საქმე №ას-1143-1089-2014 7 ნოემბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ. შ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ჯ-ე და მ. ნ-ე
(მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 სექტემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება და სესხის უზრუნველსაყოფად
იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ზ. ჯ-მ და მ. ნ-მ სააპელაციო სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით, რომლითაც მოითხოვეს შპს „სამოქალქო დავათა ბათუმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ 2013 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების ცნობა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 ივნისის განჩინებით ზ. ჯ-ის და მ. ნ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ცნობილ იქნა და აღსრულებას დაექვემდებარა შპს „სამოქალქო დავათა ბათუმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ 2013 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
ზ. ჯ-მ და მ. ნ-მ განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს ზემოაღნიშნული განჩინების განმარტება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ზ. ჯ-ისა და მ. ნ-ის განცხადება დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ბ. შ-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. შ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მითითებული კანონის დანაწესი განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის პირობებს და ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პირდაპირ არის განსაზღვრული სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია, რომ დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმადაც არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებით უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლო. იმავეს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, რომლის 35613-ე და 35621-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები (მათ შორის, საქმეები სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ) განიხილება სააპელაციო სასამართლოებში, ხოლო საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილია, გადაწყვიტოს მხოლოდ სხვა ქვეყნების არბიტრაჟთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები. ამავე დროს, საქართველოს ტერიტორიაზე გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილი განჩინებების გასაჩივრების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35621-ე მუხლის მე-6 ნაწილი).
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის ადგენს არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეების განხილვის კონკრეტულ ფარგლებს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას რაიმე სახით, მათ შორის, კერძო საჩივრის წარდგენით, განიხილოს მითითებული კატეგორიის საქმეები (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები №ას-1009-1040-2011, №ას-239-225-2010, №ას-1246-1266-2011, №ას-741-798-2011, №ას-836-785-2010).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი განიხილოს სააპელაციო სასამართლოს მიერ შპს „სამოქალქო დავათა ბათუმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ გადაწყვეტილებების აღსასრულებად მიქცევის შესახებ განჩინების განმარტების კანონიერების საკითხი, რის გამოც არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის განჩინების თაობაზე ბ. შ-ის მიერ წარდგენილი კერძო საჩივრის დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414- ე, 35612 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. შ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ. ბაქაქური