საქმე №ას-649-616-2014 5 ნოემბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „თ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ო-ი, ბ. კ-ე, გ. ჯ-ი, მ. გ-ე, ა. წ-ი, გ. ლ-ე, ზ. ი-ი, ზ. ც-ი, ლ. გ-ე, ა. ც-ი, ა. ხ-ი, ზ. მ-ე, გ. ხ-ე, მ. თ-ე, ო. ყ-ი, გ. ა-ი, დ. ჯ-ი, დ. შ-ი, თ. გ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ო-მა, ბ. კ-მ, გ. ჯ-მა, მ. გ-მ, ა. წ-მა, გ. ლ-მ, ზ. ი-მა, ზ. ც-მა, ლ. გ-მ, ა. ც-მა, ა. ხ-მა, ზ. მ-მ, გ. ხ-მ, მ. თ-მ, ო. ყ-მა, გ. ა-მა, დ. ჯ-მა, დ. შ-მა და თ. გ-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „თ-ის“ მიმართ და მოითხოვეს შემდეგი:
· სს „თ-ის“ 2012 წლის 27 ივლისის №კ-137 ბრძანების (მ. ო-ის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის „მთაწმინდა-კრწანისის“ ბიზნესცენტრის ელექტროენერგიის აღრიცხვის მოწყობილობათა კონტროლისა და მომსახურების ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე) ბათილად ცნობა, მ. ო-ის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და სს „თ-სათვის“ მ. ო-ის სასარგებლოდ, 2012 წლის 30 ივლისიდან 2013 წლის 2 აპრილამდე იძულებითი განაცდურის, ყოველთვიური ხელფასის _ 1200 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება;
· სს „თ-ის“ 2012 წლის 4 ივლისის №კ-116 ბრძანების (ბ. კ-ის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის 220/110/35/10/6 კვ.ზე ქსელის ენერგოზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე) ბათილად ცნობა, ბ. კ-ის პირვანდელი სამუშაო ადგილის ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის დავალება, მოპასუხისათვის ბ. კ-ის სასარგებლოდ, 2012 წლის 4 ივლისიდან 2013 წლის 2 აპრილამდე იძულებითი განაცდურის ყოველთვიური ხელფასის _ 3000 ლარის (დარიცხული) ანაზღაურების დაკისრება;
· სს „თ-ის“ 2012 წლის 30 ივლისის №კ-140 ბრძანების (გ. ჯ-ს კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის ქსელის ენერგოზედამხედველობის განყოფილების 220/110/35/10/6 კვ.ზე ქსელის ენერგოზედამხედველობის ჯგუფის ინჟინერ-ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე) ბათილად ცნობა, გ. ჯ-ის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, 2012 წლის 30 ივლისიდან 2013 წლის 2 აპრილამდე იძულებითი განაცდურის, ყოველთვიური ხელფასის _ 1060 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება;
· სს „თ-ის“ 2012 წლის 30 ივლისის №კ-140 ბრძანების (მ. გ-ის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის ქსელის ენერგოზედამხედველობის განყოფილების 220/110/35/10/6 კვ.ზე ქსელის ენერგოზედამხედველობის ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე) ბათილად ცნობა, მ. გ-ის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, 2012 წლის 30 ივლისიდან 2013 წლის 2 აპრილამდე იძულებითი განაცდურის, ყოველთვიური ხელფასის _ 1600 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება;
· სს „თ-ის“ 2012 წლის 19 ივლისის №კ-128 ბრძანების (ა. წ-ის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის „ოქროსუბნის“ აბონენტთა მომსახურების ცენტრის აბონენტთა ელექტროენერგიის შეზღუდვის ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე) ბათილად ცნობა, ა. წ-ის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, 2012 წლის 19 ივლისიდან 2013 წლის 2 აპრილამდე იძულებითი განაცდურის, ყოველთვიური ხელფასის _ 1200 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება;
· სს „თ-ის“ 2012 წლის 26 ივნისის №კ-111 ბრძანების (გ. ლ-ის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის კომერციული განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე) ბათილად ცნობა, გ. ლ-ის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, 2012 წლის 26 ივნისიდან 2013 წლის 2 აპრილამდე იძულებითი განაცდურის, ყოველთვიური ხელფასის _ 4400 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება;
· სს „თ-ის“ 2012 წლის 19 ივლისის №კ-128 ბრძანების (ზ. ი-ის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის ”მთაწმინდა-კრწანისის” ბიზნესცენტრის შემოსავლების უზრუნველყოფის ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე) ბათილად ცნობა, ზ. ი-ის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, 2012 წლის 19 ივლისიდან 2013 წლის 2 აპრილამდე იძულებითი განაცდურის, ყოველთვიური ხელფასის _ 700 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება;
· სს „თ-ის“ 2012 წლის 8 აგვისტოს №კ-147 ბრძანების (ზ. ც-ის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის „დიდუბის“ აბონენტთა მომსახურების ცენტრის ელექტრომონტიორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე) ბათილად ცნობა, დაკავებულ თანამდებობაზე ზ. ც-ის აღდგენა, 2012 წლის 8 აგვისტოდან 2013 წლის 2 აპრილამდე იძულებითი განაცდურის, ყოველთვიური ხელფასის _ 800 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება;
· სს „თ-ის“ 2012 წლის 9 ივლისის №კ-118 ბრძანების (ლ. გ-ის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის „ოქროსუბნის“ აბონენტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე) ბათილად ცნობა, დაკავებულ თანამდებობაზე ლ. გ-ის აღდგენა, 2012 წლის 10 ივლისიდან 2013 წლის 2 აპრილამდე იძულებითი განაცდურის, ყოველთვიური ხელფასის _ 2300 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება;
· სს „თ-ის“ 2012 წლის 13 აგვისტოს №კ-149 ბრძანების (ა. ც-ის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის „ვერა-ვაკის“ ბიზნესცენტრის „წყნეთის“ ფილიალის ელექტრომონტიორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე) ბათილად ცნობა, ა. ც-ის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, 2012 წლის 13 აგვისტოდან 2013 წლის 2 აპრილამდე იძულებითი განაცდურის, ყოველთვიური ხელფასის _ 800 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება;
· სს „თ-ის“ 2012 წლის 26 ივნისის №კ-111 ბრძანების (ა. ხ-ის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის რეალიზაციის კოორდინატორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე) ბათილად ცნობა, ა. ხ-ის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, 2012 წლის 26 ივნისიდან 2013 წლის 2 აპრილამდე იძულებითი განაცდურის, ყოველთვიური ხელფასის _ 4385 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება;
· სს „თ-ის“ 2012 წლის 27 ივლისის №კ-137 ბრძანების (ზ. მ-ის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის „ვერა-ვაკის“ ბიზნესცენტრის „წყნეთის“ ფილიალის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე) ბათილად ცნობა, ზ. მ-ის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, 2012 წლის 27 ივლისიდან 2013 წლის 2 აპრილამდე იძულებითი განაცდურის, ყოველთვიური ხელფასის _ 1500 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება;
· სს „თ-ის“ 2012 წლის 2 ივლისის №კ-114 ბრძანების (გ. ხ-ის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის „სამგორის“ აბონენტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე) ბათილად ცნობა, გ. ხ-ის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, 2012 წლის 2 ივლისიდან 2013 წლის 2 აპრილამდე იძულებითი განაცდურის ყოველთვიური ხელფასის _ 2400 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება;
· სს „თ-ის“ 2012 წლის 8 აგვისტოს №კ-147 ბრძანების (მ. თ-ის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის „სამგორის“ აბონენტთა მომსახურების ცენტრის აბონენტთა ელექტროენერგიის შეზღუდვის ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე) ბათილად ცნობა, მ. თ-ის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, 2012 წლის 8 აგვისტოდან 2013 წლის 2 აპრილამდე იძულებითი განაცდურის, ყოველთვიური ხელფასის _ 1200 ლარის (დარიცხული) ანაზრაურება;
