Facebook Twitter
საქმე №ას-1748-1729-2011 13 თებერვალი, 2012 წელი

საქმე№ას-694-664-2014 25 ნოემბერი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დ. კ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ა-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 მაისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. კ-ის მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის – 1200 აშშ დოლარისა და 2000 ევროს დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

დ. კ-ის თხოვნით ი. ა-მა მესამე პირისაგან ისესხა 1200 აშშ დოლარი და 2000 ევრო. სესხი იყო სარგებლიანი – თვეში 10%-ის დარიცხვით. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მსესხებელს თანხა არ დაუბრუნებია. დ. კ-მ პროკურატურაში ზეპირი გასაუბრებისას აღიარა თანხის ნაწილის – 1200 აშშ დოლარისა და 600 ევროს მიღება.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა შემდეგი:

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დეტექტივ-გამომძიებლის ზეპირი გასაუბრების შესახებ 2013 წლის 21 მარტის ოქმით, მართალია, მან ნაწილობრივ აღიარა თანხის მიღება, თუმცა ამ ოქმის თანახმად, მოპასუხეს გადასახდელი აქვს 100 ევრო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვერ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოვალეს თანხა არ დაუბრუნებია, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებით ირკვევა მხოლოდ ის რომ მოპასუხეს გადასახდელი დარჩა მხოლოდ 100 ევრო, ამდენად, მოპასუხის ვალდებულება 100 ევროს დაბრუნებაა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. კ-ს ი. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1200 აშშ დოლარისა და 600 ევროს გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 მაისის განჩინებით დ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

სასამართლოს შეფასების განხილვის საგანს წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დ. კ-ს ი. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1 200 აშშ დოლარისა და 600 ევროს გადახდა. მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ ი. ა-მა დ. კ-ს სესხად გადასცა 1 200 აშშ დოლარი. სააპელაციო საჩივრით სადავოს არ წარმოადგენდა ასევე ის გარემოება, რომ ი. ა-მა დ. კ-ს ასესხა 600 ევრო (ამ ნაწილში ი. ა-ს სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია). მხარეები სადავოდ ხდიდნენ მსესხებლის მიერ გამსესხებლისათვის 1 200 აშშ დოლარისა და 600 ევროს გადახდის ფაქტს.

პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული ის გარემოება, რომ დ. კ-მ გამსესხებელს დაუბრუნა სესხი – 1 200 აშშ დოლარი და 500 ევრო და მისი დავალიანება შეადგენდა მხოლოდ 100 ევროს. სასამართლომ ეს მოსაზრება დაამყარა შემდეგ გარემოებას:

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით. პალატამ ასევე მიუთითა საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით, რომელიც ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ვალდებულია, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას. ამდენად, რადგან სესხად გაცემული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მსესხებელს, შესაბამისი მტკიცებულება კი, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე, შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ დ. კ-ის მიერ ი. ა-სათვის სესხის სახით აღებული თანხა, მოპასუხის მიერ დაბრუნებული არ არის.

სამოქალაქო საქმეთა პალატამ სადავო გარემოების დამადასტურებლად არ მიიჩნია აპელანტის მითითება დეტექტივ-გამომძიებლის ზეპირი გასაუბრების შესახებ 2013 წლის 21 მარტის ოქმისა და ი. ა-ის მიერ წარმოდგენილი მოწმის ჩვენებაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მართალია, მოწმის ჩვენება და წერილობითი მტკიცებულებები წარმოადგენენ მტკიცებულებათა სახეებს, მაგრამ აღნიშნული ვერ გამოდგება სადავო გარემოების სამტკიცებულად, ვინაიდან, ისინი არ წარმოადგენენ ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ისეთ მტკიცებულებათა სახეებს, რისი მეშვეობითაც სადავო გარემოება უნდა დადასტურდეს. კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა ასეთ მტკიცებულებას წარმოადგენს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი).

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ დეტექტივ-გამომძიებლის ზეპირი გასაუბრების შესახებ 2013 წლის 21 მარტის ოქმი შედგენილია ძველი თბილისის დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის მიერ დ. კ-სთან ზეპირი გასაუბრების საფუძველზე. ოქმს ხელს აწერენ მხოლოდ დ. კ-ე და დეტექტივ-გამომძიებელი, მითითებულ დოკუმენტზე ი. ა-ის ხელმოწერა არ ფიქსირდება. ამდენად, 2013 წლის 21 მარტის ოქმს აქვს იგივე მტკიცებულებითი ძალა, რაც მოპასუხის მიერ სასამართლოს სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებას. მოპასუხის ზეპირი ახსნა-განმარტება კი, სადავო გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებას არ წარმოადგენდა.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 623-ე და 624-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია რომ დ. კ-მ მოსარჩელე ი. ა-ისაგან სესხად მიიღო 1 200 აშშ დოლარი და 600 ევრო, დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ სესხად აღებული თანხა, მსესხებლის მიერ დაბრუნებული არ არის. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ არსებობდა დ. კ-ისათვის ი. ა-ის სასარგებლოდ 1 200 აშშ დოლარის და 600 ევროს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-მ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

გასაჩივრებული განჩინება უსაფუძვლოა, მიღებულია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი დეტექტივ-გამომძიებლის ზეპირი გასაუბრების შესახებ 2013 წლის 21 მარტის ოქმი, რომლის თანახმადაც, დ. კ-მ ი. ა-ისაგან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ისესხა 1200 აშშ დოლარი და 600 ევრო. ამავე ოქმში დაფიქსირებულია, რომ მსესხებელი ყოველთვიურად იხდიდა პროცენტს. 2012 წლის ივნისში კი კასატორმა გადაიხადა 300 ევრო და 250 აშშ დოლარი, ხოლო, ოქმის შედგენის მომენტისათვის დ. კ-ის დავალიანება შეადგენდა მხოლოდ 100 ევროს.

სასამართლომ წარმოდგენილი ოქმი მტკიცებულებად არასწორად მიიღო მხოლოდ ვალის აღიარების ნაწილში და არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ ამავე ოქმში დ.კ-ე უთითებდა 250 აშშ დოლარისა და 300 ევროს გადახდაზე. ი. ა-ის მოთხოვნის უსაფუძვლობას ადასტურებს პირველი ისტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტი თანხის მოთხოვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ივლისის განჩინებით დ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა დ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ დ. კ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ს. ხ-ას მიერ 2014 წლის 23 ივნისის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ დ. კ-ს (პ/№......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ს. ხ-ს მიერ 2014 წლის 23 ივნისის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე