№ას-984-945-2014 28 ნოემბერი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – რ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ა. გ-ა, ს. გ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით რ. გ-ის და გ. გ-ას სარჩელი ა. გ-ას და ს. გ-ის მიმართ, 2013 წლის 3 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების პირვანდელი მესაკუთრის (ა. გ-ას) სახელზე აღრიცხვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ნ. ბ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 ივლისის განჩინებით რ. გ-ის კანონიერი წარმომადგენლის ნ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ნ. ბ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოთხოვნის დაკმაყოფილება.
უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის, ან ნ. ბ-ას სახელზე გაცემული მინდობილობისა და ამ უკანასკნელის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა; ასევე 1000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივლისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში მის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის, ან ნ. ბ-ას სახელზე გაცემული მინდობილობისა და ამ უკანასკნელის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა; ასევე 1000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება, 2014 წლის 9 ნოემბერს ჩაბარდა რ გ-ის ოჯახის წევრს (ბებიას) ა-დ გ-ას, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 10 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 14 ნოემბერს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2014 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე