Facebook Twitter

საქმე №ას-1164-1109-2014 14 ნოემბერი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. მ-ე (მოპასუხე)

წარმომადგენელი – ლ. ჭ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ნ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გ. ნ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით გ. ნ-ის სარჩელი თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ის წარმომადგენელმა ლ. ჭ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. მ-ის წარმომადგენელმა ლ. ჭ-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის წარმომადგენელ ლ. ჭ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ამავე კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ ლ. ჭ-ს ჩაჰბარდა 2014 წლის 10 ოქტომბერს (იხ.ტ.III, ს.ფ. 23).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 11 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 22 ოქტომბერს, ხოლო კერძო საჩივარი ნ. მ-ის წარმომადგენელმა ლ. ჭ-მ შეიტანა 2014 წლის 27 ოქტომბერს (იხ.ტ.III, ს.ფ. 25), ე.ი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. მ-ის წარმომადგენლის ლ. ჭ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს საპროცესო ვადის გაშვების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 416-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. მ-ის წარმომადგენლის ლ. ჭ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური