Facebook Twitter

საქმე №ას-958-920-2014 20 ნოემბერი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - თ. რ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - რ. მ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. რ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. მ-ის მიმართ და მოითხოვა გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ამ გარიგებით დაფარული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად აღიარება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ივნისის განჩინებით თ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. რ-მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ თ. რ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინებით თ. რ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან ოდენობის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, შესაბამისად საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს 10-დღიანი საპროცესო ვადის განმავლობაში დაევალა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა; ბ) სახლმწიფო ბაჟის - 2 325 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა სასამართლოს და კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თ.რ-ის გათავისუფლება, უკიდურეს შემთხვევაში, საპროცესო ვადის 30 დღით გაგრძელება. განცხადებას დაერთო ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომ მოქალაქე ნ. ჯ-ს ქ.ბათუმის ტერიტორიაზე მოქმედი სოციალურად დაუცველ და სხვა პირთა მატერიალური დახმარების გაწევის შემსწავლელი კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N11 ოქმის საფუძველზე გაეწია დახმარება 300 ლარის ოდენობით.

განცხადების თანახმად, კასატორი 84 წლის პენსიონერია, მას არ გააჩნია მატერიალური შესაძლებლობა, გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი, თ.რ-ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულაა 60740, მას მიღებული აქვს გარკვეული შეღავათები. განმცხადებელმა მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზე და განმარტა, რომ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თ. რ-ს შეეზღუდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით თ. რ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 10 (ათი) დღით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 2 325 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის საკასაციო სასამართლოში წარმოსადგენად, ამავე განჩინებით განემარტა მხარეს ხარვეზის გამოუსწორებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე.

2014 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო სასამართლომ მხარეს განუმარტა, რომ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები ასახული იყო საკასაციო საჩივარშიც და ამ გარემოებათა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით დაუდასტურებლობის გამო, შუამდგომლობა სასამართლომ არ გაიზიარა. მიუხედავად აღნიშნულისა, მხარეს კიდევ ერთხელ ეცნობა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლებით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებისა თუ მისი გადახდის გადავადების შესაძლებლობა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნებოდა შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო მისი გადახდის გადავადების, გადახდისაგან გათავისუფლებისა თუ ოდენობის შემცირების ღონისძიების გამოუყენებლობა მხარეთა სადავოდ ქცეულ უფლებას სასამართლო წესით დაცვის მიღმა დატოვებდა. როგორც სასამართლოს ეს მსჯელობა, ისე ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები (საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულება), არ ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლსა და ევროსასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს.

სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლად არ იქნა მიჩნეული განცხადებაზე დართული მტკიცებულება, სადაც მითითებული იყო მოქალაქე ნ. ჯ-ზე, რომელიც წინამდებარე საქმის სუბიექტს არ წარმოადგენდა, ეს მტკიცებულება კასატორის ქონებრივ მდგომარეობაზე გავლენას ვერ მოახდენდა.

სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით დადგენილი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვებოდა, უფრო მეტიც, კასატორი თავადვე უთითებდა, რომ სოციალური სამსახურის მიერ დადგენილი ქულა 60740 იყო, რაც, კანონის თანახმად, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარის გათავისუფლებას გამორიცხავდა.

საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე კასატორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით კი, სასამართლომ გონივრულად მიიჩნია ამ ვადის არა 30, არამედ 10 დღით გაგრძელება. პროცესუალური ეკონომიის პრინციპის მხედველობაში მიღებითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-6 ნაწილით, ასევე 401-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი საკასაციო სამართალწარმოების ვადების გათვალისწინებით, მხარეს განემარტა, რომ შუამდგომლობის სრულად დაკმაყოფილებას, შესაძლოა საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება მოჰყოლოდა.

საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კასატორს გაეგზავნა ფოსტით და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით 2014 წლის 1 ნოემბერს ჩაბარდა ოჯახის ქმედუნარიან წევრს, შვილიშვილ თ.გ-ს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 2 ნოემბერს და ამოიწურა 11 ნოემბერს. ამ საპროცესო ვადის დაცვით საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა თ. რ-ის წარმომადგენელმა და იშუამდგომლა კასატორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან საპროცესო ვადის 20 დღით გაგრძელების თაობაზე. შუამდგომლობას ერთვის თ. გ-ის დაბადების მოწმობის ასლი, სადაც მშობლებად მითითებული არიან თ-ზ გ-ე და თ. რ-ი, ასევე წარმოდგენილია თ-ზ გ-ის დაბადების მოწმობის ასლი, სადაც მშობლებად მითითებული არიან თ. გ-ე და ნ. ჯ-ი.

განმცხადებლის განმარტებით, ნ. ჯ-ი თ. რ-ის გარდაცვლილი შვილის - თ. გ-ის მეუღლეა, ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ. ეს გარემოება კი, დადასტურებულია განცხადებაზე დართული დაბადების მოწმობების ასლებით. განმცხადებლის მოსაზრებით, აღნიშნულით დასტურდებოდა, რომ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ცნობაში საუბარი იყო არა ვინმე ნ. ჯ-ზე, არამედ კასატორის ოჯახზე.

განმცხადებელმა ასევე მიუთითა თ. რ-ის მძიმე ეკონომიკურ მდგომაროებაზე, განმარტა, რომ არის 84 წლის, პენსიონერი, არც მისი რძალი და არც შვილიშვილი დასაქმებული არ არიან, პენსიით კი დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა შეუძლებელია. კასატორის წარმომადგენელმა კვლავ მიუთითა სოციალური სამსახურის მიერ თ.რ-ის ოჯახისათვის მინიჭებულ სარეიტინგო ქულაზე, ამასთან აღნიშნა, რომ წინა განცხადებაზე დართული ცნობით დასტურდებოდა ოჯახის მიერ პირველი ფულადი დახმარების მიღების ფაქტი, ამასთან, ბენეფიაციარები სარგებლობენ სატრანსპორტო შეღავათებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა ითხოვა კასატორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ არ არსებობს თ.რ-ის წარმომადგენელ გ.წ-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, შესაბამისად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული, კერძოდ: როგორც არაერთგზის განიმარტა, მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულების საწინააღმდეგოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48-ე მუხლებით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხთან დაკავშირებით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება დამოკიდებულია მხარის ქონებრივ შესაძლებლობებზე. თავის მხრივ, ამ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურება ევალება უშუალოდ მხარეს.

მძიმე ქონებრივი მდგომაროების დადასტურებად განიხილება არა მხოლოდ მითითება ამა თუ იმ გარემოებაზე, არამედ ამ მითითებაში ასახული მდგომაროების სათანადო, განკუთვნადი მტკიცებულებებით დადასტურება.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის წარმომადგენელი აპელირებს მხარის ასაკზე, იმ გარემოებაზე, რომ ის პენსიონერია და პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნია.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საპენსიო ასაკი ან თუნდაც პენსიის მიღების ფაქტი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება განხილული მხარის მძიმე ქონებრივი მდგომაროების ამსახველ ერთადერთ გარემოებად.

რაც შეეხება წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომელთა საშუალებითაც მხარე ცდილობს სასამართლო დაარწმუნოს მისი მძიმე ქონებრივი მდგომაროების არსებობაში, ესენია:

1. ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც მოქალაქე ნ. ჯ-ს ქ.ბათუმის ტერიტორიაზე მოქმედი სოციალურად დაუცველ და სხვა პირთა მატერიალური დახმარების გაწევის შემსწავლელი კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის N11 ოქმის საფუძველზე გაეწია დახმარება 300 ლარის ოდენობით;

2. თ. გ-ის დაბადების მოწმობის ასლი;

3. თ-ზ გ-ის დაბადების მოწმობის ასლი.

ამ დოკუმენტების ერთობლივად შეფასების გზით პალატა იზიარებს განმცხადებლის მტკიცებას, რომ ნ. ჯ-ი კასატორის ოჯახის წევრია, თუმცა, სოციალური დაცვის სამსახურის ცნობაში გადმოცემული ინფორმაცია ადასტურებს ნ ჯ-ისათვის მატერიალური დახმარების სახით 300 ლარის გადაცემის ფაქტს იმგვარად, რომ მტკიცებულებაში რაიმე ინფორმაცია ოჯახის ქონებრივ მდგომაროებაზე გადმოცემული არ არის. კომპენსაციის ერთჯერადად მიღების ფაქტი კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48-ე მუხლების მიზნებიდან გამომდინარე, ოჯახის მძიმე მდგომაროების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს.

უფრო მეტიც, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ. რ-მა სარჩელს დაურთო სახელმწიფო ბაჟის სახით 2 316 ლარის გადახდის ქვითარი, სააპელაციო სასამართლოში მისი შუამდგომლობა ქონებრივი მდგომაროების გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და აპელანტმა თ.რ-მა წარადგინა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 3 081,09 ლარის გადახდის ქვითარი.

საგულისხმოა, რომ მხარე თავად უთითებს სოციალური სამსახურის მიერ განსაზღვრულ ოჯახის ეკონომიკურ მაჩვენებელზე, რომელიც, მისივე განმარტებით, შეფასებულია 60 740 ქულით, რაც სოციალური დახმარების შესახებ საქართველოს მთავრობის N145 დადგენილებით განსაზღვრულ ოდენობას აღემატება, ამდენად, უდავოა, რომ მხარე არც კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულ სუბიექტს არ წარმოადგენს. რაც შეეხება განმცხადებლის მსჯელობას ეკონომიკური მაჩვენებლის არასამართლიან გამოანგარიშებაზე, აღნიშნული საკასაციო პალატის მსჯელობის ფარგლებს ცდება.

საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ თ.რ-ს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილში სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვალდებულება არ შეუსრულებია.

საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს ასევე მეორე უმთავრეს გარემოებას:

საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით მხარეს, გარდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისა, დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუქნტების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა 10-დღიანი საპროცესო ვადის დაცვით;

განჩინების თაობაზე მხარეს ეცნობა სატელეფონო შეტყობინების გზით;

საპროცესო ვადის დაცვით კასატორის წარმომადგენელმა, მართალია, მომართა სასამართლოს, თუმცა, მას დასაბუთებული საკასაციო საჩივარი არ წარმოუდგენია, მიუთითა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის მიზნით საპროცესო ვადის გაგრძელებაზე;

2014 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მხარეს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 10 დღით, მას კვლავ ამომწურავად განემარტა კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენის აუცილებლობის თაობაზე;

საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა ადრესატს 2014 წლის 1 ნოემბერს;

როგორც აღინიშნა, ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა ამოიწურა 2014 წლის 11 ნოემბერს, თუმცა, კასატორს არც ამ ვადაში შეუსრულებია დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენის ვალდებულება, ამასთანავე, მართალია იგი კვლავ შუამდგომლობს საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, თუმცა, განცხადება რაიმე მითითებას საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივრის წარუდგენლობის თაობაზე არ შეიცავს. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, მასში აღნიშნულია მხოლოდ მხარეთა დასახელება, გასაჩივრებული განჩინების თარიღი, კასატორის მოთხოვნა, შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის თაობაზე და კასატორის ხელმოწერა, ასევე მითითება, რომ საკასაციო პრეტენზიას მხარე სასამართლოს მოახსენებს მოგვიანებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი (რომელიც ზოგადი ხასიათის ნორმაა და მისი მოქმედება ვრცელდება როგორც პირველი, ისე ზემდგომი სასამარლოების მიერ საქმის განხილვაზე), საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება დავასკვნათ, რომ თუ კასატორი დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ ასრულებს საკასაციო სასამართლოს მითითებას, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, პალატა მხედველობაში იღებს რა იმ გარემოებას, რომ მხარემ, მიუხედავად საპროცესო ვადის გაგრძელებისა, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ გამოასწორა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უპირობო საფუძველია, აღარ არსებობს საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის თუნდაც ნაწილობრივ დაკმაყოფილების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. რ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, ასევე საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. თ. რ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუიხილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ბ. ალავიძე