Facebook Twitter

№ას-644-611-2014 3 ნოემბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ე. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ა. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. გ-მა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში ე. ბ-ას წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების დაკისრება.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ე. ბ-ას მოსარჩელის სასარგებლოდ 2012 წლის 10 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, 13000 აშშ დოლარის, გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ე. ბ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მაისის განჩინებით ე. ბ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

აღნიშნული განჩინება ე. ბ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 ივნისის განჩინებით ე. ბ-ას წარმომადგენელ ე. ც-ს უარი ეთქვა საქმეში წარმომადგენლად დაშვებაზე და ე. ბ-ას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის, ასევე მის ან სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შედგენილი (ხელმოწერილი) კერძო საჩივრის წარმოდგენა. განჩინება ორჯერ გაიგზავნა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, მაგრამ ადრესატს ვერ ჩაბარდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით , სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

მოცემულ შემთხვევაში, ე. ბ-ას ხარვეზის განჩინება ორჯერ გაგეზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - მარნეული, ა-ის ქ. N4. გზავნილები სასამართლოში დაბრუნდა მითითებით, რომ ადრესატი ამ მისამართზე არ ცხოვრობს, ცხოვრობს ვინმე გ-ი დ., მითითებული ტელეფონის ნომერი კი, არასწორია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინება ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს გზავნილის მისამართზე განმეორებით მიტანის მომენტიდან - 2014 წლის 23 ივლისიდან და ამ მომენტიდან დაიწყოს ხარვეზის შევსების ვადის ათვლა. ვინაიდან მხარემ ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორა, ე. ბ-ას კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ბ-ას კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ვ. როინიშვილი