Facebook Twitter
საქმე №ას-1748-1729-2011 13 თებერვალი, 2012 წელი

საქმე №ას-663-630-2014 25 ნოემბერი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ვ. წ-ას უფლებამონაცვლე ბ. წ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ი-ა, ზ. ი-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 აპრილის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ი-ამ და ზ. ი-ამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ვ. წ-ას მიმართ, ქირავნობის ხელშეკრულების მოშლისა და მათ საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართიდან მოპასუხეების გამოსახლების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელეების საკუთრებაშია ქ.ფოთი, ლ-ს ქუჩა №5/2-ში მდებარე ქონება, რომელიც ჩუქების ხელშეკრულებით მიიღეს დედის - ვ. ხ-საგან და 2010 წლის 24 დეკემბერს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდნენ მესაკუთრეებად. ვ. ხ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ვ-რ ხ-თან. ჯერ კიდევ ვ-რ ხ-ის სიცოცხლეში ვ. წ-ას 33.66 კვ.მ სარდაფი გადაცემული ჰქონდა დროებით სარგებლობაში. აღნიშნული შესახებ არსებობს ხელწერილი, რომლის თანახმადაც, მოპასუხეს 10 წლის განმავლობაში ვ-რ ხ-ისათვის უნდა გადაეხადა თვეში 50 ლარი.

საკუთრების მიღების შემდეგ, მოსარჩელეებმა ვ. წ-ას შესთავაზეს ახალი ხელშეკრულების გაფორმება და ქირის სახით 300 ლარის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში - ფართის გათავისუფლება, რაზეც მოპასუხე არ დაეთანხმა. მოსარჩელეებს ფართი ესაჭიროებოდათ სამეწარმეო საქმიანობისათვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მხარეებს შორის რაიმე წერილობითი შეთანხმება არ არსებობს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით:

მხარეებს შორის არ არსებობს ქირავნობის ხელშეკრულება, ამასთან, მოპასუხეს არც ვ. ხ-ის წინაშე გააჩნდა ვალდებულებები. ვ. წ-ას ქ.ფოთში, ლ-ს ქუჩა №5/2-ში მდებარე ბინის ქვეშ არსებული სარდაფი დაკავებული აქვს 2002 წლიდან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამხედრო ნაწილის ნებართვით და ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. ტექინვენტარიზაციის სამსახურმა აღნიშნულ ფართზე შეადგინა ტექნიკური პასპორტი, ამდენად, ვ. წ-ა კეთილსინდისიერი მოსარგებლეა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით მ. და ზ. ი-ების სარჩელი დაკმაყოფილდა, ვ. წ-ა გამოსახლებულ იქნა ქ.ფოთი, ლ-ს ქუჩა №5/2-ში მდებარე ბინის ქვეშ განთავსებული 33.66 კვ.მ სარდაფიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 აპრილის განჩინებით ვ. წ-ას უფლებამონაცვლე ბ. წ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

2002 წლიდან ვ. წ-ას დაკავებული აქვს ფოთში, ლ-ს ქ. №5/2-ში მდებარე ბინის ქვეშ არსებული 33,66 კვ.მ სარდაფი, სადაც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. ის არ იმყოფებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში, კერძოდ არ ჰქონდა გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება მოსარჩელეებთან და ვ-რ ხ-თან.

ქ. ფოთში, ლ-ს ქ. №5/2-ში მდებარე ბინის ქვეშ არსებული 33,66 კვ.მ სარდაფის მესაკუთრეები 2010 წლიდან არიან მ. ი-ა და ზ. ი-ა.

ვ. წ-ა სარდაფში თავდაცვის სამინისტროს ნებართვით არ შესულა და მას სადავო ფართი დაკავებული აქვს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 1 ნოემბრის განჩინებით, წინამდებარე საქმეზე შეჩერდა ვ.წ-ას სააპელაციო საჩჶჲვრის განხილვა სხვა სამოქალაქო საქმის გადაწყვეტამდე (ვ. წ-ას სარჩელის გამო, მ. და ზ. ი-ების, ასევე ქ.ფოთში ლ-ს ქ. №5 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ლ. ქ-ას მიმართ, ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, სამოქალაქო საქმეზე, რომლის საბოლოო გადაწყვეტამდეც იყო მოცემული სამოქალაქო საქმის წარმოება შეჩერებული, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც მ. და ზ. ი-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ვ. წ-ას უფლებამონაცვლე ბ. წ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის განჩინებით, ვ. წ-ას უფლებამონაცვლედ დავაში (ვ წ-ას სარჩელისა გამო, მ. და ზ. ი-ებისა და ფოთი, ლ-ს ქ. №5 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ლ. ქ-ას წინააღმდეგ, ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე) ჩაბმულ იქნა ბ. წ-ა.

უდავოა, რომ ვ. წ-ას მიერ გასაჩივრებული ამხანაგობის კრების ოქმი არ გაბათილებულა, იგი ძალაშია და დადასტურებულია, რომ ვ.წ-ა ამ ამხანაგობის წევრი არ ყოფილა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის წინამდებარე განჩინებით საქმის წარმოება განახლდა და 2014 წლის 26 თებერვლის საოქმო განჩინებით ვ. წ-ას უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა ბ. წ-ა.

ვ. წ-ასათვის ქ.ფოთში, ლ-ს ქ.№5/2-ში მდებარე ბინის ქვეშ არსებული 33,66 კვ.მ სარდაფის სარგებლობის უფლება თავდაცვის სამინისტროს არ მიუნიჭებია. ის არ წარმოადგენს სადავო ფართის კეთილსინდისიერ მფლობელს.

პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება და დამატებით განმარტა:

ვ. წ-ამ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა სადავო ფართის კეთილსინდისიერად ფლობა და ის, რომ სადავო ფართი მას კომპეტენტურმა ორგანომ სათანადო მტიცებულების საფუძველზე გადასცა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული ნორმა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს წარმოადგენს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს შესაგებელს.

ვიდიკაციური სარჩელი საფუძვლიანია მაშინ, როცა მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე - ნივთის მფლობელი, რომელსაც არ აქვს ამ ნივთის ფლობის უფლება, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით შეზღუდულია მფლობელისაგან ნივთის გამოთხოვის უფლება თუ ნივთის გამოთხოვის დროისათვის არამესაკუთრის მიერ ნივთის ფლობა მართლზომიერია. მართლზომიერ მფლობელს წარმოადგენს პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.

ვ. წ-ამ ვერ მიუთითა სადაო ფართის ფლობის სამართლებრივი საფუძველი. გამომდინარე აღნიშნულიდან, ბინის მესაკუთრის, მოსარჩელეების: მ. და ზ. ი-ების - მოთხოვნა საფუძვლიანი იყო, რადგან, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობები დადგენილი იყო. კერძოდ: საჯარო რეესტრის ჩანაწერის თანახმად, სადაო ფართის მესაკუთრეები არიან მოსარჩელეები: მ. და ზ. ი-ები, ვ. წ-ა ამ სადაო ფართს ფლობდა და სადაო ფართის ფლობა იყო არამართლზომიერი.

სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების თანახმად, სასამართლომ სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. წ-ას უფლებამონაცვლე ბ. წ-ამ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რამაც განაპირობა კასატორის კანონიერი უფლებების დარღვევა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ მ. და ზ. ი-ებს კანონის დარღვევით გადასცა სადავო ბინა საკუთრებაში.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 25 დეკემბერს მიიღო არაკანონიერი გადაწყვეტილება, რომელზეც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მხარემ შეიტანა საჩივარი და რომლის განხილვაც გავლენას მოახდენს განსახილველ საქმეზე, ვინაიდან თუ მ. და ზ. ი-ებს სადავო ფართზე გაუუქმდებათ საკუთრების უფლება, აღნიშნული გახდება საქმის კანონიერად განხილვის საფუძველი, რამდენადაც, სადავო ფართზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემულია არაკანონიერად.

პალატამ არასწორად არ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმ გარემოებაზე რომ ვ. წ-ამ სადავო ფართი დაიკავა უფლებამოსილი, კომპეტენტური ორგანოს თანხმობით.

ვ. წ-ა 2002 წლის დასაწყისიდან კეთილსინდისიერად ფლობდა და განკარგავდა ქ.ფოთში, ლ-ს ქუჩაზე მდებარე არასაცხოვრებელ ფართს, რომელიც იმ პერიოდში იმყოფებოდა თავდაცვის სამინისიტროს ბალანსზე და მოპასუხეს გადაეცა ინფრასტრუქტურის №3 რეგიონალური ბაზის უფროსის ნებართვის საფუძველზე. ქ.ფოთის ლ-ს ქუჩის №5 მობინადრეთა ამხანაგობამ კი, საკუთრების უფლება 2010 წელს მალულად გადასცა ზ. და მ. ი-ებს.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბ. წ-ამ იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე მის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეტანილი საჩივრის გადაწყვეტამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივნისის განჩინებით ბ. წ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა ბ. წ-ას შუამდგომლობის საფუძვლიანობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად შეამოწმა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში, ვ. წ-ას უფლებამონაცვლე ბ. წ-ა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად უთითებს მის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეტანილი საჩივრის გადაწყვეტას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლით იმპერატიულადაა განსაზღვრული შემთხვევები, როდესაც სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება. ასეთ შემთხვევებს განეკუთვნება შემდეგი: ა) მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს; ბ) მხარის მიერ ქმედუნარიანობის დაკარგვისას; გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედ ნაწილში მოპასუხის ყოფნისას ან ასეთივე ნაწილებში მყოფი მოსარჩელის თხოვნით; დ) თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით; დ1) თუ საქმეს განიხილავს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისია ან კომისიის კომიტეტი; ე) მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ვ) თუ ამ კოდექსის 1873 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით გადაეცა მედიატორს. ამავე კოდექსის 280-ე მუხლით კანონმდბელმა ასევე გაითვალისწინა სასამართლოს უფლება, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას შეაჩეროს საქმის წარმოება. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები კანონის არცერთი დანაწესიდან არ გამომდინარეობს, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ბ. წ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ბ. წ-ას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 9 ივნისს №85 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

რაც შეეხება მ. ი-ასა და ზ. ი-ას მიერ საკასაციო შესაგებელზე დართულ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ეს მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს მათ წარმომდგენს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ეს მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული რაც საკასაციო პალატის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. და ზ. ი-ებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ 2014 წლის 14 ივლისს წარმოდგენილ Nა-2322-14 საკასაციო შესაგებელზე დართული მტკიცებულებები 8 (რვა) ფურცლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. წ-ას შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. ბ. წ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

3. კასატორ ბ. წ-ას (პ/№......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2014 წლის 9 ივნისს №85 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

4. ზ. და მ. ი-ებს დაუბრუნდეთ 2014 წლის 14 ივლისს წარმოდგენილ Nა-2322-14 საკასაციო შესაგებელზე დართული მტკიცებულებები 8 (რვა) ფურცლად.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე