საქმე №ას-1150-1096-2014 27 ნოემბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „წ-ის“, ინდივიდუალური მეწარმე მ. კ-ის, ინდივიდუალური მეწარმე ი. ლ-ასა და ინდივიდუალური მეწარმე ი. უ-ას სახელით მ. ხ-ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ი-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად
დავის საგანი – ლექსიკონის ორიგინალის ან ასლის გავრცელების აკრძალვა, კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ი-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „წ-ის“, ინდივიდუალური მეწარმე მ. კ-ის, ინდივიდუალური მეწარმე ი. ლ-ასა და ინდივიდუალური მეწარმე ი. უ-ას მიმართ ლექსიკონის ორიგინალის ან ასლის გავრცელების აკრძალვის, ასევე კომპენსაციის დაკისრების შესახებ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2005 წელს გამოსცა ბერძნულ-ქართული ლექსიკონი. მოგვიანებით მან შეიტყო, რომ მოპასუხეები ახდენდნენ ზემოაღნიშნული ლექსიკონების რეალიზაციას ავტორის თანხმობის გარეშე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელემ მის მიერ მითითებული სადავო გარემოება სათანადო მტკიცებულებით ვერ დაასაბუთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს აეკრძალათ მოსარჩელის მიერ შედგენილი ბერძნულ-ქართული ლექსიკონის ორიგინალის ან ასლების გავრცელება და დაეკისრათ ი. ი-ისათვის კომპენსაციის სახით თითოეულს 3000 ლარის ანაზღაურება, რაზეც მოპასუხეებმა შეიტანეს საჩივარი.
ამავე სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის განჩინებით საჩივარს ეთქვა უარი, რაც შპს „წ-მა“, ინდივიდუალურმა მეწარმე მ. კ-მ, ინდივიდუალურმა მეწარმე ი. ლ-ამ და ინდივიდუალურმა მეწარმე ი. უ-ამ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „წ-ის“, ინდივიდუალური მეწარმე მ. კ-ის, ინდივიდუალური მეწარმე ი. ლ-ასა და ინდივიდუალური მეწარმე ი. უ-ას სახელით მ. ხ-მ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი კერძო საჩივრის დასაშვებობა და მიაჩნია, რომ შპს „წ-ის“, ინდივიდუალური მეწარმე მ. კ-ის, ინდივიდუალური მეწარმე ი. ლ-ასა და ინდივიდუალური მეწარმე ი. უ-ას სახელით მ. ხ-ის მიერ შეტანილი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე შპს „წ-ის“, ინდივიდუალური მეწარმე მ. კ-ის, ინდივიდუალური მეწარმე ი. ლ-ასა და ინდივიდუალური მეწარმე ი. უ-ას სახელით მ. ხ-მ შეიტანა კერძო საჩივარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ნოემბრის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების საფუძველზე კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მხარეს დაევალა 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდის ქვითრის დედნისა და მარწმუნებლების სახელით კერძო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების დამადასტურებელი რწმუნებულებების წარდგენა. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის დროულად გამოუსწორებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
საკასაციო პალატის 2014 წლის 6 ნოემბრის განჩინების შესახებ კერძო საჩივარზე ხელისმომწერ მ. ხ-ს ეცნობა 2014 წლის 6 ნოემბერსვე სატელეფონო შეტყობინების გზით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
შესაბამისად, მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა, ხარვეზი შეევსო 5 დღის განმავლობაში, რომლის ათვლა დაიწყო 2014 წლის 7 ნოემბრიდან და ამოიწურა 11 ნოემბერს.
აღნიშნულის მიუხედავად, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, არსებობს წარმოდგენილი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
მითითებული ნორმის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ ნორმაში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად, თუმცა მხარემ საკასაციო პალატისათვის უცნობი მიზეზით ხარვეზი არ გამოასწორა, რის გამოც კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 401-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „წ-ის“, ინდივიდუალური მეწარმე მ. კ-ის, ინდივიდუალური მეწარმე ი. ლ-ასა და ინდივიდუალური მეწარმე ი. უ-ას სახელით მ. ხ-ის მიერ შეტანილი კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ზ. ძლიერიშვილი