· სს „თ-ის“ 2012 წლის 16 ივლისის №კ-125 ბრძანების (ო. ყ-ის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის „დელისის“ ბიზნესცენტრის აბონენტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის _ ბიზნესცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის ენერგოგასაღების დარგში თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე) ბათილად ცნობა, ო. ყ-ის დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, 2012 წლის 16 ივლისიდან 2013 წლის 2 აპრილამდე იძულებითი განაცდურის, ყოველთვიური ხელფასის _ 2300 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება;
· სს „თ-ის“ 2012 წლის 22 ივნისის №კ-109 ბრძანების (გ. ა-ის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე) ბათილად ცნობა, გ. ა-ის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, 2012 წლის 22 ივნისიდან 2013 წლის 2 აპრილამდე იძულებითი განაცდურის, ყოველთვიური ხელფასის _ 7600 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება;
· სს „თ-ის“ 2012 წლის 23 ივლისის №კ-131 ბრძანების (დ .ჯ-ის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ელექტროენერგიის შესყიდვის დეპარტამენტის ელექტრობალანსების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე) ბათილად ცნობა, დ. ჯ-ის პირვანდელი სამუშაო ადგილის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, 2012 წლის 23 ივლისიდან 2013 წლის 2 აპრილამდე იძულებითი განაცდურის, ყოველთვიური ხელფასის _ 3150 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება;
· სს „თ-ის“ 2012 წლის 2 აგვისტოს №კ-142 ბრძანების (დ. შ-ის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების დეპარტამენტის „ვერა-ვაკის“ ბიზნესცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე) ბათილად ცნობა, დაკავებულ თანამდებობაზე დ. შ-ის აღდგენა, 2012 წლის 2 აგვისტოდან 2013 წლის 2 აპრილამდე იძულებითი განაცდურის, ყოველთვიური ხელფასის _ 3000 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება;
· სს „თ-ის“ 2012 წლის 24 ივლისის №კ-134 ბრძანების (თ. გ-ის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ელექტროენერგიის ენერგოგასაღების დეპარტამენტის „ავჭალის“ აბონენტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე) ბათილად ცნობა, თ. გ-ის პირვანდელი სამუშაო ადგილის ტოლფას სამუშაოზე აღდგენა, 2012 წლის 25 ივლისიდან 2013 წლის 2 აპრილამდე იძულებითი განაცდურის, ყოველთვიური ხელფასის _ 2400 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება.
სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
მოსარჩელეები დასაქმებული იყვნენ სს „თ-ში“ სხვადასხვა თანამდებობაზე, თითოეული მათგანი კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ შრომით მოვალეობას, რაც უმრავლეს შემთხვევაში, აღნიშნული იყო საპატიო სიგელებით, ადმინისტრაციის მადლობებითა და პრემიებით; არც ერთი მოსარჩელის მიმართ, სს „თ-ს“ არასდროს გამოუყენებია დისციპლინური ზემოქმედების რომელიმე ღონისძიება. 2012 წლის ზაფხულში, სს „თ-ის“ ხელმძღვანელობის (მისი ერთი ნაწილის) მხრიდან, მოსარჩელეების (ასევე, სხვა დასაქმებულების) მიმართ განხორციელდა იძულება, ზეწოლა, მუქარა, ზოგ შემთხვევაში მოტყუებაც იმ მიზნით, რომ მათ ხელი მოეწერათ სამსახურიდან წასვლის შესახებ ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ფორმულარით შესრულებულ განცხადებაზე. ასზე მეტი თანამშრომელი (მათ შორის მოსარჩელეებიც) იძულებული გახდნენ ხელი მოეწერათ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებებზე, რის საფუძველზეც, ისინი გაათავისუფლეს სამსახურიდან „პირადი განცხადების საფუძველზე“. ერთ-ერთი მოსარჩელე _ ზ. მ-ე, განცხადებაზე ხელის არმოწერის მიუხედავად მაინც პირადი განცხადების საფუძველზე იქნა გათავისუფლებული.
მოსარჩელეების ნაცვლად, განცხადებებზე თარიღებს სს „თ-ის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლები თავიანთი შეხედულებით უთითებდნენ ზემდგომ თანამდებობის პირთა რეზოლუციების თარიღებთან შესაბამისობის დასაცავად, თუმცა მაინც უშვებდნენ გარკვეულ უზუსტობებს.
სს „თ-ის“ მხრიდან განხორციელებული არამართლზომიერი ქმედებების შედეგად, მოსარჩელეები (და მათი ოჯახები) უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. 2012 წლის ოქტომბრიდან სს „თ-ის“ თანამშრომლების საპროტესტო აქციების შედეგად, სს „თ-ი“ წავიდა გარკვეულ დათმობაზე, მან სამსახურში თავიდან მიიღო გათავისუფლებულ პირთა გარკვეული ნაწილი. თუმცა, დაპირების მიუხედავად, მოსარჩელეების სამსახურში მიღება (აღდგენა) არ მომხდარა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელეები სამუშაოდან გათავისუფლდნენ საკუთარი სურვილით, პირადი განცხადების საფუძველზე, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მოშლის ინიციატორები არიან დასაქმებულები. შრომის კანონმდებლობა დამსაქმებელს არ ავალდებულებს, მიუთითოს შრომითი ხელშეკრულების მოშლის მოტივებზე და ანიჭებს მას უფლებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ნებისმიერ დროს, მიიღოს გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, მით უმეტეს, თუ ადგილი აქვს დასაქმებულის მხრიდან ნების გამოხატვასა და პირადი განცხადების საფუძველზე სამუშაოს დატოვების ფაქტს. რაც შეეხება, მოსარჩელეების მიერ, სს „თ-ის“ ადმინისტრაციის მხრიდან მუქარას, ზეწოლასა და სხვა იძულების ზომების შესახებ საუბარს, მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეებს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ დაუდასტურებიათ. მათ ასევე ვერ დაასაბუთეს თავიანთი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 აპრილის განჩინებით სს „თ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები: მ. ო-ი, ბ. კ-ე, გ. ჯ-ი, მ. გ-ე, ა. წ-ი, გ. ლ-ე, ზ. ი-ი, ზ. ც-ი, ლ. გ-ე, ა. ც-ი, ა. ხ-ი, ზ. მ-ე, გ. ხ-ე, მ. თ-ე, ო. ყ-ი, გ. ა-ი, დ. ჯ-ი, დ. შ-ი, თ. გ-ე, მხარეთა შორის განუსაზღვრელი ვადით წარმოშობილი შრომითი ურთიერთობის საფუძველზე, მუშაობდნენ სს „თ-ში“ სხვადასხვა თანამდებობაზე, შესაბამისი თანამდებობრივი სარგოთი.
საქმეში წარმოდგენილი მოპასუხე სს „თ-ის“ ადმინისტრაციის მხრიდან მოსარჩელეების სახელზე სხვადასხვა დროს გაცემული საპატიო სიგელების, პრემიების, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეები კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ შრომით მოვალეობებს.
2012 წლის ივნისში სს „თ-ის“ კომერციული საქმიანობის სამმართველოს დირექტორის თანამდებობა დაიკავა ზ. ა-მა.
სს „თ-მა“ მოსარჩელეები დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა პირადი განცხადების საფუძველზე, რომელთა შინაარსიც იდენტურია და ფორმულირებულია შემდეგი სახით: „გთხოვთ, მიიღოთ ჩემი განცხადება დაკავებული თანამდებობის საკუთარი სურვილით დატოვების შესახებ“. აღნიშნული განცხადებები შედგენილია ქართულ და რუსულ ენებზე. ზოგიერთ მათგანზე არ არის მითითებული განცხადების შედგენის თარიღი.
