Facebook Twitter

№ას-819-783-2014 14 ნოემბერი, 2014 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ი. ხ-ე (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ნ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ა-ი, ვ. ა-ი

წარმომადგენელი - ი. ყ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – სარდაფის გასხვისებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ა-მა და ვ. ა-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ი. ხ-ის წინააღმდეგ და მოითხოვეს მოპასუხისათვის მათ სასარგებლოდ ზიანის – 30000 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც 18770 ლარი სარდაფის უკანონოდ გასხვისებით მიყენებულ ზიანია, ხოლო 11230 ლარი სველი წერტილების ბინაში განთავსებისათვის საჭირო ხარჯები.

მოპასუხე ი .ხ-მ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით ვ. და გ. ა-ებისათვის ჩატარებული სამუშაოების ღირებულების (2/3 წილის) – 20076 ლარის სოლიდარულად დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ვ და გ ა-ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. ხ-ს, მათ სასარგებლოდ, დაეკისრა 11 202 ლარის გადახდა, საიდანაც 6666 ლარი წარმოადგენს სარდაფის გაყიდვით მიღებული ზიანის ოდენობას, ხოლო 4536 ლარი სააბაზანოს მოსაწყობად გათვალისწინებულ ხარჯს; გ. და ვ. ა-ების მოთხოვნა 18 798 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ი. ხ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს: გ. და ვ. ა-ებს, ი. ხ-ის სასარგებლოდ, დაეკისრათ 20 076 ლარის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. და ვ. ა-ებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ა-ისა და ვ. ა-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. და ვ. ა-ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. ხ-ს, მათ სასარგებლოდ, დაეკისრა სველი წერტილების მოსაწყობად გათვალისწინებული ხარჯის - 4536 ლარისა და სარდაფის გაყიდვით მიღებული ზიანის – 11085 ლარის ანაზღაურება, გ. ა-სა და ვ. ა-ს უარი ეთქვათ ი. ხ-ისათვის სველი წერტილების მოსაწყობად – 6694 ლარის, ხოლო სარდაფის გაყიდვით მიღებული ზიანის – 7 685 ლარის ანაზღაურებაზე, ი. ხ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ი. ხ-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სარდაფის გასხვისებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისა და სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვისას გ. და ვ. ა-ებმა უარი თქვეს სააპელაციო საჩივარზე იმ ნაწილში, რა ნაწილშიც საქმე დაბრუნდა ხელახლა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აპრილის განჩინებით გ. და ვ. ა-ების წარმომადგენელ ი. ყ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, სარდაფის გასხვისებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ნაწილში გ. და ვ. ა-ების სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება, ამ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება ი. ხ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარზე უარი ისე მიიღო, რომ მისი პოზიცია არ გამოუკვლევია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, სასმართლოს მთავარ სხდომაზე სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, აუცილებელია მოწინააღმდეგე მხარის თანხმობა. სასამართლომ კი, მისი პოზიციის გარკვევის გარეშე შეწყვიტა საქმის წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ი. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

იმავე კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. იმავე კოდექსის 272.(გ) მუხლის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დამკვიდრებული დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, თითოეული მხარე თავად იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი საპროცესო უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებით. სარჩელზე ან სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა მოსარჩელის/აპელანტის საპროცესო უფლებაა, რომლის რეალიზებაც არ არის დამოკიდებული მოწინააღმდეგე მხარის თანხმობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით პირდაპირაა გათვალისწინებული ის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული შუამდგომლობის დაკმაყოფილებისათვის სავალდებულოა მოწინააღმდეგე მხარის თანხმობა (სარჩელის გამოხმობა, სასარჩელო მოთხოვნის გაზრდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე და ა.შ). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის მოქმედი რედაქციით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა მოწინააღმდეგე მხარის თანხმობას არ საჭიროებს. ამგვარი უარი თავისთავად წარმოადგენს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს, შესაბამისად, ი. ხ-ის მტკიცება, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების შეწყვეტა მისი პოზიციის გამოკვლევის გარეშე არ შეეძლო, უსაფუძვლოა. საკასაციო სასამართლო იმ გარემოებასაც უსვამს ხაზს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების შედეგად, სარდაფის გასხვისებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ნაწილში, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება, რომელიც ი. ხ-ს, თავის დროზე, სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, ამდენად, ყოველგვარი მითითება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი. ხ-ის ინტერესებს ეწინააღმდეგება, უსაფუძვლოა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 412-ე, 42-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე