Facebook Twitter

№ას-941-903-2014 28 ნოემბერი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ე-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. რ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 30 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ჯ. რ-მა მოპასუხე მ. ე-ის მიმართ.

მოსარჩელის მოთხოვნა:

მოპასუხისათვის ძირითადი ვალის – 3000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 6300 აშშ დოლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ. რ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

1. მ. ე-ს ჯ. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალდებულების სახით 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;

2. მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის სესხის ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს – 1000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

3. სარჩელი არ დაკმაყოფილდა პირგასამტეხლოს სახით 5300 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ე-მ.

აპელანტის მოთხოვნა:

გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივლისის განჩინებით მ. ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2009 წლის 9 ნოემბერს, ჯ. რ-სა და მ. ე-ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 3000 აშშ დოლარზე, ერთი წლის ვადით. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2 პროცენტის ოდენობით.

ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მ. ე-ს ნასესხები თანხა არ დაუბრუნებია.

მ. ე-მ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 3000 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში, რაც გახდა სესხის ძირითად ნაწილში (3000 აშშ დოლარის ნაწილში) მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. ეს ნაწილი სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით აპელანტს აღარ გაუსაჩივრებია.

მ. ე-ე, სააპელაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებას სადავოდ ხდიდა პირგასამტეხლოს ნაწილში, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მას ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სურდა სესხის თანხის გადახდა, თუმცა მოსარჩელე არ იღებდა შესრულებას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მხარე თავის თავზე იღებს როგორც ფაქტების გადმოცემის, ისე მათი დამტკიცება-დასაბუთების ტვირთს. აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესიდან, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. ამავე კოდექსით განსაზღვრულია მტკიცების ტვირთის სტანდარტი, კერძოდ, 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას, ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, მოვალე უფლებამოსილია შესრულების საგანი შეინახოს სასამართლოსა ან ნოტარიატში, ხოლო ფული ან ფასიანი ქაღალდი შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე.

ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო გარემოების (კრედიტორი აყოვნებდა შესრულების მიღებას) დასამტკიცებლად მოსარჩელეს სასამართლოსთვის უნდა წარედგინა დოკუმენტი იმის შესახებ, რომ მან ფული შეიტანა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს (მოპასუხეს) ასეთი მტკიცებულება არ წარუდგენია. სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული ის გარემოება, რომ მ. ე-ს გააჩნდა ფინანსური საშუალება ვალის გასასტუმრებლად, რაც დასტურდებოდა საბანკო დოკუმენტით, ხოლო მოწმის ჩვენებით დასტურდებოდა, რომ მოპასუხე ეძებდა მოსარჩელეს, ვერ ჩაითვლებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ისეთ მტკიცებულებებად, რომლებითაც შეიძლებოდა დადგენილიყო ზემომითითებული სადავო გარემოება.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

მოცემულ შემთხვევაში, დადგინდა, რომ მ. ე-ს ჯ. რ-ის მიმართ 2009 წლის 9 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ შეუსრულებია.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

ზემომითითებული ნორმების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ე-მ.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ, კერძოდ, მისთვის 3000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილება.

სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე თანხის დაბრუნების მიზნით ეძებდა მოსარჩელეს, სთავაზობდა მას თანხის აღებას, მაგრამ ეს უკანასკნელი თავს არიდებდა თანხის მიღებას. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 392-ე, 420-ე მუხლები.

ჯ. რ-ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. სასამართლომ, პროცესზე დაუშვა ადვოკატი, რომელსაც არ გააჩნდა მხარის მიერ მინიჭებული სათანადო რწმუნებულება, ე.ი. იგი უფლებამოსილი არ იყო საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ე-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ე-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 სექტემბრის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ე-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე