№ას-920-882-2014 28 ნოემბერი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. წ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 14 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ლ. წ-მა მოპასუხეების: სქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და კ. უ-ის მიმართ.
მოსარჩელის მოთხოვნა:
თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2011 წლის 11 ნოემბერს დაყადაღებული ნივთების: ტელევიზორი „როდსენის“, ტელევიზორის მაგიდის, მწვანე პუფის, კომოდის, რკინის სკამის, გასაშლელი დივნის, გარდირობის, მაცივარი „ორსკ-3-ისა“ და ხის „ტაბურეტის“ ყადაღისგან გათავისუფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
ყადაღისგან გათავისუფლდა მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 11 ნოემბრის აქტის საფუძველზე დაყადაღებული მოძრავი ქონება:
ტელევიზორი „როდსენი“, ტელევიზორის მაგიდა, მწვანე პუფი, კომოდი, რკინის სკამი, გასაშლელი დივანი, გარდირობი, მაცივარი „ორსკ-3“, ხის „ტაბურეტი“.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა.
აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2014 წლის 9 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ქონების აღწერისა და დაყადაღების თაობაზე თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2011 წლის 11 ნოემბრის აქტის საფუძველზე ყადაღა დაედო თბილისში, ვ. მე-4 მ/რ-ის №16-ში მდებარე მოძრავ ქონებას, კერძოდ: ტელევიზორ „როდსენს“, ტელევიზორის მაგიდას, მწვანე პუფის, კომოდს, რკინის სკამს, გასაშლელ დივანს, კარადას, მაცივარ „ორსკ-3-ს“, ხის სკამს.
ქონების დაყადაღებას ესწრებოდა კ. უ-ე, რომელმაც აქტზე გააკეთა შენიშვნა იმის შესახებ, რომ აქტში მითითებული ქონება არ წარმოადგენდა მის საკუთრებას.
ლ. წ-ი და კ. უ-ე არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ლ. წ-ის განმარტებით, კ. უ-ე არის მისი შვილის მამა.
კ. უ-ის რეგისტრირებული მისამართია: ქ.თბილისი, ვ. გ-ი №3 კვარტალი, მე-3 კორპუსი, №19 ბინა.
კ. უ-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას განაცხადა, რომ რამდენიმე წელია არ მუშაობს და აქტში მითითებული მისამართი არ წარმოადგენდა მის საცხოვრებელ ადგილს.
მოწმის, ე. ბ-ას განმარტებით დადგინდა, რომ დაყადაღების აქტში მითითებული ნივთების მესაკუთრეს წარმოადგენს ლ. წ-ი, რომელმაც პირადი სახსრებით შეიძინა სადავო უძრავი ქონება.
სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, რომელთა თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ); სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონის დასახელებული ნორმით დადგენილია იმ პირების უფლებების დაცვის მექანიზმი, რომელთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გარკვეული წინაპრობების თანხვედრის შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე საკუთრების უფლებით აღჭურვილი მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი კუთვნილი ქონების ყადაღისგან გათავისუფლება.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-40 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის მიხედვით, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირი განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას, იგი მაინც შეიტანება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი პირს იმავდროულად განუმარტავს მის უფლებას, მიმართოს სასამართლოს სარჩელით, ქონების ყადაღისგან გათავისუფლების მოთხოვნით. თუ მესამე პირი წარმოადგენს ქონებაზე თავისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, აღმასრულებელი, კრედიტორის თანხმობის შემთხვევაში, უფლებამოსილია ეს ქონება ამორიცხოს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებები და დასკვნები მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 44.1, 45-ე, სამოქალაქო კოდექსის 186.1, 158-ე, აგრეთვე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1, 102.2 და 105.2 მუხლების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა სარჩელის მოთხოვნა, რამდენადაც საქმეში საკმარისად იყო მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა დაყადაღებულ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ის ფაქტი, რომ სადავო ქონების რეალიზაციის უფლება მოპოვებული იყო სასამართლო გადაწყვეტილების (ქონების რეალიზაციის შესახებ ბრძანების) საფუძველზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
სასამართლომ არ შეაფასა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, აღსრულებას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამავე კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა; იგულისხმება, რომ ნივთები, რომელსაც პოულობენ მოვალესთან, წარმოადგენს მის საკუთრებას.
სასამართლოს არ უმსჯელია და თავის დასაბუთებაში არ მიუთითებია სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლზე, რომელიც ადგენს მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციას. ამ მუხლისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის იმ მუხლის დანაწესით, რომელიც ადგენს, რომ ნივთები, რომელსაც მოვალესთან პოულობენ, წარმოადგენს მის საკუთრებას, ცხადია, რომ სააღსრულებო ბიურომ ნივთების დაყადაღება კანონშესაბამისად მოახდინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე