№ას-755-723-2014 3 ნოემბერი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - მ. ჟ-ი (მოპასუხე)
წარმომადგენელი - მ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. კ-ე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - რ. ხ-ა
მოპასუხე - ი. ე-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. კ-მ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მ. ჟ-ისა და ი. ე-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მ. ჟ-ისათვის 15000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ჟ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ 15000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, დადგინდა ი. ე-ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაცია.
აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ჟ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 მარტის განჩინებით მ. ჟ-ს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 412,80 ლარისა და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა დაევალა.
იმავე სასამართლოს 2014 წლის 2 აპრილის განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა 10 დღით გაგრძელდა.
განჩინების პასუხად აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 აპრილის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა კვლავ 10 დღით გაგრძელდა.
იმავე სასამართლოს 2014 წლის 13 ივნისის განჩინებით მ. ჟ-ის სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, განუხილველად დარჩა.
აღნიშნული განჩინება მ. ჟ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდა მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო, რაც ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველიც გახდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მოთხოვნით მიმართა, რაც გათვალისწინებული არ იქნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მ. ჟ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 მარტის განჩინებით მ. ჟ-ს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 412,80 ლარისა და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა დაევალა.
იმავე სასამართლოს 2014 წლის 2 აპრილის განჩინებით, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა 10 დღით გაგრძელდა.
განჩინების პასუხად აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 აპრილის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა კვლავ 10 დღით გაგრძელდა.
მ. ჟ-მა კვლავ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სასამართლოს 2014 წლის 13 ივნისის განჩინებით მ. ჟ-ის სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, განუხილველად დარჩა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადაევადებინა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს საკუთარი დისკრეციის ფარგლებში შეუძლია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, ოდენობის შემცირების ან გადავადების თაობაზე, რაც მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან კანონით გათვალისწინებული სხვაგვარი შეღავათის გაწევის საფუძველი არის მხოლოდ მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა. მტკიცების ტვირთი აწევს მთლიანად იმ მხარეს, რომელიც აყენებს შუამდგომლობას.
განსახილველ შემთხვევაში, მ. ჟ-ის სააპელაციო საჩივარს მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება არ ერთვოდა. ამგვარი მტკიცებულება არც შემდგომში ყოფილა წარდგენილი. მხარე მხოლოდ იდენტური შინაარსის განცხადებებით მიმართავდა სასამართლოს და ბაჟის გადახდის გადავადებას მოითხოვდა, ამასთან საყურადღებოა, რომ ხარვეზის განჩინებით მ. ჟ-ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენაც დაევალა, რაც ასევე არ ყოფილა შესრულებული. ყველა ეს გარემოება დასაბუთებულ ვარაუდს ქმნის, რომ მ. ჟ-ის შუამდგომლობები საქმის განხილვის გაჭიანურებას ისახავდა მიზნად, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განუხილველად მართებულად დატოვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მ. ჟ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ჟ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 ივნისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე