№ას-772-739-2014 20 ნოემბერი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „კ. 99“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - გ. ფ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ა-მა“ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შპს „კ. 99-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხისათვის 12190 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ა-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „კ. 99-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ 12190 ლარის გადახდა დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „კ. 99-ის“ წარმომადგენელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივნისის განჩინებით შპს „კ. 99-ის“ საჩივარი განუხილველად დარჩა. სასამართლოს მითითებით, საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მხარემ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაიწყო და 29 მაისს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი კი, 30 მაისსაა შეტანილი.
აღნიშნული განჩინება შპს „კ. 99-ის“ წარმომადგენელმა გ. ფ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო საჩივრის შტანისათვის დადგენილი ვადის ათვლა იწყება არა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე, არამედ მომდევნო დღიდან, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ვადაშია შეტანილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შპს „კ. 99-ის“ წარმომადგენელ გ. ფ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადებულა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად. კერძო საჩივარი მხოლოდ იმ დასაბუთებას ემყარება, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა არა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე, არამედ მომდევნო დღიდან იწყება, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ვადაშია შეტანილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია; ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი ზოგადი ნორმაა, რომელიც მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც ამავე კოდექსის სპეციალური ნორმა განსხვავებულ ქცევის წესს არ ადგენს. მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლი სპეციალური ნორმაა, რომელიც გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენის დაწყების მომენტად მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს განსაზღვრავს, თუ მხარე დასაბუთებულ გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს, ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა სასამართლოში არ გამოცხადდება გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა დაიწყება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე კალენდარულ დღეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2014 წლის 16 აპრილს გამოცხადდა და სხდომას მოპასუხის წარმომადგენელი ესწრებოდა. შპს „კ. 99-ის“ წარმომადგენელს კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ ჩაუბარებია, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის დენა 16 მაისიდან დაიწყო და 29 მაისს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი კი, ფოსტას 30 მაისს ჩაბარდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „კ. 99-ის“ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „კ. 99-ის“ წარმომადგენელ გ. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივნისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე