Facebook Twitter

№ას-1040-997-2014 25 ნოემბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „დ-ის“ დირექტორი გ. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. კ. ზ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ს. კ. „ზ-ი“ (შპს „ზ-ი“) ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში შპს „დ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხისათვის ზედმეტად გადახდილი თანხის - 180 522,86 ლარის, 2011 წლის 25 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 63837 ლარის, 2012 წლის 24 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 44588 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ზ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „დ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 180 522,86 ლარის, 2011 წლის 25 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 38331,55 ლარის 2012 წლის 24 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 26836,02 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „დ-მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივლისის განჩინებით სასამართლოს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, შპს „დ-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სასამართლომ მიუთითა, რომ შპს „დ-ის“ დირექტორმა გ. გ-მა სხდომის გადადების შესახებ იშუამდგომლა, რასაც ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობა დაურთო, რომელიც არ არის სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი და არ მიუთითებს სასამართლოში გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე, შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობა საპატიო არ არის.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „დ-ის“ დირექტორმა გ. გ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და აღნიშნა, რომ სხდომაზე ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა. მისთვის უცნობი იყო, რომ ე.წ „ფორმა 100“ საჭიროებდა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერას. მან მიმართა შესაბამის კლინიკას და დაწესებულების ხელმძღვანელისაგან უახლოეს პერიოდში მიიღებს ცნობას, რომ ნადვილად იყო გადაყვანილი ამ კლინიკაში სამკურნალოდ. რაც შეეხება სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობის თაობაზე მითითებას, კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ე.წ „კენჭის გავლა“ წოლით რეჟიმს საჭიროებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ შპს „დ-ის“ დირექტორ გ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 ივლისის სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა. ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე არ ითხოვდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივლისის განჩინებით შპს „დ-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, მართალია, მოცემული მუხლი ეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, მაგრამ, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განპირობებული იყო მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობით, საკასაციო პალატამ ზემოაღნიშნული მუხლით უნდა იხელმძღვანელოს.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის, რომ სასამართლო სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით იყო გაფრთხილებული. იგი მიუთითებს, რომ სხდომაზე ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმით იმპერატიულადაა განსაზღვრული ის მოთხოვნები, რასაც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს, იმისათვის, რომ სასამართლომ იგი სხდომის გადადების საფუძვლად და მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს. მოცემულ შემთხვევაში, გ. გ-ის მიერ წარდგენილი ცნობა (ე.წ „ფორმა 100“ ) სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი არ იყო, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ კანონით დადგენილ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა და საქმის განხილვის გადადების საფუძველი არ არსებობდა. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ის უახლოეს პერიოდში წარმოდგენდა შესაბამისი კლინიკის ხელმძღვანელის მიერ გაცემულ ცნობას, რომ ნადვილად იყო გადაყვანილი ამ კლინიკაში სამკურნალოდ, თუმცა დამატებით რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „დ-ის“ დირექტორ გ. გ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „დ-ის“ დირექტორ გ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე