Facebook Twitter

საქმე№ას-1149-1095-2014 21ნოემბერი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. ღ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ი. უ-ი” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 აპრილის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების

განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ. ღ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ი. უ-ის” მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მ. ღ-ის სარჩელი შპს ,,ი. უ-ის” მიმართ ამავე უ-ის 2004 წლის №39 ბრძანების არარა აქტად აღიარების თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა ბრძანების გაუქმება, იძულებითი განაცდურის, ასევე შრომის წიგნაკში სათანადო ჩანაწერის გაუკეთებლობისა და მისი გაცემის დაყოვნებისათვის კომპენსაციის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მ. ღ-ს უარი ეთქვა ბრძანების გაუქმებისა და სამუშაოზე აღდენის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში ამავე სასამართლოს 2008 წლის 4 იანვრის განჩინებით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 მაისის განჩინებით სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, მ. ღ-ის სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად.

საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ღ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 11 აგვისტოს განჩინებით საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი.

მ. ღ-მა არაერთხელ მიმართა სასამართლოს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 აპრილის განჩინებით მ. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 თებერვლის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ღ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ღ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში მ. ღ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და განმარტა, რომ ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, სასამართლომ არასწორად მიუთითა განჩინებაში დავის საგანი, რათა მას სახელმწიფო ბაჟი დაკისრებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ და მიიჩნევს, რომ მ. ღ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში, მ. ღ-მა კერძო საჩივრით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 25 აპრილის განჩინების გაუქმება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ღ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში მ. ღ-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და განმარტა, რომ ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, სასამართლომ არასწორად მიუთითა განჩინებაში დავის საგანი, რათა მას სახელმწიფო ბაჟი დაკისრებოდა.

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების დებულებათა ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მ. ღ-ს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია. განმცხადებელი უთითებს, რომ სასამართლომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებაში არასწორად მიუთითა დავის საგანი და არასწორად დააკისრა მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. აღნიშნულის თაობაზე მ. ღ-ს როგორც უკვე განემარტა, მოცემული დავის საგანი თავისი არსით წარმოადგენს არა ხელფასის გადახდას, არამედ ადმინისტრაციის ბრალეული ქმედების გამო შრომითი ურთიერთობის მონაწილე მხარისათვის გარკვეული საკომპენსაციო თანხის გადაცემას, რათა მას შრომის წიგნაკის გაცემის დაყოვნებით არ მიადგეს რაიმე სახის ზიანი. შესაბამისად, შრომის კანონთა კოდექსის 98-ე მუხლი პრევენციული ხასიათისაა და მასში მითითებული დანაწესი – მუშაკს ეძლევა საშუალო ხელფასი იძულებითი განაცდურის სახით მთელი პერიოდისათვის, ნიშნავს არა დათხოვნილი მუშაკისათვის ხელფასის გადახდას, არამედ განსაზღვრავს ამ საკომპენსაციო თანხის მინიმალურ ოდენობას, რომელიც არ უნდა იყოს საშუალო ხელფასის ოდენობაზე ნაკლები.

თავისი არსით იმავე შინაარსისაა მოთხოვნა ადმინისტრაციის ბრალით შრომის წიგნაკში სათანადო ჩანაწერის არ გაკეთებასთან დაკავშირებით კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე, რომელიც ასევე წარმოადგენს არა შრომის ანაზღაურების, არამედ ადმინისტრაციის ბრალეული ქმედების გამო (გათავისუფლებული მუშაკის შრომის წიგნაკში სათანადო ჩანაწერის დროულად გაუკეთებლობა) შრომითი ურთიერთობის მონაწილე მხარისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის მოთხოვნას.

ამრიგად, სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენს არა ხელფასის გადახდევინება ან შრომის ანაზღაურების თაობაზე შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე სხვა მოთხოვნები, არამედ მოთხოვნა ადმინისტრაციის ბრალეული ქმედებების გამო მიყენებული ზიანის კომპენსაციის შესახებ.

შესაბამისად, აღნიშნულ დავაზე მხარე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათავისუფლებული არ არის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული განჩინება მ ღ-ს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და ჩაბარდა ძმას ა. ღ-ს გადასაცემად 2014 წლის 12 ნოემბერს, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა ამავე წლის 17 ნოემბერს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

მ. ღ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური