Facebook Twitter

№ას-1099-1048-2014 19 ნოემბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ .გ-ე

წარმომადგენელი - დ. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარე - მ. გ-ი

მოპასუხეები - თ. ფ-ა (კანონიერი წარმომადგენელი მ. გ-ე), თ-ა ფ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. გ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში მ. გ-ს, თ. და თ-ა ფ-ების წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ქ თბილისში, ი. პ-ის ქ. N2ა-ში მდებარე N13 ბინის გამოთხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების - მ. გ-ს, თ-ა და თ. ფ-ების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ თბილისში, ი. პ-ის ქ. N2ა-ში მდებარე N13 ბინა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მ. გ-მ და თ. ფ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 აგვისტოს განჩინებით აპელანტებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 160 ლარის, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

იმავე სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინებით მ. გ-სა და თ. ფ-ას კერძო საჩივარი განუხილველად დარჩა.

აღნიშნული განჩინება მ. გ-ს წარმომადგენელმა დ. გ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა დაევალა. აღნიშნული განჩინება დ. გ-ას 2014 წლის 29 ოქტომბერს ჩაბარდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა 30 ოქტომბრიდან დაიწყო და (დასვენების დღის გათვალისწინებით) 3 ნოემბერს ამოიწურა. კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია, შესაბამისად, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ-ს წარმომადგენელ დ. გ-ას კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ვ. როინიშვილი