2012 წლის ივნის-აგვისტოში გამოცემული ბრძანებების საფუძველზე, მოსარჩელეები: მ. ო-ი, ბ. კ-ე, გ. ჯ-ი, მ. გ-ე, ა. წ-ი, გ. ლ-ე, ზ. ი-ი, ზ. ც-ი, ლ. გ-ე, ა. ც-ი, ა. ხ-ი, ზ. მ-ე, გ. ხ-ე, მ. თ-ე, ო. ყ-ი, გ. ა-ი, დ. ჯ-ი, დ. შ-ი, თ. გ-ე სამსახურიდან გათავისუფლდნენ. გათავისუფლების შესახებ, გამოცემული ბრძანებების სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და 38-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
მხარეთა ახსნა განმარტებებით დადასტურებულად მიიჩნია სასამართლომ, რომ მოსარჩელეების: მ. ო-ის, გ. ჯ-ის, მ. გ-ის ა. წ-ის, გ. ლ-ის, ზ. ი-ის, ზ. ც-ის, ლ. გ-ის, ა. ც-ის, ა. ხ-ის, ზ. მ-ის, გ. ხ-ის, მ. თ-ის, გ. ა-ისა და დ. შ-ის მიერ, სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობები, დღეის მდგომარეობით ისევ არსებობს, ხოლო, რაც შეეხება იმ თანამდებობებს, რომელიც სამსახურიდან გათავისუფლებამდე ეკავათ მოსარჩელეებს: ბ. კ-ს, თ. გ-ს, ო. ყ-სა და დ. ჯ-ს, გაუქმებულია და დღეისათვის აღარ არსებობს.
აპელანტი, ძირითადად, სადავოდ ხდიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, მოსარჩელეთა ნების საწინააღმდეგოდ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებებზე ხელმოწერასთან დაკავშირებით დადგენილ გარემოებებს და აღნიშნავდა, რომ მოსარჩელეების მიერ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებების შედგენა (ხელმოწერა), როგორც ამას მოსარჩელეები მიუთითებდენ, არ მომხდარა მათ მიმართ (ასევე მათი ოჯახის წევრების მიმართ) მოპასუხის მხრიდან განხორციელებული მუქარის, ძალადობის, დაშინებისა და ასევე მოტყუების შედეგად და დასახელებული განცხადებები სს „თ-ის“ თანამშრომლებმა (მოსარჩელეებმა) შეადგინეს ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე. ამ პოზიციასთან დაკავშირებით პალატამ მიუთითა შემდეგი:
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული კატეგორიის დავის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის, სასამართლოს მოსაზრებით, გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება. თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მოსარჩელეთა მიერ ხელმოწერილი განცხადებების არსებობის პირობებში, მოქმედებს აღნიშნულ დოკუმენტში მხარის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობის პრეზუმფცია. საწინააღმდეგოს დადასტურება კი იმ მხარის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, რომელიც აღნიშნულ განცხადებას სადავოდ ხდის. შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ნების ფორმირებაზე ზემოქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებების და მოწმეთა ჩვენების საფუძველზე განხორციელდა კიდეც, რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, რომ მოსარჩელეთა მიერ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერა არ განხორციელებულა მუქარის, ძალადობის, დაშინების, ან მოტყუების საფუძველზე, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება საჭიროებდა დადასტურებას და მისი მტკიცება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, უნდა განეხორციელებინა მოპასუხეს, თუმცა, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, დასახელებული გარემოების დასადასტურებლად მოპასუხეს სასამართლოში არც ერთი მტკიცებულება არ წარუდგენია. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებაც, რომ 2012 წლის ზაფხულში, მოპასუხე კომპანიიდან განხორციელდა დასაქმებულთა მასობრივი გათავისუფლება რასაც საქმეში წარმოდგენილი მასალები და მხარეთა ახსნა-განმარტებები ცალსახად ადასტურებდა, ის ფაქტი, რომ დროის მოკლე მონაკვეთში, ივლისი-აგვისტოს თვეებში მასობრივად განხორციელდა დასაქმებულთა მიერ სამსახურის დატოვება, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ამ გარემოებასთან ერთობლივად შეფასების შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა ვარაუდის საფუძველი მოპასუხის მიერ გათავისუფლებული პირების მიმართ იმგვარი ზემოქმედების განხორციელების თაობაზე, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა დასაქმებულთა ნების ნამდვილობაზე - დაეტოვებინათ სამსახური საკუთარი ინიციატივით. მოპასუხეს არც ამ თვალსაზრისით უცდია გაებათილებინა სასამართლოს ვარაუდი.
ამდენად, დადასტურებულად იქნა მიჩნეული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ, მოპასუხის ზემოქმედების გამო, გამო მოსარჩელეები იძულებული გახდნენ, დაეწერათ განცხადება დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ.
სააპელაციო პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია მოწმის - ენერგოგასაღების დეპარტამენტის ასისტენტ-კოორდინატორის - ი. კ-ის ჩვენება, რომელიც ასახავდა 2012 წლის ივნის-აგვისტოში სს „თ-ის“ კომერციული საქმიანობის სამმართველოს ხელმძღვანელის მიერ განხორციელებულ ქმედებას საწარმოს თანამშრომელთა მიმართ, მოგვიანებით, 2012 წლის ოქტომბრის თვეში, სს „თ-ის“ თანამშრომელთა საპროტესტო აქციების საფუძველზე, შეიქმნა შეთანხმებითი კომისია სს „თ-ის“ გაერთიანებული პროფკომიტეტისა და სს „თ-ის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებისაგან. მუშაობის შედეგად მიღებული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, სს „თ-ის“ მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა დაავალა შესაბამის თანამდებობის პირებს, 2012 წლის 12 ნოემბრის სამუშაო დღის ბოლომდე მოემზადებინათ კონკრეტული შემოთავაზებები, 2012 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე პირადი განცხადებით გათავისუფლებულ თანამშრომელთა სს „თ-ში“მიღების თაობაზე, იმავე თანამდებობაზე და იმავე სახელფასო განაკვეთით.
დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 მუხლით და რადგანაც სადავოს არ წარმოადგენდა ხელშეკრულების შრომით-სამართლებრივი ხასიათი, მიიჩნია, რომ ამ ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივი მოწესრიგება არ ექცეოდა რაიმე სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოწესრიგების სფეროში, არამედ ექვემდებარებოდა შრომის კოდექსის შესაბამისი ნორმებით დადგენილ რეგულირებას.
შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, უნდა დადგინდეს დაირღვა თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, ხომ არ განხორციელდა დისკრიმინაცია და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელეთა თანამდებობიდან განთავისუფლების ძირითად საფუძვლად მითითებული იყო დასაქმებულთა მიმართ განხორციელებული მუქარასა და ძალადობაზე, პალატამ, შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ჩათვალა, რომ უფლებამოსილი იყო სადავო გარემოებების შეფასებისას ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 85-ე, 86-ე მუხლებით და განმარტა, რომ მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევდა გარიგების დადებას, აუცილებელი იყო, რომ ნება გამოვლენილიყო.
ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევებში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანმდევი შედეგებისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები ნების არანამდვილობაზე აპელირებდნენ იმის გამო, რომ ნების ფორმირების დროს ადგილი ჰქონდა მუქარას და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, შესაბამისად, ისინი იძულებული იყვნენ დაეწერათ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „თ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე და 249-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ მოსარჩელეთა იძულებით გათავისუფლების ფაქტი დადგენილად მიჩნია მხოლოდ დასაქმებულთა განმარტების საფუძველზე, რომელთაც იძულების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ. მოსარჩელეებმა სამუშაოდან გათავისუფლება სხვადასხვა დროს მოითხოვეს, შესაბამისად, გათავისუფლების ბრძანებებიც სხვადასხვა რიცხვითაა გამოცემული, რაც თავისთავად გამორიცხავს მათ ერთგვაროვან შეფასებას.
საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გათავისუფლებული პირების მიმართ იძულების, მოტყუების ან მუქარის რეალურად განხორციელების ფაქტს, მით უფრო იმგვარი იძულების, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა მოსარჩელეების ან მათი ოჯახის წევრის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. სააპელაციო სასამართლოს, იძულების ფაქტზე მსჯელობისას არც კი გამოუკვლევია პირთა ასაკი, სქესი, ცხოვრებისეული გამოცდილება, საყურადღებოა, რომ მოწმედ დაკითხულმა პირებმა, რომლებიც არ წარმოდგენდნენ ნეიტრალურ მოწმეებს, განაცხადეს, რომ იძულების ფაქტის უშუალოდ მომსწრეები არ ყოფილან. ამ გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ არ არსებობს მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შესაძლებლობა.
საყურადღებოა, რომ სასამართლოს საერთოდ არ დაუკითხავს მოსარჩელეები: გ.ა-ი, დ.ჯ-ი, გ.ჯ-ი, არამედ მათი წარმომადგენლის ახსნა-განმარტება მიიჩნია საკმარისად. არც ერთ მოსარჩელეს სასამართლოს წინაშე არ უშუამდგომლია უშუალოდ იძულების განმახორციელებელი პრების დაკითხვის თაობაზე, ამასთანავე, არ მიუმართავთ სამართალდამცავი ორგანოებისათვის იძულების აღკვეთის მოთხოვნით.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, მოსარჩელეთა სამსახურიდან იძულებით გათავისუფლების თაობაზე არ გამომდინარეობს ასევე სამოქალაქო კოდექსის 85-87-ე მუხლების მოთხოვნებიდან.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გამოუკვლეველ მტკიცებულებებზე - მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, ამ კუთხით, გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტულ განმარტებებს.
მოცემულ შემთხვევაში, ასევე არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 81-ე, 85-ე და 86-ე მუხლები.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის დასაბუთებული პრეტენზიები და დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დაუსაბუთებელ დასკვნებს, რითაც გასცდა მოსარჩელის მოთხოვნას. სასამართლომ ისე ცნო ბათილად მოსარჩელეთა სურვილით სამუშაოდან გათავისუფლების გამო გამოცემული ბრძანებები, რომ ეს მოთხოვნა სარჩელით დასაქმებულებს არ დაუყენებიათ, ამდენად, დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნები. გარდა აღნიშნულისა, საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის უგულებელყოფით, სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, მართალია, პალატამ აღნიშნა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ გამოხატული ნების არსებობა ამ ნების ნამდვილობის პრეზუმფციას ადგენს, რომლის გაქარწყლებაც ევალება იმ მხარეს, რომელიც ამ ნების არანამდვილად მიჩნევას მოითხოვს, თუმცა ამ მსჯელობის საპირისპიროდ, პალატამ სს „თ-ს“ დააკისრა მოტყუების ან იძულების არარსებობის მტკიცების ტვირთი.
საქალაქო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის, ასევე 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევით, საკუთარი ინიციატივით შეცვალა სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო რიგ შემთხვევაში მოსარჩელეები აღადგინა თანამდებობებზე, რომლებიც აღდგენის დროისათვის აღარ არსებობდა.
პალატამ არ იმსჯელა აპელანტის მითითებაზე შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ რეგულაციაზე. ამასთან, ქვემდგომმა სასამართლოებმა, მიუხედავად სს „თ-ის“ მითითებისა, შეფასება არ მისცეს მოსარჩელეების მიერ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მითითებას.
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არასწორად გაანაწილა სასამართლო ხარჯები, კერძოდ, მოსარჩელეთა სასარგებლოდ სს „თ-ს“ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 1900 ლარის, ხოლო ბიუჯეტის სასარგებლოდ - 5000 ლარის გადახდა, აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები, გარდა აღნიშნულისა, მიღებული გადაწყვეტილება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკისაგან.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ შეაფასა სააპელაციო საჩივარში აპელანტის მიერ მითითებული ფაქტობრივი უსწორობები, კერძოდ, გადაწყვეტილების 3.2.4. პუნქტით სასამართლომ მიუთითა 2012 წლის ივნისში თელასის ახალი კომერციული სამსახურის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნასა და მისი მხრიდან გარკვეული იძულების განხორციელება, ასევე სასამართლომ დაადგინა, რომ ზ.მ-ს გათავისუფლების შესახებ განცხადებაზე ხელი არ მოუწერია, სასამართლოს ეს დასკვნა ემყარება მხოლოდ მხარის განმარტებას ისე, რომ საქმეში სათანადო მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი. გაურკვეველია სასამართლოს მსჯელობა, თუ რატომ მიიჩნია სადავო გარემოებად, საკუთარი განცხადების საფუძველზე მოსარჩელეთა გათავისუფლება, მაშინ, როდესაც ამ ფაქტზე არც ერთი მხარე პრეტენზიას არ აცხადებდა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივნისის განჩინებით სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს „თ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 6 მაისს N24204 საგადახდო დავალებით გადახდილი 8 000 ლარის 70% – 5 600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „თ-ს“ (ს/N....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 6 მაისს N24204 საგადახდო დავალებით გადახდილი 8 000 ლარის 70% – 5 600 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე