№ას-893-851-2013 7 ნოემბერი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (მოპასუხე)
2. ნ. გ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორთა მოთღხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელე 1999 წლის 23 ივნისიდან მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის, 2008 წლიდან ირიცხებოდა სემეკის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 2012 წლის 9 მარტს ადმინისტრაციული ორგანოს თავმჯდომარის №84 ბრძანების საფუძველზე იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. სემეკიდან გამოთხოვილი განთავისუფლების ბრძანების გაცნობით, ცნობილი გახდა, რომ ამ ბრძანებით მოსარჩელისა და მოპასუხეს შორის შეწყდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედებაც განსაზღვრული იყო 2013 წლის 1 იანვრამდე. მოსარჩელის განმარტებით, მისთვის დღემდე გაუგებარია განთავისუფლების მიზეზი, რადგან პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. ამასთან, როგორც მისთვის ცნობილი გახდა, 2013 წლის 1 იანვრიდან სემეკში შრომითმა ანაზღაურებამ მოიმატა და იგი მუშაობის შემთხვევაში მიიღებდა ხელფასს - 2500 ლარს.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ნ. გ-ე სამსახურიდან გათავისუფლდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის “ 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, რაც არ ავალდებულებს შრომითი ურთიერთობის მხარეს, დაასაბუთოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ანდა შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი. ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელისათვის იმთავითვე ცნობილი იყო სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, თუმცა სემეკის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ბრძანებაში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით. ამ საფუძვლებზე მითითებით, მოპასუხემ მოითხოვა ნ. გ-ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ნ. გ-ის სასარგებლოდ, სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან, 2012 წლის 5 მარტიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე დაეკისრა განაცდურის, მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება 15 008,95 (თხუთმეტი ათას რვა ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი, ხოლო სარჩელი პრემიის თანხისა და 2013 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით სახელფასო დავალიანების ანაზღაურების, სამსახურში აღდგენისა და შრომითი ხელშეკრულების 10 თვის ვადით გაფორმების დავალდებულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ნ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 42018,95 ლარის ანაზღაურება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2012 წლის 2 მარტს, ნ. გ-სა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიას შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) №0-3. ამ კონტრაქტით ნ. გ-ე დაინიშნა კომისიის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსად. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 1 იანვრამდე. ხელშეკრულების მე-7 მუხლით, მხარეები შეთანხმდნენ შრომის ანაზღაურების წესზე, კერძოდ, დამსაქმებელი დასაქმებულს შრომის ანაზღაურებას, ხელფასს, ყოველთვიურად უხდის დასაქმებულის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მისი საშტატო განრიგის შესაბამისად განსაზღვრულ ანაზღაურებას. ხელშეკრულების თანახმად, ნ. გ-ს ყოველთვიურად უნდა მიეღო ხელფასი, რომელიც გადასახადების გადახდის შემდეგ შეადგენდა 1760 ლარს. ამავე ხელშეკრულების მე-10 მუხლით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და მუშაობაში მოპოვებული წარმატებებისათვის დამსაქმებელს დასაქმებულის მიმართ უნდა გამოეყენებინა წახალისების შემდეგი ფორმები: მადლობის გამოცხადება, პრემიის მიცემა, ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ 2012 წლის 9 მარტის ბრძანებით ნ. გ-სთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია „შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის „დ“ პუნქტი. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე ნ. გ-მ განმარტა, რომ 2012 წლის 9 მარტიდან 2013 წლის 1 იანვარმდე პერიოდში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ უკლებლივ ყველა თანამშრომელზე, გარდა ხელფასისა, 15-ჯერ გასცა დამატებითი თანხა-პრემია, ხელფასის 50-100%-ის ოდენობით, მათ შორის: კვარტალური პრემიის სახით: 2012 წლის მარტში-ხელფასის 100%; 2012 წლის ივნისში-ხელფასის 100%; 2012 წლის სექტემბერში-ხელფასის 100%; 2012 წლის დეკემბერში-ხელფასის 100%; გარდა ამისა გაიცა სააღდგომო პრემია ხელფასის 100%; 12 მაისის (ანდრია მოციქულის ხსენების დღე) პრემია ხელფასის 50%; 26 მაისის (საქართველოს დამოუკიდებლობის დღის) პრემია ხელფასის 100%; 12 ივლისის (პეტრე-პავლობის დღესასწაულის) პრემია ხელფასის 100%; 9 აგვისტოს (სემეკის დაარსების 15 წლისთავის) პრემია ხელფასის 100%; 28 აგვისტოს (მარიამობის) პრემია ხელფასის 50%; სექტემბერში, ენერგეტიკის დღისათვის მიძღვნილი პრემია ხელფასის 100%; 14 ოქტომბრის (სვეტიცხოვლობის) პრემია ხელფასის 100%; 23 ნოემბრის (გიორგობის) პრემია ხელფასის 100%; 17 დეკემბრის (ბარბარობის) პრემია ხელფასის 100%; საახალწლო პრემია ხელფასის 200%;
პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად მიიჩნია არაკანონიერად ნ გ-ის განთავისუფლება და მართებულად განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტი არ აძლევდა უფლებას, დამსაქმებელს თვითნებურად და ყოველგვარი მოტივაციის გარეშე მოეშალა შრომითი ხელშეკრულება. პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რადგან მხარეთა შორის დადებული იყო ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულების მონაწილე თითოეულ პირს, მათ შორის, დამსაქმებელს, ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებები უნდა შეესრულებინა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი, ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არის გარიგება. ხელშეკრულების მოშლა არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისაკენ, ამიტომ, ხელშეკრულების მოშლა გარიგებაა.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს, ბათილია. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიერ გამოვლენილი ნება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, ამიტომ, ეს ნების გამოვლენა, ე.ი 2012 წლის 9 მარტის ბრძანება ბათილია. ბათილი გარიგება, გარიგებით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2012 წლის 9 მარტის ბრძანებას, მისი შესაბამისი, სამართლებრივი შედეგები არ მოჰყოლია და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიასა და ნ. გ-ს შორის შრომითი ურთიერთობა არ შეწყვეტილა. მიუხედავად ამისა, ბათილი ბრძანების გამო, ნ. გ-ე შრომით მოვალეობებს ვერ ასრულებდა, ე.ი 2012 წლის 9 მარტიდან იგი მოსცდა დამსაქმებლის ბრალით.
საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება სრულად მიეცემა. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ მხარეებს, შრომითი ხელშეკრულებით ზემოხსენებული ნორმისაგან განსხვავებული წესი არ დაუდგენიათ, ამიტომ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია ვალდებულია, ნ. გ-ს სრულად გადაუხადოს შრომის ანაზღაურება იძულებითი მოცდენის მთელი პერიოდისათვის. უდავოა, რომ შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო განსაზღვრული ვადით - 2013 წლის 1 იანვრამდე და ამ ვადის გასვლის შემდეგ მხარეებს ხელშეკრულება არ გაუგრძელებიათ. ამის გამო, ნ. გ-ე დამსაქმებლის ბრალით 2012 წლის 9 მარტიდან 2013 წლის 1 იანვრამდე იძულებით მოცდა.
2012 წლის 9 მარტიდან 2013 წლის 1 იანვრამდე გავიდა 9 თვე და 21 დღე, ე.ი. ამ დროის განმავლობაში, ნ გ-ე, გადასახადების დაკავების შემდეგ, მიიღებდა ხელფასს, 1760X9+1760/30X21=17071,95 ლარს. უდავოა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ სამუშაოდან განთავისუფლების ბრძანების გამოცემის შემდეგ, მოსარჩელეს გადაუხადა 1760 ლარი. ამის გამო, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს მიუღებელი ხელფასი: 17072-1760=15311,95 ლარი. ნ. გ-მ მოპასუხისათვის, 15618,95 ლარის დაკისრება მოითხოვა. ამის გამო, ამ ნაწილში, მისი მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლიანია. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე, თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. ამ ნორმათა საფუძველზე, საქართველოს სასამართლოს იურისდიქციას დაქვემდებარებული ყველა პირი, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიაც, ვალდებულია, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა დასაშვებია, მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში და საპატიო მიზეზით.
დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიას დაევალა სასამართლოსათვის წერილობითი მტკიცებულებების წარმოდგენა, კერძოდ, 2012 წლის 5 მარტიდან - 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე პრემიების ან სხვა სახელფასო დანამატების გაცემასთან დაკავშირებით გამოცემული აქტების (ბრძანებების, განკარგულებების და ა.შ.) და შესაბამისი დანართების სათანადოდ დამოწმებული ასლები. დადგენილია, რომ 2013 წლის 1 ივლისის წერილით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის აღმასრულებელმა დირექტორმა არ უარყო, რომ გამოთხოვილი მტკიცებულებები მასთან იმყოფებოდა, თუმცა სასამართლოს დავალების შესრულებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მტკიცებულებებში მითითებული ინფორმაცია წარმოადგენდა სხვა პირთა პირად საიდუმლოებას.
პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლოს განჩინებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიას დაევალა სასამართლოსათვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიერ გამოცემული აქტების (ბრძანებების, განკარგულებების და ა.შ) წარმოდგენა, რაც საიდუმლო ინფორმაცია არ არის, თუმცა, ასეც რომ არ იყოს, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი წინადადებისა და 48-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს შეეძლო, გამოეთხოვა, მათ შორის, პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია ვალდებული იყო, ეს ინფორმაცია სასამართლოსათვის მიეწოდებინა.
პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს დავალების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიას არ ჰქონია. ამის გამო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხემ წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე უარი განაცხადა არასაპატიო მიზეზით, ამიტომ, სწორედ იგი იყო ვალდებული, დაემტკიცებინა სახელფასო და საპრემიო დანამატების გაცემასთან დაკავშირებით, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების უსწორობა. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ნათია გოცირიძემ განაცხადა, რომ 2012 წლის 9 მარტიდან 2013 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ უკლებლივ ყველა თანამშრომელზე, სხვადასხვა მიზეზით, ხელფასის გარდა, 15-ჯერ გასცა დამატებითი თანხა ხელფასის 50-100-200%, კერძოდ, კვარტალური პრემიის სახით: 2012 წლის მარტში-ხელფასის 100%; 2012 წლის ივნისში-ხელფასის 100%; 2012 წლის სექტემბერში-ხელფასის 100%; 2012 წლის დეკემბერში-ხელფასის 100%; გარდა ამისა გაიცა: სააღდგომო პრემია ხელფასის 100%; 12 მაისის (ანდრია მოციქულის ხსენების დღის) პრემია ხელფასის 50%; 26 მაისის (საქართველოს დამოუკიდებლობის დღის) პრემია ხელფასის 100%; 12 ივლისის (პეტრე-პავლობის დღესასწაულის) პრემია ხელფასის 100%; 9 აგვისტოს (სემეკის დაარსების 15 წლისთავის) პრემია ხელფასის 100%; 28 აგვისტოს (მარიამობის დღესასწაულის) პრემია ხელფასის 50%; სექტემბერში ენერგეტიკის დღისათვის პრემია ხელფასის 100%; 14 ოქტომბრის (სვეტიცხოვლობის) პრემია ხელფასის 100%; 23 ნოემბრის (გიორგობის) პრემია ხელფასის 100%; 17 დეკემბრის (ბარბარობის) პრემია ხელფასის 100%; საახალწლო პრემია ხელფასის 200%; ამ ფაქტის გამაქარწყლებელი არცერთი მტკიცებულება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. მას არ წარმოუდგენია არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ამ თანხას არ მიიღებდა ნ. გ-ე, თუ დასაქმებული იქნებოდა.
როგორც აღინიშნა, საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნორმით გათვალისწინებულ „შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობაში“ იგულისხმება ყველა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა დასაქმებული, დამსაქმებელს მისი შრომითი უფლებები უსაფუძვლოდ რომ არ დაერღვია. რადგან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ ვერ წარმოადგინა საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები, იგი ვალდებულია, ნ. გ-ს, მიუღებელ ხელფასთან ერთად გადაუხადოს ის დამატებითი თანხა, რომელსაც იგი მიიღებდა 2012 წლის 9 მარტიდან 2013 წლის 1 იანვრამდე პერიოდში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიას ნ გ-ისათვის შრომის ხელშეკრულება უსაფუძვლოდ რომ არ შეეწყვიტა, 2012 წლის 9 მარტიდან -2013 წლის 1 იანვრამდე იგი, გარდა ხელფასისა, მიიღებდა 1760X15=26400 ლარს. ამის გამო, სასარჩელო მოთხოვნა ხელფასის გარდა, დამატებით 26400 ლარის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია.
პალატა არ იზიარებს ნ. გ-ის მოთხოვნას სამუშაოზე აღდგენისა და 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ განაცდურის დაკისრების ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შემდეგი დასაბუთებით: ევროპის სოციალური ქარტიის I ნაწილის 24-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, მუშაკის უფლება არ შეუწყდეს დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, აღიარებულია, თუმცა, ამავე მუხლის „ბ“ პუნქტით აღიარებულია მუშაკის უფლება სათანადო კომპენსაციაზე, თუ მისი დასაქმება შეწყდა საპატიო მიზეზის გარეშე. ხსენებული ქარტიის შესწორებული ვერსიით, 24-ე მუხლის მიზნებისათვის ტერმინები „დასაქმების შეწყვეტა“ და „შეწყვეტილი“ გაიგივებულია დამსაქმებლის ინიციატივით დასაქმების შეწყვეტასთან, ხოლო მე-4 პუნქტში მითითებულია, რომ კომპენსაია ან სხვა შესაბამისი დაკმაყოფილება დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში, საპატიო მიზეზის გარეშე განისაზღვრება ეროვნული კანონებით ან კანონქვემდებარე აქტებით, კოლექტიური შეთანხმებებით ან ეროვნული პირობებისადმი შესაბამისი სხვა სათანადო საშუალებებით.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულია უმიზეზოდ დათხოვნილი პირისათვის კომპენსაციის გადახდის წესი (რაც კომისიის მიერ შესრულებულია), წინააღმდეგობა საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო კონვენციას შორის არ არსებობს და ამ კონვენციაზე აპელირება მოკლებულია საფუძველს. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულების მოშლა. ამავე კოდექსის 38-ე მუხლი ამომწურავად და იმპერატიულად ადგენდა შრომითი ხელშერულების მოშლის წესს, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემოდა არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება. აღნიშნული მუხლები ინტერპრეტირების საფუძველს არ იძლეოდნენ. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ პირველი მუხლის თანახმად, შრომითი დავების გადაწყვეტისას სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენება დაუშვებელია.
აღნიშნულის შემდგომ, კერძოდ, 2013 წლის 26 ივნისს სასამართლომ, სრულიად უსაფუძვლოდ მიიღო ახალი საოქმო განჩინება და კომისიას ძველ ფორმულირებასთან ერთად დაევალა, სასამართლოსათვის წარედგინა ინფორმაცია და გამოცემული აქტები კომისიაში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე გაცემული პრემიების თაობაზე, რაზედაც, სასამართლოს წერილობით განემარტა, რომ მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავდა მესამე პირებთან დაკავშირებულ ისეთი სახის მონაცემებს, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, კონფიდენციალურია, რის გამოც, კომისია შეზღუდული იყო მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლოსათვის წარედგინა მესამე პირების პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. როგორც სასამართლო პროცესზე იქნა განმარტებული, 2013 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინება საჩივრდებოდა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, საკასაციო საჩივართან ერთად წარდგენილია მოთხოვნა, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინება №2/ბ-403-2013 საქმეზე, როგორც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შეუსაბამოდ გამოტანილი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნ. გ-მ გაასაჩივრა შემდეგი დასაბუთებით: მოცემულ შემთხვევაში, განთავისუფლების ბრძანება სააპელაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც კანონსაწინაამდეგო გარიგება, შესაბამისად, მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე და ბათილად ცნო. აღნიშნული მოქმედებით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა სამსახურში აღდგენა, ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, იგი განსხვავდება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომლის თანახმადაც, უკანონოდ განთავისუფლებული მუშაკი ექვემდებარება აღდგენას პირვანდელ თანამდებობაზე. სასამართლომ არ შეაფასა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოდან გამოთხოვილი პირადი საქმე, რომლის მიხედვითაც, ნ. გ-ე 1998 წლიდან უწყვეტად მუშაობდა სემეკში და, ვინაიდან, იგი პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში მას არა აქვს მიღებული გაფრთხილება, ამიტომ ნ. გ-ე სამართლიანად ელოდა, რომ სემეკი მას ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგაც გაუგრძელებდა ხელშეკრულებას, საქმის ნამდვილი გარემოებების გათვალისწინებით ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის არცერთი საფუძველი არ არსებობდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და ნ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2012 წლის 2 მარტს, ნ. გ-სა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიას შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) №0-3.
ამ კონტრაქტით ნ. გ-ე დაინიშნა კომისიის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსად.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 1 იანვრამდე.
ხელშეკრულების მე-7 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ შრომის ანაზღაურების წესზე, კერძოდ, დამსაქმებელი დასაქმებულს შრომის ანაზღაურებას (ხელფასის სახით), ყოველთვიურად უხდის დასაქმებულის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მისი საშტატო განრიგის შესაბამისად განსაზღვრულ ანაზღაურებას.
ხელშეკრულების თანახმად, ნ. გ-ს ყოველთვიურად უნდა მიეღო ხელფასი, რაც გადასახადების გადახდის შემდეგ, შეადგენდა 1760 ლარს.
ამავე ხელშეკრულების მე-10 მუხლით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და მუშაობაში მოპოვებული წარმატებებისათვის დამსაქმებელი დასაქმებულის მიმართ გამოიყენებს წახალისების შემდეგ ფორმებს: მადლობის გამოცხადებას, პრემიის მიცემას, ფასიანი საჩუქრით დაჯილდოებას.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ 2012 წლის 9 მარტის ბრძანებით ნ. გ-სთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა.
შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ”დ” პუნქტი.
მითითებული ფაქტები მხარეთა შორის დავას არ იწვევს, ამდენად, ეს ფაქტები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი).
სააპელაციო სასამართლომ, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. გ-ე სამსახურიდან არაკანონიერად გათავისუფლდა და საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტი დამსაქმებელს უფლებას არ აძლევდა, თვითნებურად და ყოველგვარი მოტივაციის გარეშე მოეშალა შრომითი ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ნ. გ-ის სამუშაოდან დათხოვნის ბრძანება უკანონოა და, ამდენად, ბათილი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებული მოსაზრებას არ დაეთანხმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის წარმომადგენელი, რომელმაც საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ ნ. გ-ის სამუშაოდან განთავისუფლების პერიოდში მოქმედი „საქართველოს შრომის კოდექსი“ ითვალისწინებდა დასაბუთების გარეშე მუშაკის სამუშაოდან განთავისუფლებას. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, მათ ჰქონდათ უფლება, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუშაკი სამუშაოდან დასაბუთების გარეშე გაეთავისუფლებინათ.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ამ მოსაზრებას და განმარტავს, რომ, დაუშვებელია დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საყურადრებოა საერთაშორისო აქტები, რომლებიც იცავს დასაქმებულს სამუშაოდან წინასწარი შეტყობინებისა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე განთავისუფლებისაგან. ევროპის სოციალური ქარტიის, 4.4 მუხლით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის №1876_რს დადგენილებით), შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლების განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას კისრულობენ, აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) მე-6 მუხლის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილით, ამ პაქტით მონაწილე სახელმწიფოთა ღონისძიებანი, ამ უფლების სრულად განხორციელების მიზნით, შეიცავს პროფესიულ-ტექნიკური სწავლებისა და მომზადების პროგრამებს, განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარებისა და სრული საწარმოო დასაქმების გზებსა და მეთოდებს ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის ძირითად პოლიტიკურ და ეკონომიკურ თავისუფლებას. ადამიანის სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 22-ე მუხლი, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება, განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ შრომის თავისუფლება ფართო გაგებით პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებას.
ამდენად, ზემოაღნიშნული საერთაშორისო ნორმები იძლევა დასკვნის საშუალებას დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით დაცვაზე სახელმწიფოს ვალდებულებასა და მიზანზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნებისმიერი უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.“ ერთ-ერთ საკასაციო განჩინებაში ასევე აღნიშნულია, რომ „დამსაქმებელს რომ არ მიეცეს „თვითნებობისა და დასაქმებულის სამუშაოდან უსამართლო და უპირობო განთავისუფლების საფუძველი“, უნდა დადგინდეს დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი.“ (უზენაესი სასამართლოს განჩინებები №ას-545-513-2012 5.10. 2012წ., №ას-106-101-2014, 2.10. 2014 წელი).
კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორი არა მარტო არ უთითებს სამუშაოდან დათხოვნის საფუძველზე, არამედ მიიჩნევს, რომ აუცილებელი არ არის სამუშაოდან დასაქმებულის დათხოვნისას საფუძვლის არსებობა, რაც არ არის მართებული.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარით კასატორი სადავოს ხდის იძულებით გაცდენილი ხელფასის ანაზღაურების საკითხს, კერძოდ, საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ის არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ, საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, იძულებითი განაცდურში იგულისხმება ყველა შემოსავალი. აქედან გამომდინარე, კასატორი აღნიშნავს, რომ პრემია არ შეიძლება, იყოს ხელფასი ან მასზე დანამატი. ამასთან მიმართებით კასატორი ასაჩივრებს 2013 წლის 26 ივნისის სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებას, რომლითაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიას დაევალა პრემიების გაცემასთან დაკავშირებული საბუთების წარმოდგენა. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ დაარღვია პროცესუალურ-სამართლებრივი ნორმები ამ განჩინების მიღებით, რითაც საბოლოოდ მას არასწორად დააკისრა პრემიული თანხის გადახდა.
ამასთან მიმართებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, გავცეთ პასუხი კითხვას: შეიძლება თუ არა იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულზე გასაცემი შრომის ანაზღაურებაში ვიგულისხმოთ, ასევე პრემია?
იმისათვის, რომ ამ კითხვას გავცეთ პასუხი, უნდა გავარკვიოთ ტერმინი „პრემია“ რა შინაარსით არის დატვირთული მხარეთა ურთიერთობებში, შესაბამისად, პრემიის გაცემა წარმოადგენს დამსაქმებლის უფლებასა თუ ვალდებულებას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ 2012 წლის 2 მარტს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-10 მუხლით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და მუშაობაში მოპოვებული წარმატებებისათვის დამსაქმებელი დასაქმებულის მიმართ გამოიყენებს წახალისების შემდეგ ფორმებს: მადლობის გამოცხადებას, პრემიის მიცემას, ფასიანი საჩუქრით დაჯილდოებას.
