Facebook Twitter

№ას-721-690-2014 20 ნოემბერი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ი. ა-ა, ვ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე - კ. ხ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 6 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა კ. ხ-მა მოპასუხეების _ ი. ა-ასა და ვ. ა-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ.თბილისში, ვ. გ-ის მე-2 კვარტლის 34-ე კორპუსში მდებარე №22 ბინის 1/3 ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კ. ხ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო საამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, იგი ცნობილ იქნა გ. ა-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების - ქ.თბილისში, ვ. გ-ის მე-2 კვარტლის 34-ე კორპუსის ბინა №22-ის 1/3 ნაწილის მესაკუთრედ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. და ვ. ა-ებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის განჩინებით ი. და ვ. ა-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად დარჩა.

2014 წლის 7 აპრილს ი. და ვ. ა-ებმა თბილისის სააპელაციო სასმართლოს განცხადებით მიმართეს და მოითხოვეს იმავე სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივნისის განჩინებით ი. და ვ. ა-ების განცხადება, დაუშვებლობის გამო, განუხილველად დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განმცხადებლები გადაწყვეტილების ბათილად ცნობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ითხოვენ. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოში კ. ხ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვაში ი. და ვ. ა-ები უშუალოდ მონაწილეობდნენ, ასვე თავად მონაწილეობდა კ. ხ-იც, შესაბამისად, ამ საფუძვლით საქმის წარმოების განახლების საფუძველი არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვები არა ყოველგვარი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობისას. ამ ნორმით კანონი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნია საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმებისას. განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ითხოვდა საქმის წარმოების განახლებას. საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დასტურდება, რომ ნ. ფ-ის სისხლის სამართლის წესით მსჯავრდება განხორციელდა ისეთი დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რასაც მოცემულ საქმესთან კავშირი არ აქვს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი. და ვ. ა-ებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს. მათი მითითებით, გასაჩივრებულ განჩინებაში დაშვებულია უზუსტობები. მოსამართლეს არასწორად აქვს ციტირებული სამართლის ნორმები. 2010 წლის 10 ნოემბრის სააპელაციო საჩივარი კ. ხ-ის წარმომადგენელ ნ. ფ-ის მიერაა ხელმოწერილი და არა თავად მხარის. ნ. ფ-ი არ ესწრებოდა სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომას. საქმეში წარმოდგენილია ნ. ფ-ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. განმცხადებლები ნ. ფ-ის თაღლითობის მსხვერპლნი არიან. მან ვერ მოასწრო მათ მიმართ თაღლითური ქმედებების დასრულება. ბესარიონ ტაბაღუამ ისე გასცა საქმეზე სააღსრულებო ფურცელი, სხდომაზე განმცხადებლები არ მიუწვევია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ი. და ვ. ა-ების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

მოცემულ შემთხვევაში სადავოა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების საკითხი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მოსამართლემ უნდა შეაფასოს, აკმაყოფილებს თუ არა განცხადება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მოთხოვნებს, ასევე დაცულია თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები. რაც შეეხება იმ საკითხს, მხარის მიერ მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები ნამდვილად ქმნის თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლით განსაზღვრულ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან იმავე კოდექსის 423-ე მუხლით დადგენილ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველს, სასამართლომ განცხადების განხილვისას უნდა შეაფასოს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილების და საქმის წარმოების განახლების, ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განსახილველად მიღებისა და განხილვისათვის მოქმედებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი საერთო წესები, თუ სპეციალური ნორმები საკითხს სხვაგვარად არ აწესრიგებს. სააპელაციო სასამართლოს შემთხვევაში, განცხადების განსახილველად მიღების საკითხს წყვეტს მომხსენებელი მოსამართლე ერთპიროვნულად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე-374-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო საქმის წარმოების განახლების ან განახლებაზე უარის თქმის საკითხი უნდა გადაწყდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მიღებულია ერთპიროვნულად, რომლის საფუძველზეც შეფასდა მხარის მიერ მითითებული გარემოებები, წარდგენილი მტკიცებულებები და განცხადება დატოვებულია განუხილველად, იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე-423-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძველი. საკასაციო სასამართლომ როგორც უკვე განმარტა, აღნიშნული საკითხი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია და არა მისი განუხილველად დატოვების, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოში არასწორად შესრულდა საქმის წარმოების ეტაპები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არარსებობის თაობაზე.

განმცხადებელები გადაწყვეტილების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით მოითხოვდნენ, რომ სააპელაციო საჩივარი კ. ხ-ის წარმომადგენელ ნ. ფ-ის მიერაა ხელმოწერილი და არა თავად მხარის. ნ. ფ-ი არ ესწრებოდა სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, ყოველმა პირმა სასამართლოს მხოლოდ საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად უნდა მიმართოს. 422.1(ბ) მუხლის საფუძველზე, „დაინტერესებული პირი“ არის მხარე, რომელიც არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე, შესაბამისად, თუ კ. ხ-ი არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში, ეს საკითხი სადავოდ თავად კ. ხ-მა უნდა გახადოს და არა მისმა მოწინააღმდეგე მხარემ.

ი. და ვ. ა-ები საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძვლით მოითხოვდნენ, რომ კ. ხ-ის წარმომადგენელ ნ. ფ-ის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოება განახლდება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების საფუძველი შეიძლება გახდეს წარმომადგენლის მიმართ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადასტურებული იმგვარი დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც უშუალოდ ამ საქმესთანაა დაკავშირებული და, როგორც წესი, მიზნად ისახავს საქმის განხილვის შედეგზე ზეგავლენის მოხდენას. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 მარტის განაჩენით დასტურდება, რომ ნ. ფ-ი მსჯავრდებულია დანაშაულისათვის, რომელსაც განსახილველ საქმესთან კავშირი არ აქვს, შესაბამისად, ეს მტკიცებულება საქმის წარმოების განახლების საფუძველი ვერ გახდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, სააპელაციო სასამართლომ კერძო საჩივრის ავტორების განცხადება განუხილველად არასწორად დატოვა, მაგრამ თუნდაც განსახილველად ყოფილიყო მიღებული, ეს განცხადება ვერ დაკმაყოფილდებოდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინებას მხარის ინტერესებისათვის ზიანი არ მიუყენებია, ამდენად, განჩინების გაუქმება იმ მითითებით, რომ სააპელაციო სასამართლომ განცხადება ჯერ წარმოებაში მიიღოს და შემდეგ სამართლებრივად შეაფასოს იგივე საკითხები, მიზანშეუწონელია და საქმის განხილვის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას გამოიწვევს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. და ვ. ა-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივნისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე