საქმე №ას-702-672-2014 3 ნოემბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - შპს „ჰ-ი“, დირექტორი დ. შ-ი (კასატორი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის მთავარი სამმართველო, შ. ჭ-ე, ზ. მ-ე, ვ. კ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 მაისის განჩინება
განმცხადებლების მოთხოვნა – სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ჰ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს, შ. ჭ-ის, ზ. მ-ისა და ვ. (ვ) კ-ის მიმართ და მოითხოვა შემდეგი:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მიმართ შპს „ჰ-ის“ დირექტორ ი.გ-ის 2009 წლის 3 დეკემბრის N02-204 წერილის ბათილად ცნობა, შსს გურიის სამხარეო სამმართველოს, მისი ყოფილი უფროსის - შ.ჭ-ის, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტის - ზ.მ-ისა და ტექნიკური ზედამხედველობის უფროსის - ვ.კ-ისათვის სოლიდარულად 326831,90 ლარის დაკისრება.
მოპასუხეებმა სარჩელის არ ცნეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ჰ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 მაისის განჩინებით შპს „ჰ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჰ-მა“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის განჩინებით, შპს „ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
2014 წლის 31 ოქტომბერს შპს „ჰ-ის“ დირექტორმა დ. შ-მა განცხადებით მომართა სასამართლოს საქმის განხილვაზე უარის თქმისა და სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების მოთხოვნით. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ განმცხადებელმა დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ სარჩელზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა, ამასთან, აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილი იყო სარჩელზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა შპს „ჰ-ის“ დირექტორ დ. შ-ის განცხადების საფუძვლიანობა და თვლის, რომ შპს „ჰ-ის“ სარჩელზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს, შ. ჭ-ის, ზ. მ-ისა და ვ. (ვ) კ-ის მიმართ, წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის განჩინებით, შპს „ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად;
2014 წლის 31 ოქტომბერს შპს „ჰ-ის“ დირექტორმა დ. შ-მა განცხადებით მომართა სასამართლოს საქმის განხილვაზე უარის თქმისა და სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების მოთხოვნით;
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტით დასტურდება, რომ განმცხადებელმა დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ, სარჩელზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა, ამასთანავე, მისთვის ცნობილი იყო სარჩელზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგების თაობაზე;
სამეწარმეო რეესტრში დაცული ელექტრონული მონაცემების თანახმად, შპს „ჰ-ის“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დ. შ-ი (იხ. სამეწარმეო რეესტრის მონაცემები https://enreg.reestri.gov.ge/main.php?m=new_index&state=search).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. პალატა ასევე მოიხმობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლებამოსილება აქვთ დირექტორებს, ამავე ნორმის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილია, რომ ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საკასაციო პალატის მიერ შემოწმებული სამეწარმეო რეესტრის მონაცემები დირექტორის უფლებამოსილების შეზღუდვას არ შეიცავს, ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დ. შ-ი უფლებამოსილია, საზოგადოების სახელით მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით, მათ შორის სარჩელზე უარის თქმის შესახებ შუამდგომლობითაც.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს - დისპოზიციურობას განამტკიცებს და დადგენილია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ (კასატორმა) უარი განაცხადა სარჩელზე, პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ჰ-ის“ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ შპს „ჰ-ის“ მიერ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე სარჩელზე უარის თქმის გამო, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს ლ. გ-ის მიერ შპს „ჰ-ის“ სახელით 2014 წლის 17 ივლისის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 8 000 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჰ-ის“ დირექტორ დ. შ-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე შპს „ჰ-ის“ სარჩელის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს, შ. ჭ-ის, ზ. მ-ისა და ვ. (ვ) კ-ის მიმართ, შპს „ჰ-ის“ დირექტორ ი.გ-ის 2009 წლის 3 დეკემბრის N02-204 წერილის ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრების თაობაზე.
3. კასატორ შპს „ჰ-ს“ (ს/N.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ლ. გ-ის მიერ შპს „ჰ-ის“ სახელით 2014 წლის 17 ივლისის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 8 000 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე