საქმე №ას-1169-1114-2014 19 ნოემბერი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. მ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ვ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხისა და სარგებლის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ვ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. მ-ის მიმართ სესხისა და სარგებლის, სულ – 1800 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელის მითითებით, 2012 წლის 10 აპრილს მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 1000 აშშ დოლარზე ყოველთვიური 10%-ის დარიცხვით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოპასუხე იხდიდა თანხებს, ხოლო 2013 წლის მარტის შემდეგ არც ძირითადი სესხი და არც სარგებელი არ დაუფარავს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მან მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეასრულა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ. მ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1800 აშშ დოლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ. მ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლამარა მიხაილიანცის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შეტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს, კერძო საჩივარი შეტანილია თუ არა კანონით დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
კანონის აღნიშნული დანაწესის შესაბამისად, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი იმპერატიულად ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია, თუნდაც მხარემ იგი საპატიო მიზეზით გაუშვას. ამდენად, მხარეს შესაძლებლობა აქვს, კერძო საჩივარი შეიტანოს კანონით დადგენილი წესის დაცვით განჩინების ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან, თუ მხარე განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა.
განსახილველი საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის დასაბუთებული განჩინება აპელანტ ლ. მ-ს ორჯერ უშედეგოდ გაეგზავნა სასამართლოსათვის თავად მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე – ქ.თბილისში, წ-ის №6 შესახვევში მდებარე №7 ბინაზე. ამასთან, იგივე მისამართია დასახელებული კერძო საჩივარშიც.
საქმეში წარმოდგენილი შპს „სკს-ს“ კურიერის 2014 წლის 17 ივლისისა და 2014 წლის 8 აგვისტოს აქტების თანახმად (ს.ფ. 81,84), მითითებულ მისამართზე ადრესატი არ აღმოჩნდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით კიდევ ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო თავად წყვეტს, უწყება რომელ მისამართზე გააგზავნოს და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ კანონის ზემოხსენებული მოთხოვნის დაცვით აპელანტს გასაჩივრებული განჩინების ასლი მისთვის ცნობილ მისამართზე ორჯერ გაუგზავნა, შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დენა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სწორედ გზავნილის განმეორებით ჩაუბარებლობის დღის – 2014 წლის 8 აგვისტოს მომდევნო დღიდან – 2014 წლის 9 აგვისტოდან დაიწყო და ამავე წლის 20 აგვისტოს ამოიწურა. კერძო საჩივარზე დართულ საფოსტო კონვერტზე დასმული შტამპით დასტურდება, რომ მხარემ სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართა 2014 წლის 21 ოქტომბერს (ს.ფ.94), კერძო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ლ. მ-ის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ვადის დარღვევას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ აპელანტმა 2014 წლის 3 ოქტომბერს პირადად ჩაიბარა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება (ს.ფ. 90), ამიტომ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ მისთვის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება ცნობილი გახდა 2014 წლის 9 ოქტომბერს.
ამდენად, კანონით დადგენილი 12-დღიანი ვადის არც მითითებული თარიღის – 2014 წლის 3 ოქტომბრის მომდევნო დღიდან ათვლის შემთხვევაში მას კერძო საჩივარი დროულად არ შეუტანია, რადგან 12-დღიანი ვადა ამ შემთხვევაში ამოიწურა 17 ოქტომბერს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 401-ე, 416-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. მ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ზ. ძლიერიშვილი