Facebook Twitter

№ას-1050-1005-2014 20 ნოემბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი- მ. გ-ი, ჯ. ჯ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ. ბ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – დავალიანების გადახდა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „თ. ბ-მა“ ჯ. ჯ-ისა და მ. გ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხეთათვის 56011,36 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, ასევე, ძირი თანხის, 25687,71 აშშ დოლარის წლიური 13,8%-ის გადახდის დაკისრება, მ. გ-ისა და ჯ. ჯ-ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სს „თ. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს დაეკისრათ 56011,36 აშშ დოლარის გადახდა, ასევე ძირი თანხის, 25687,71 აშშ დოლარის, წლიური 13,8%-ის გადახდა გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების დაწყებამდე, სარეალიზაციოდ მიექცა მ. გ-ისა და ჯ. ჯ-ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აგვისტოს განჩინებით ჯ. ჯ-ისა და მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

აღნიშნული განჩინება მოპასუხეებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ჯ. ჯ-სა და მ. გ-ს განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა დაევალათ, ასევე მ. გ-ს ე. ტ-ის სახელზე გაცემული მინდობილობის ან მის მიერ ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა დაევალა. აღნიშნული განჩინება ჯ. ჯ-ის წარმომადგენელ ე. ტ-ს 2014 წლის 22 ოქტომბერს ჩაბარდა, ხოლო მ. გ-ის - 23 ოქტომბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა 27 ოქტომბერს ამოიწურა. ხარვეზი გამოსწორებული არ ყოფილა, შესაბამისად, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. ჯ-ისა და მ. გ-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ვ. როინიშვილი