Facebook Twitter

საქმე №ას-1139-1085-2014 19 ნოემბერი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – გ. კ-ე, დ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვება

დავის საგანი – მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ. კ-მ ხაშურის რაიონულ სასამართლოში დ. გ-ისა და გ. კ-ის მიმართ აღძრა სარჩელი, რომლითაც მოითხოვა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2013 წლის 13 მაისს შედგენილ აქტში (ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) მითითებული შემდეგი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება: ერთი მეწველი ძროხა (წაბლისფერი, დაახლოებით 300 კგ), ერთი დეკეული (წაბლისფერი, დაახლოებით 150 კგ), ორი მოზარდი საქონელი - ხბო (დაახლოებით 100-120 კგ), “LG”-ს ფირმის ფერადი ტელევიზორი (საშუალო ზომის, ბრინჯაოსფერი, ტექნიკურად გამართული) და “VESTEL”-ის ფირმის მაცივარი (თეთრი ფერის, ორკამერიანი, ტექნიკურად გამართული).

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. კ-ის სარჩელი და ყადაღისაგან გათავისუფლდა 2013 წლის 13 მაისს შედგენილ აქტში (ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) მითითებული შემდეგი ნივთები: ერთი მეწველი ძროხა (წაბლისფერი, დაახლოებით 300 კგ), ერთი დეკეული (წაბლისფერი, დაახლოებით 150 კგ) და ორი მოზარდი საქონელი - ხბო (დაახლოებით 100-120 კგ).

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ, ყადაღის მოხსნა 2013 წლის 13 მაისს შედგენილ აქტში (ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) მითითებულ შემდეგ ნივთებზე: “LG”-ს ფირმის ფერადი ტელევიზორი (საშუალო ზომის, ბრინჯაოსფერი, ტექნიკურად გამართული) და “VESTEL”-ის ფირმის მაცივარი (თეთრი ფერის, ორკამერიანი, ტექნიკურად გამართული).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 23 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის განჩინებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო აქტით დაყადაღებული “LG”-ს ფირმის ფერადი ტელევიზორისა და “VESTEL”-ის ფირმის მაცივრის საერთო ღირებულება შეადგენს 860 ლარს, სააპელაციო საჩივრის საგანი კი დასახელებული ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლებაა. შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე უარის თქმის საფუძველია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ნ. კ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში დაბრუნება. კერძო საჩივრის საფუძვლად მითითებულია გარემოებები 2013 წლის 13 მაისის შედგენილ აქტში დასახელებული ნივთების არასწორად დაყადაღებასა და ნ. კ-ის ოჯახის მძიმე ეკონომიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი, ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია 2014 წლის 16 ივნისის განჩინება, რომლითაც ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დავის საგნის ღირებულების სიმცირის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის საფუძველზე. ამდენად, დასახელებული განჩინების კანონიერების შემოწმების მიზნით უნდა განისაზღვროს ნ. კ-ის სააპელაციო საჩივრიდან გამომდინარე დავის საგნის ღირებულება და მისი შესაბამისობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის დანაწესთან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

განსახილველი საქმის შესაბამისად, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. კ-ის სარჩელი და ყადაღისაგან გათავისუფლდა 2013 წლის 13 მაისს შედგენილ აქტში (ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) მითითებული შემდეგი ნივთები: ერთი მეწველი ძროხა (წაბლისფერი, დაახლოებით 300 კგ წონის), ერთი დეკეული (წაბლისფერი, დაახლოებით 150 კგ) და ორი მოზარდი საქონელი - ხბო (დაახლოებით 100-120 კგ). 2013 წლის 13 მაისს შედგენილ აქტში (ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) მითითებული დანარჩენი ნივთების - “LG”-ს ფირმის ფერადი ტელევიზორისა (საშუალო ზომის, ბრინჯაოსფერი, ტექნიკურად გამართული) და “VESTEL”-ის ფირმის მაცივრის (თეთრი ფერის, ორკამერიანი, ტექნიკურად გამართული) ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე ნ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც გახდა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების საფუძველი. კერძოდ, ნ. კ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლა 2013 წლის 13 მაისს შედგენილ აქტში (ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) მითითებული “LG”-ს ფირმის ფერადი ტელევიზორისა და “VESTEL”-ის ფირმის მაცივრის ყადაღისაგან გათავისუფლებაზე უარის თქმის ნაწილში და დასახელებული ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილი ნორმის მიხედვით, ნ. კ-ის სააპელაციო საჩივრის ფარგლებიდან გამომდინარე, დავის საგნის ღირებულება შეესაბამება “LG”-ს ფირმის ფერადი ტელევიზორისა და “VESTEL”-ის ფირმის მაცივრის ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნის ღირებულებას. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნა ემყარება ამ ნივთებზე საკუთრების უფლების აღიარებას, ხოლო მათი ყადაღისაგან გათავისუფლების გზით მფლობელობაში დაბრუნება მოსარჩელის იურიდიული ინტერესია, დავის საგნის ღირებულება უნდა იქნას განსაზღვრული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასაცემი ქონების საბაზრო ღირებულებით.

მოსარჩელის განმარტებების შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 13 მაისს შედგენილ აქტში (ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ) მითითებული “LG”-ს ფირმის ფერადი ტელევიზორის ღირებულებაა 260 ლარი, ხოლო “VESTEL”-ის ფირმის მაცივრის ღირებულებაა 600 ლარი (ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.08.2014წ სხდომის ოქმი CD დისკზე, 15:47:50 – 15:48:10). ამრიგად, ორივე ნივთის საერთო ღირებულებაა 860 ლარი, რასაც დაეთანხმა, აგრეთვე, მოპასუხე (ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.08.2014წ სხდომის ოქმი CD დისკზე, 15:49:43 – 15:49:47). აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით მოსარჩელეს არ გამოუთქვამს პრეტენზია არც სააპელაციო და არც კერძო საჩივრებში. შესაბამისად, იგი საკასაციო სასამართლოსთვის დადგენილად მიიჩნევა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის შესაბამისად იქნა დატოვებული განუხილველად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის კრიტერიუმთან შეუსაბამობის გამო.

სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მართალია, აღნიშნული მუხლის დანაწესი არეგულირებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შემთხვევებს, მაგრამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, მისი მოქმედება ვრცელდება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საჩივრის განხილვაზეც.

მართალია, სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სააპელაციო საჩივარი, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის მიხედვით, არ იყო დასაშვები, მაგრამ საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ გამოავლინა დასაშვებობის ერთ-ერთი პირობის არარსებობა, რის შედეგადაც, განუხილველად დატოვა იგი.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია კანონის შესაბამისად და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

თ. თოდრია