Facebook Twitter

№ას-1018-978-2014 21 ნოემბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი- შპს „მ. ქ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს. ს-ო“

წარმომადგენელი - ა. შ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – დავალიანების გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „ს. ს-ომ“ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შპს „მ. ქ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის 33499 ლარის გადახდის დაკისრება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ს. ს-ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „მ. ქ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ 33499 ლარის გადახდა დაეკისრა.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელემ კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 აპრილის განჩინებით შპს „მ. ქ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იმავე სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 აგვისტოს განჩინებით შპს „მ. ქ-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

აღნიშნული განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 სექტემბრის განჩინებით შპს „მ. ქ-ს“ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნის, ასევე დაზუსტებული კერძო საჩივრის წარმოდგენა დაევალა. განჩინება მხარეს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და 2014 წლის 18 ოქტომბერს ჩაბარდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოცემულ შემთხვევაში, გზავნილი კერძო საჩივრის ავტორის სახელით საწარმოს უფროსმა კ-მ ჩაიბარა (იხ. შპს „სკს-ს“ უკუგზავნილი). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა 19 ოქტომბრიდან დაიწყო და 21 ოქტომბერს ამოიწურა. ხარვეზი გამოსწორებული არ ყოფილა, შესაბამისად, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ. ქ-ის“ კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ვ. როინიშვილი