Facebook Twitter

საქმე №ას-1132-1078-2014 26 ნოემბერი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „პ-ი“

მოწინააღმდეგე მხარეები – შ. და ჯ. ფ-ები, შპს „მ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება

დავის საგანი – აქციონერთა კრების ოქმის ბათილად ცნობა, საწარმოს გაყოფის შესახებ გადაწყვეტილების შესრულების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სს „პ-ის“ განცხადება ამავე სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების შესწორების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სს „პ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების შესწორების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 3 ნოემბრის განჩინებით სს „პ-ის“ კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, ხოლო ხარვეზის გამოსწორების შემდეგ კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული ამავე სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, რომლითაც საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დადგინდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „პ-ის“ კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, საპროცესო ნორმები განსაზღვრავს ყოველ კონკრეტულ პროცესუალურ საკითხთან დაკავშირებით განჩინების გამოტანის, ისევე როგორც მისი გასაჩივრების წესს, კერძოდ, თითეულ შემთხვევაში დადგენილია, შესაძლებელია თუ არა განჩინების გასაჩივრება და, დადებით შემთხვევაში, რა წესით საჩივრდება იგი.

ამავე კოდექსის 414-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრით გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს „პ-ის“ განცხადება ამავე სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების შესწორების შესახებ.

გადაწყვეტილებაში უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გაწორების წესს ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კერძო საჩივრით საჩივრდება მხოლოდ გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინება. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გადაწყვეტილების შესწორებზე უარის თქმის თაობაზე გამოტანილი სასამართლო განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე და 420-ე მუხლების შესაბამისად, 187-ე მუხლის დანაწესი ვრცელდება ასევე საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივრის განხილვისას.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას.

იმის გათვალისწინებით, რომ სს „პ-ს“ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები გამოვლინდა მისი წარმოებაში მიღების შემდეგ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

სს „პ-ის“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო; სს „პ-ს“ (ს/კ ......) დაუბრუნდეს ი. ქ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2014 წლის 10 ნოემბერს N50 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

თ. თოდრია