მითითებული წესის მიხედვით, დამსაქმებელი დასაქმებულის მიმართ გამოიყენებს წახალისების ფორმებს მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და მუშაობაში მოპოვებული წარმატებებისათვის. სამსახურებრივი მოვალეობის „კეთილსინდისიერად შესრულებისა“ და „წარმატების“ შეფასებას აძლევს დამსაქმებელი, ეს მისი დისკრეციული უფლებამოსილებაა. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ წახალისების ფორმაში იგულისხმება არა მარტო პრემია (ფულადი ანაზღაურება), არამედ მადლობის გამოცხადება და ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება.
ამ ფორმების არჩევის უფლებაც გააჩნია დამსაქმებელს.
ამ წესისაგან განსხვავებულად არის ხელშეკრულებით მოწესრიგებული შრომის ანაზღაურების ფორმისა და ოდენობის საკითხი.
საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. განსახილველი ნორმის მიხედვით, მხარეებმა ხელშეკრულების მე-7 პუნქტით გაითვალისწინეს, რომ დამსაქმებელი დასაქმებულს შრომის ანაზღაურების (ხელფასის) სახით, ყოველთვიურად უხდის დასაქმებულის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მისი საშტატო განრიგის შესაბამისად განსაზღვრულ ანაზღაურებას.
ხელშეკრულების თანახმად, ნ. გ-ს ყოველთვიურად უნდა მიეღო ხელფასი, რაც გადასახადების გადახდის შემდეგ, შეადგენდა 1760 ლარს, შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ ფულად ანაზღაურებაზე (მით უმეტეს გასათვალისწინებელია შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელშიც ხელფასში იგულისხმება „თანხა“, რომლის დაყოვნებისათვის დამსაქმებელს ეკისრება დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი).
აქედან გამომდინარე, შესაძლებელი დავასკვნათ, რომ ხელშეკრულების მე-10 მუხლით გათვალისწინებული წახალისების ფორმების გამოყენება წარმოადგენს დამსაქმებლის უფლებას, შესაბამისად, დაუშვებელია პირს იძულებით დაეკისროს მინიჭებული უფლების განხორციელება ამ პუნქტის საფუძველზე. მითითებულ პუნქტისაგან უნდა განვასხვავოთ ხელშეკრულების მე-7 პუნქტი, რომლითაც გათვალისწინებულია დამსაქმებლის ვალდებულება შრომის ანაზღაურების თაობაზე.
ამ შემთხვევაში ხელშეკრულების მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პრემიის დაკისრებით შეიძლება, გავამართლოთ დამსაქმებლისათვის მადლობის გამოცხადებისა ან/და ფასიანი საჩუქრით დაჯილდოების ვალდებულების დაკისრება, რაც დაუშვებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-836-1122-09 26 მარტი, 2010 წ.), მაგრამ, აქვე საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ნ. გ-ის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთუთებენ ხელშეკრულების მე-10 პუნქტისგან განსხვავებულ წესზე, კერძოდ, ნ. გ-მ განმარტა, რომ 2012 წლის 9 მარტიდან 2013 წლის 1 იანვარმდე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ უკლებლივ ყველა თანამშრომელზე, გარდა ხელფასისა, 15-ჯერ გასცა დამატებითი თანხა-პრემია, ხელფასის 50-100%-ის ოდენობით, მათ შორის:
კვარტალური პრემიის სახით: 2012 წლის მარტში-ხელფასის 100%; 2012 წლის ივნისში-ხელფასის 100%; 2012 წლის სექტემბერში-ხელფასის 100%; 2012 წლის დეკემბერში-ხელფასის 100%. გარდა ამისა გასცა: სააღდგომო პრემია ხელფასის 100%; 12 მაისის (ანდრია მოციქულის ხსენების დღე) პრემია ხელფასის 50%; 26 მაისის (საქართველოს დამოუკიდებლობის დღე) პრემია ხელფასის 100%; 12 ივლისის (პეტრე-პავლობის დღესასწაულის) პრემია ხელფასის 100%; 9 აგვისტოს (სემეკის დაარსების 15 წლისთავი) პრემია ხელფასის 100%; 28 აგვისტოს (მარიამობის დღესასწაული) პრემია ხელფასის 50%; სექტემბერში ენერგეტიკის დღისათვის პრემია ხელფასის 100%; 14 ოქტომბრის (სვეტიცხოვლობის) პრემია ხელფასის 100%; 23 ნოემბრის (გიორგობის) პრემია ხელფასის 100%; 17 დეკემბრის (ბარბარობის) პრემია ხელფასის 100%; საახალწლო პრემია ხელფასის 200%;
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს 2013 წლის 26 ივნისის სხდომაზე მოსარჩელე ნ. გ-ის განმარტებაზე, რომ 2008 წლიდან დღემდე ყველა თანამშრომელზე ყოველი სადღესასწაული დღისათვის გაიცემოდა პრემია, რომელსაც დამსაქმებელი შესაბამისი აქტით ამტკიცებდა ყოველწლიურად (2013წ 26.06 სხდომის ოქმის 12.07.42., 12.11.54. ჩანაწერი). მოპასუხემ ამაზე უპასუხა, რომ, რა თქმა უნდა, პრემიები გაიცემოდა, მაგრამ ეს არ ატარებდა სავალდებულო ხასიათს, მაგრამ ამავე დროს განაცხადა, რომ მისთვის (წარმომადგენლისათვის) უცნობია ერთიანი ბრძანებით განისაზღვრებოდა პრემიები თუ ინდივიდუალური აქტით (2013წ 26.06 სხდომის ოქმის 12.12.08. ჩანაწერი).
ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ნ. გ-მ მიუთითა ხელშეკრულების მე-10 პუნქტისაგან განსხვავებულ წესზე. თუ მივიჩნევთ, რომ პრემიები გაიცემოდა ყოველ წელს ერთიანი აქტით უკლებლივ ყველა თანამშრომელზე ყოველი სადღესასწაულო დღეს, მაშინ ამ აქტის მიღებით დამსაქმებელს წარმოეშობა პრემიის გაცემის ვალდებულება და ეს მოქმედება ხელშეკრულების მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ პრემირებას არაფრით უკავშირდება.
ამ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, დამსაქმებლის ორგანიზაციიდან გამოთხოვილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან და საქმეში არსებული მასალების თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიის წარმომადგენელმა არ უარყო, რომ მას გააჩნია ეს მტკიცებულებები, მაგრამ უარი განაცხადა მათ წარმოდგენაზე, რადგან მტკიცებულებებში მითითებული ინფორმაცია წარმოადგენდა სხვა პირთა პირად საიდუმლოებას (2013 წლის 01 ივლისის წერილი, გვ. 309). ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიის წარმომადგენელი არც საკასაციო საჩივარში არ უარყოფს, რომ ეს მტკიცებულებები მის ორგანიზაციაშია. კასატორის მიერ ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ იმაზე, რომ გამოთხოვილი მტკიცებულებები შეიცავენ ფინანსური შემოსავლების თაობაზე ინფორმაციას, რაც წარმოადგენს პირად საიდუმლოებას.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და დამატებით განმარტავს, რომ 2013 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინებით გამოთხოვილი მტკიცებულებები, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია დასაქმებულთა პრემირების თაობაზე, საიდუმლო არ არის. იმ შემთხვევაში თუ ადგილი ექნებოდა პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასამართლოში სამართალწარმოების მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავებაზე, რადგან ამან შეიძლება დააზიანოს სამართალწარმოება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
არ შიძლება გაზიარებულ იქნეს კასატორის მოსაზრება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, კომისიას არ ჰქონდა ამ ინფორმაციის გაცემის უფლება.
განსახილველი ნორმის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები (25.05.2012. N6327) ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე, თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა. ამდენად, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე მას არა აქვს ამ მონაცემების გახმაურების უფლება, ხოლო, თუ მივიჩნევთ, რომ გამოთხოვილ მტკიცებულებებში მოცემულია გასაიდუმლოებული ინფორმაცია, სასამართლოს მაინც გააჩნია უფლება, გამოითხოვოს ამ სახის ინფორმაცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 48-ე მუხლით დადგენილი წესით.
აქედან გამომდინარე, არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს კასატორის მოსაზრება მითითებული ნორმების განმარტებასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია ვალდებული იყო, ეს ინფორმაცია სასამართლოსათვის მიეწოდებინა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად, თუ წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა, სასამართლოს შეუძლია, მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა, და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე. განსახილველ ნორმასთან მიმართებით საკასაციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (№ას-1235-1164-2012 7.03.2013 წელი) აღნიშნულია, რომ „განსახილველი ნორმა ითვალისწინებს მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალურ საშუალებას, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი შეიძლება, დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც არ ევალება სადავო ფაქტის დადასტურება. მითითებული ნორმის განმარტებისათვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ნორმით განსაზღვრულ მიზანს, რაც გამოიხატება მტკიცებულებების წარდგენის უზრუნველყოფაში იმ მხარისაგან, რომელთანაც ინახება, კონკრეტულ შემთხვევაში, წერილობითი მტკიცებულება, მაგრამ მისთვის არ არის ხელსაყრელი მათი სასამართლოში წარდგენა, რადგან ამ მტკიცებულებით შეიძლება, დადასტურდეს მისთვის არასასურველი ფაქტი“. ამავე გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, იმისათვის, რომ სასამართლომ გადააკისროს მტკიცების ტვირთი მხარეს, რომელსაც არ ევალება სადავო ფაქტის დადასტურება, აუცილებელია, არსებობდეს ორი წინაპირობა:
პირველი, მხარე არ უნდა უარყოფდეს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა და, მეორე, იგი წერილობითი მტკიცებულების არასაპატიო მიზეზით წარდგენაზე უარს უნდა ამბობდეს. მხოლოდ ამ პირობების არსებობისას შეუძლია სასამართლოს, მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე.
ამდენად, მითითებული ნორმა არეგულირებს ისეთ სიტუაციას, რომლის თანახმად, მტკიცებულება, რომლითაც მხარეს ევალება მის მიერ მითითებული ფაქტის დადასტურება, ამავე მხარის შუამდგომლობის მიხედვით, გააჩნია მეორე მხარეს. მხოლოდ შუამდგომლობის აღმძვრელი პირის მითითება ქმნის ვარაუდს, რომ პროცესუალურ მოწინააღმდეგეს გააჩნია მისთვის საჭირო მტკიცებულება. ამ ვარაუდის გაქარწყლების საფუძველია პროცესუალური მოწინააღმდეგის უარყოფა ამ მტკიცებულების მასთან არსებობის თაობაზე.“
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიას მართებულად დაეკისრა იძულებითი მოცდენისათვის ანაზღაურება, რომელშიც გადასახდელი ხელფასის გარდა მას უნდა დაეკისროს პრემიული თანხის გადახდაც, შესაბამისად, დამტკიცებულად ითვლება ნ. გ-ის (მოსარჩელის) მითითებული ფაქტები, რომ ყოველწლიურად დამსაქმებლის მიერ მიღებული ერთიანი აქტის საფუძველზე, სადღესასწაულო დღეებში პრემია გაიცემოდა უკლებლივ ყველა თანამშრომელზე, რაც ხელშეკრულებისაგან განსხვავებულ წესს ადგენს.
აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული კითხვის პასუხად, უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ ამ აქტის (ბრძანება, განკარგულება თუ სხვა) მიღება წარმოადგენს დამსაქმებლის უფლებას, მაგრამ მიღებული აქტით გათვალისწინებული პრემიული თანხის გადახდის განსაზღვრის შემთხვევაში დასაქმებულს წარმოეშობა მისი მიღების უფლება. ამ შემთხვევაში ეს თანხაც შრომის ანაზღაურების ნაწილს წარმოადგენს. საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.
ნ. გ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად უთხრა მას უარი სამუშაოზე აღდგენაზე და აღდგენამდე განაცდურის ანაზღაურებაზე.
ამდენად, ისმის კითხვა: შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, შეიძლება თუ არა უკანონოდ განთავისუფლებული დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენა?
ამ კითხვას უნდა გავცეთ უარყოფითი პასუხი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2012 წლის 2 მარტს, ნ. გ-სა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიას შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 1 იანვრამდე.
მითითებული ფაქტობრივ გარემოებას მხარეები სადავოდ არ ხდიან.
ამდენად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ჯერ კიდევ გასული იყო პირველი ინსატნციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა პირვანდელ მდგომარეობის (სამუშაოზე აღდგენის) აღდგენის თაობაზე (საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე მუხლები) მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთან სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნა ამ შემთხვევაში ნიშნავს ამ უკანასკნელთან შრომითი სახელშეკრულებო (რომლითაც განსაზღვრული ყველა არსებითი პირობები მათ შორის შრომითი ურთიერთობების მოქმედების ვადაც) ურთიერთობების უკანონოდ შეწყვეტას. შრომის ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულს ეძლევა ამ ურთიერთობებში დაბრუნების უფლება, რადგან შრომის ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის ფაქტი მიუთითებს ამ შეწყვეტის ბათილობაზე, მაშასადამე, ნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობები არ შეწყვეტილა და დამსაქმებელს ეძლევა ამ ურთიერთობის გაგრძელება.
განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებელმა უკანონოდ შეწყვიტა დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობა, დავის განხილვის დროს ამოიწურა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, რაც შეუძლებელს ხდის დასაქმებულის ამ ურთიერთობებში დაბრუნებას. ამდენად, მისი მოთხოვნა დამსაქმებელთან ახალი ხელშეკრულების 10 თვის ვადით დადების თაობაზე უსაფუძვლოა.
აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, დამსაქმებელი აღარ იყო ვალდებული, შრომითი ურთიერთობა მოსარჩელესთან გაეგრძელებინა. ამის გამო, ნ. გ-ე 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ ხელფასს ვეღარ მიიღებდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და ნ. გ-ის საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ მითითებული კანონი არ დარღვეულა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე