Facebook Twitter

ბს-734-321(კ-05) 23 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

გ. ქაჯაია

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებით განაცდურის, სახელფასო, სამივლინებო დავალიანებებისა და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. 7 მაისის ¹291-კს ბრძანებით გ. ლ-ე, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ავტოფარეხის მთავარი ...ის თანამდებობიდან.

2004წ. 27 მაისს გ. ლ-ემ სარჩელით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა სადავო ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებით განაცდურის, სახელფასო, სამივლინებო დავალიანებებისა და მორალური ზიანის ანაზღაურება:

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1996წ. 5 თებერვლიდან 2004წ. 7 მაისამდე მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე და აქვს დიდი პროფესიული გამოცდილება. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. 7 მაისის ¹291-კს ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რის საფუძვლადაც მითითებულია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 95-ე მუხლზე, ანუ წერილობითი პირადი განცხადების საფუძველზე.

მოსარჩელის განმარტებით, მას პირადი განცხადებით არ მიუმართავს დაწესებულების ადმინისტრაციისათვის. საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციისაგან დეპარტამენტის თანამშრომლებზე ხორციელდებოდა ზეწოლა, რაც გამოიხატებოდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერის სიტყვიერ მოთხოვნაში. აღნიშნული მოთხოვნა შეასრულეს მისმა თანამშრომლებმა, მაგრამ გ. ლ-ეს განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე არ დაუწერია, უფრო სწორად განცხადება სხვას შეადგენინა სათვალეების უქონლობის გამო, მაგრამ ხელი მასზე არ მოუწერია, ისე ჩააბარა საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აცნობოს ადმინისტრაციული წარმოების შესახებ დაინტერესებულ მხარეს, თუ ადმინისტრაციული აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით კი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, სათანადოდ გამოიკვლიოს საქმის გარემოებები, რასაც სადავო ბრძანების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია.

მოსარჩელის აზრით, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა 2004წ. 7 მაისის ¹291-კს ბრძანების გამოცემისას დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შრომის თავისუფლება და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის “ბ” და “დ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. შკკ-ის 36-ე მუხლის შესაბამისად, კი მოსარჩელეს გააჩნია სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება, ხოლო თუ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით აღარ არის გათვალისწინებული მისი თანამდებობა, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მეორე პუნქტით, იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ საბაჟო დეპარტამენტის სახელფასო დავალიანება მის მიმართ შეადგენს 534 ლარს, ხოლო მივლინების დავალიანება _ 599 ლარს. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლისა და შკკ-ის 207-ე მუხლის თანახმად, მოითხოვა იძულებით განაცდურის ანაზღაურება. სამსახურიდან გათავისუფლებამ მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი, რის გამოც სკ-ის 413-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 1005-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოითხოვა მოპასუხისთვის მორალური ზიანის სახით 3000 ლარის დაკისრება.

2004წ. 4 მაისს გ. ლ-ემ რაიონულ სასამართლოში წარადგინა განცხადება მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და მოითხოვა იმის გარკვევა, თუ ვის მიერ იყო შესრულებული და ხელმოწერილი იგი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 ივლისის განჩინებით, დაინიშნა კალიგრაფიული ექსპერტიზა. იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 2004წ. 13 სექტემბრის ¹1518/01 დასკვნით დადგინდა, რომ მითითებული განცხადების ტექსტი და განცხადებაზე ხელმოწერა ლ-ის სახელით შესრულებულია არა გ. ლ-ის, არამედ სხვა პირის მიერ.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნა ფინანსთა სამინისტროს 2004წ. 7 მაისის ¹291-კს ბრძანების ბათილად ცნობის, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის, სახელფასო დავალიანების _ 534 ლარის, სამივლინებო დავალიანების _ 599 ლარისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

2004წ. 29 ოქტომბერს გ. ლ-ემ განცხადებით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა 2004წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, რაც დაკმაყოფილდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 5 ნოემბრის განჩინებით.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ გ. ლ-ე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. 7 მაისის ¹291-კს ბრძანებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე, გათავისუფლდა საბაჟო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ავტოფარეხის მთავარი ...ის თანამდებობიდან. ასევე, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ განცხადების ტექსტი და ხელმოწერა, რომელიც საფუძვლად დაედო გ. ლ-ის სამუშაოდან დათხოვნას, შესრულებულია სხვა პირის მიერ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 95-ე მუხლის თანახმად, პირი თავისი ინიციატივით თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე მოხელე ან დაწესებულება დააკმაყოფილებს მის წერილობით განცხადებას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში გ. ლ-ის მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ცალმხრივი ნება კანონით დადგენილი წესით (წერილობითი ფორმით) გამოხატული არ ყოფილა, რის გამოც საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. 7 მაისის ¹291-კს ბრძანება გ. ლ-ის გათავისუფლების შესახებ არ გამომდინარეობს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 95-ე მუხლის დებულებიდან და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

სააპელაციო პალატის აზრით, ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ სწორად გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე, 127-ე, შკკ-ის 207-ე მუხლები და მართებულად დააკმაყოფილა გ. ლ-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის, სახელფასო, სამივლინებო დავალიანებისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების ნაწილში.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა და შემდეგი საფუძვლით მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება:

კასატორმა აღნიშნა, რომ გ. ლ-ე მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ავტოფარეხის მთავარი ...ის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. 7 მაისის ¹291-კს ბრძანებით. მისი გათავისუფლების შემდეგ საბაჟო სისტემაში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, რასაც მოჰყვა შტატების შემცირება. კასატორის განმარტებით, მოსარჩელე გ. ლ-ე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 95-ე მუხლის თანახმად, თავისი ინიციატივით, მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე. 2004წ. 4 მაისს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის სახელზე შევიდა გ. ლ-ის განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რაც დაკმაყოფილდა 2004წ. 7 მაისის ¹291-კს ბრძანებით და იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

კასატორის მითითებით, თუ აღნიშნული განცხადება არ იყო შესრულებული გ. ლ-ის მიერ, მას წერილობით უნდა მიემართა საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის, თუმცა მოსარჩელეს თავის სარჩელში უწერია, რომ განცხადება ჩააბარა ხელმოუწერელი და აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობისაგან დაელოდა სათანადო რეაგირებას. აქედან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ დაწერა განცხადება, მხოლოდ ხელი არ მოაწერა, თუმცა გვარი გ. ლ-ე განცხადების ბოლოს დაფიქსირებულია. სასამართლო სხდომაზე კი გ. ლ-ემ განმარტა, რომ მან სთხოვა თავის კოლეგებს განცხადების დაწერა, ვინაიდან სათვალე დაუვარდა და გაუტყდა. კასატორის აზრით, სასამართლომ უნდა ივარაუდოს, რომ მოსარჩელეს სათვალე რომ არ გასტეხოდა, განცხადება მისი ხელით იქნებოდა დაწერილი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვინაიდან საბაჟო დეპარტამენტს ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე გ. ლ-ე მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ავტოფარეხის მთავარი ...ის თანამდებობაზე, საიდანაც იგი გათავისუფლდა საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. 7 მაისის ¹291-კს ბრძანებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე.

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 95-ე მუხლის _ “გათავისუფლება საკუთარი ინიციატივის საფუძველზე” – თანახმად: “პირი თავისი ინიციატივით თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მას სამსახურში მიღების უფლების მქონე მოხელე ან დაწესებულება დააკმაყოფილებს მის წერილობით განცხადებას”. ამდენად, განსხვავებით “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 94-ე, 96-99-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როცა მუშაკის სამუშაოდან დათხოვნა ხდება ადმინისტრაციის ინიციატივით, სამსახურის ვადის გასვლის, დაწესებულების ლიკვიდაციის, შტატების შემცირების, დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის ან დისციპლინური გადაცდომისათვის, კანონის 95-ე მუხლი ითვალისწინებს სამუშაოდან დათხოვნას მუშაკის განცხადებით, სადაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ინიციატორია თავად მუშაკი და სამუშაოდან დათხოვნის შესახებ განცხადება გამოხატავს მის ნებას. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, საბაჟო დეპარტამენტის სადავო ¹291-კს ბრძანებით გ. ლ-ე დათხოვნილ იქნა სამუშაოდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე, პირადი განცხადებით. საქმეში, მართალია, წარმოდგენილია გ. ლ-ის სახელით შესრულებული განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მაგრამ იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 2004წ. 13 სექტემბრის ¹1518/91 დასკვნის მიხედვით აღნიშნული განცხადების ტექსტი და ხელმოწერა არ არის შესრულებული გ. ლ-ის მიერ. თავად გ. ლ-ეც უარყოფს სამსახურიდან დათხოვნის შესახებ განცხადების დაწერის ფაქტს და განმარტავს, რომ საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციისაგან დეპარტამენტის თანამშრომლებზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ახალი უფროსი სიტყვიერად მოითხოვდა მათგან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებების დაწერას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს და სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი გ. ლ-ის სახელით შესრულებული განცხადება სამუშაოდან დათხოვნის შესახებ არ არის დაწერილი გ. ლ-ის მიერ, იგი არ გამოხატავს მის ნებას, საკუთარი ინიციატივით გათავისუფლდეს სამუშაოდან. ამიტომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე, პირადი განცხადებით, გ. ლ-ის სამუშაოდან დათხოვნა უკანონოა და სააპელაციო პალატამ მართებულად გააუქმა საბაჟო დეპარტამენტის სადავო ბრძანება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის აზრით, საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 მარტის განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სასამართლომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა და ფაქტობრივ გარემოებათა სწორი გამოკვლევა-დადგენითა და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 95-ე მუხლის მართებული განმარტებით გამოიტანა კანონიერი განჩინება ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სადავო ¹291-კს ბრძანების უკანონოდ ცნობის შესახებ და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.