Facebook Twitter

№ას-1025-983-2014 21 ნოემბერი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ა. ს-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ვ.გ.ჰ ჯ. ი-ი“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - გ. ზ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცელში შეტანილი ცვლილებების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ს-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „ვ.გ.ჰ ჯ. ი-ის“ წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ფურცელში შეტანილი ცვლილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით გადაწყვეტილებით ა. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 აპრილის განჩინებით ა. ს-ს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 294,67 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა.

იმავე სასამართლოს 2014 წლის 13 მაისის განჩინებით, აპელანტის მოთხოვნით, ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა 10 დღით გაგრძელდა.

განჩინების პასუხად, აპელანტმა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და განცხადება წარადგინა, რომელსაც სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი არ ერთვოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივნისის განჩინებით ა. ს-ის სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, განუხილველად დარჩა. სასამართლოს მითითებით, მხარეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარუდგენია, სასამართლო კი, მოკლებულია შესაძლებლობას, თავისი ინიციატივით ხარვეზის შევსების ვადა გააგრძელოს.

აღნიშნული განჩინება ა. ს-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაშია გადახდილი. მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა ფოსტის მუშაკის შეცდომას, კერძოდ, მან გზავნილს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები არ დაურთო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ა. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, იმავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 აპრილის განჩინებით ა. ს-ს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის - 294,67 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დაევალა. იმავე სასამართლოს 2014 წლის 13 მაისის განჩინებით, აპელანტის მოთხოვნით, ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა 10 დღით გაგრძელდა.

განჩინების პასუხად, აპელანტმა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და განცხადება წარადგინა, რომელსაც, განცხადების ტექსტში მითითების მიუხედავად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი არ ერთვოდა.

კერძო საჩივრის ავტორმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი წარმოადგინა და მიუთითა, რომ სახელმწიფო ბაჟი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაშია გადახდილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს ზუსტ მითითებას იმ მოქმედების შესახებ, რომლის განხორციელების შემდეგ, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები აღარ იარსებებს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ნათლადაა მითითებული, რომ მხარეს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სააპელაციო სასამართლოში უნდა წარედგინა. ხარვეზის სრულად შევსების დამდასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა ფოსტის მუშაკის შეცდომას, კერძოდ, მან გზავნილს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არ დაურთო. მხარეს ამ გარემოების დამდასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, ამასთან, თავისთავად ის ფაქტი, რომ კერძო საჩივარს ბაჟის გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტის დედანი ერთვის, ცხადყოფს, რომ იგი ფოსტისათვის გადაცემული არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სრულად შევსებული არ იყო და სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. 374.3 მუხლის თანახმად კი, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ვინაიდან ა. ს-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, მხარეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივნისის განჩინება;

3. ა. ს-ს დაუბრუნდეს 16/06/2014 წლის N3685834 გადახდის ქვითრით რ. წ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 517,15 ლარი შემდეგი ანგარიშიდან ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე