაიონში კპრ. მშენ. დ-ს ქ№2-ში მდებარე უძრავი ქონება (აშენებული მიწის ნაკვეთზე ზომით 162 კვ.მ).
1993 წლის 29 ოქტომბერს გარდაიცვალა მამკვიდრებელი შ. ს-ე, რომლის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო. სამკვიდრო ქონებას შეადგენდა ქ.თბილისში, დ-ს ქუჩა №2-ში მდებარე უძრავი ქონებიდან მამკვიდრებლის კუთვნილი წილი. მამკვიდრებელს დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები: მეუღლე თ. ს-ე და შვილები: თ-ზ ს-ე და მ. ს-ე.
შ ს-ის გარდაცვალების შემდეგ თ. ს-ს, თ-ზ ს-სა და მ. ს-ს კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ ნოტარიუსისათვის სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. ამასთან, თ-ზ ს-ე და თ. ს-ე ფაქტობრივი ფლობით დაუფლებული იყვნენ სამკვიდრო ქონებას, რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული მტკიცებულებებით. მოპასუხეებს პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელის ამ ფაქტობრივი საფუძვლის საწინააღმდეგო გარემოებებზე არ მიუთითებიათ და არც რაიმე მტკიცებულება წარუდგენიათ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე არ იქნა გაზიარებული სააპელაციო საჩივარში მითითებული ახალი ფაქტი, რომ სადავო სამკვიდრო ქონება წარმოადგენდა მეუღლეების – შ. და თ. ს-ების თანასაკუთრებას.
2007 წლის 8 აგვისტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო №012007115778 განცხადება (დაინტერესებული პირი თ-ზ ს-ე, პ/ნ ...., მესაკუთრე შ. ს-ე, მისამართი დ-ს ქ№2, მესაკუთრე შ. ს-ე) დ-ს ქ№2-ში მდებარე უძრავ ნივთზე (ზონა: თბილისი, სექტორი: ნაძალადევი) საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე. 2007 წლის 10 აგვისტოს წარმოება შეჩერდა და ხარვეზის გამოსასწორებლად მოთხოვნილ იქნა საინვენტარიზაციო გეგმისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ.ვერსიების წარდგენა. შემდგომში კვლავ შეჩერდა წარმოება იმ მიზეზით, რომ აზომვით ნახაზზე მითითებული მიწის ფართი აღემატებოდა უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებულ მიწის ნაკვეთის ფართს, შესაბამისად, განმცხადებელს დაევალა ზედმეტ მიწის ფართზე უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა და 2007 წლის 24 ოქტომბერს წარმოება შეწყდა ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
2012 წლის 28 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, თ. ს-ე არის მამკვიდრებელ შ. ს-ის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრე - მეუღლე, რაც დასტურდება ქორწინების მოწმობით. თ. ს-მ, როგორც კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება.
2013 წლის 8 აგვისტოს ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ქ.თბილისში, დ-ს ქN2-ში მდებარე N4 შენობა-ნაგებობის (ლიტ. „ა“-ში) მესაკუთრედ რეგისტრირებულია თ. ს-ე.
გაზიარებულ იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ მესამე პირ მ. ს-ს სამკვიდრო არ მიუღია და არც სამკვიდროს მიღებაზე უდავია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, სრულად იქნა გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სამკვიდრო უძრავი ქონება ფაქტობრივი ფლობით, თანაბარწილად მიღებული ჰქონდათ თ. ს-სა და თ-ზ ს-ს, ამასთან, ამ უკანასკნელმა მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ნივთის კუთვნილი წილი არ დაირეგისტრირა თავის სახელზე, რათა თავიდან აერიდებინა, მოსარჩელის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით, ამ უძრავ ნივთზე აღსრულების მიქცევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ასევე მართებულად არ იქნა გათვალისწინებული თ-ზ ს-ის განმარტება, რომ მან უარი თქვა სამკვიდრო წილის მიღებაზე, რადგან სამკვიდრო წილის მიღება ან ასეთზე უარის თქმა უნდა მომხდარიყო სამკვიდროს მიღებისთვის კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში, თ-ზ ს-ს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ხსენებულ ვადაში მის მიერ ამ მოქმედების განხორციელებას.
სააპელაციო პალატა ასევე დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას და მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოლეგიამ დადგენილ გარემოებებს სწორად შეუფარდა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 539-ე, 540-ე, 542-ე, 556-ე მუხლები და მათ საფუძველზე მართებულად დაასკვნა, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობებიც.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ს-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და თ.ს-ის მიერ შ.ს-ის სამკვიდროს სრულად მიღების თაობაზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის აღდგენა (სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა) შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ სამკვიდრო ქონება შეძენილია კასატორისა და მისი გარდაცვლილი მეუღლის მიერ. თ.ს-ს, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს, უფლება აქვს, გაასხვისოს, ნებისმიერი სახით განკარგოს ქონება, საკუთარ სიცოცხლეში შვილს არ მისცეს სამკვიდროდან წილი, მისი სურვილია კუთვნილი ქონება სხვა პირს უანდერძოს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ შვილები შეძლებენ სავალდებულო წილის სასამართლო წესით მიღებას.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ არის ინვალიდი, პენსიონერი და მისი პენსია 150 ლარია, რითაც საჭირო მედიკამენტების შეძენასაც ვერ უზრუნველყოფს, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ივნისის განჩინებით თამარ საბანაძე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა თამარ საბანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. ს-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
რაც შეეხება მ. ბ-ას მიერ 2014 წლის 3 ოქტომბრის წარმოდგენილ Nა-3046-14 განცხადებაზე დართულ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ეს მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს მათ წარმომდგენს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ეს მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული რაც საკასაციო პალატის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ბ-ას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 3 ოქტომბრის წარმოდგენილ Nა-3046-14 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 12 (თორმეტი) ფურცლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. მ. ბ-ას დაუბრუნდეს 2014 წლის 3 ოქტომბრის წარმოდგენილ Nა-3046-14 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 12 (თორმეტი) ფურცლად
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე