№ას-830-794-2014 14 ნოემბერი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - დ. მ-ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - ა. გ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - ფ. ა-ი, გ. ა-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. მ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში ფ. და გ. ა-ების წინააღმდეგ სარჩელი აღძრა 2013 წლის 5 აგვისტოს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება დ. მ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 აპრილის განჩინებით დ. მ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 2660 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა დაევალა.
განცხადების პასუხად აპელანტმა ხარვეზის შევსების ვადის 2 კვირით გაგრძელება მოითხოვა, რათა შესაძლებლობა ჰქონოდა, წარედგინა საკუთარი ქონებრივი მდგომაროების ამსახველი მტკიცებულებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ივნისის განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა 7 დღით გაგრძელდა.
განჩინების პასუხად აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის განაწილვადება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა 3 დღით გაგრძელდა.
2014 წლის 2 ივლისის განცხადებით აპელანტმა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის განჩინებით დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, განუხილველად დარჩა.
აღნიშნული განჩინება დ. მ-ის წარმომადგენელმა ა. გ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდა მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო. აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის განაწილვადება მოითხოვა, რაც უსაფუძვლოდ არ დაკმაყოფილდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ დ. მ-ის წარმომდგენელ ა. გ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 აპრილის განჩინებით დ. მ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 2660 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა დაევალა.
განცხადების პასუხად აპელანტმა ხარვეზის შევსების ვადის 2 კვირით გაგრძელება მოითხოვა, რათა შესაძლებლობა ჰქონოდა, წარედგინა საკუთარი ქონებრივი მდგომაროების ამსახველი მტკიცებულებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 6 ივნისის განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა 7 დღით გაგრძელდა.
განჩინების პასუხად აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის განაწილვადება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა 3 დღით გაგრძელდა.
2014 წლის 2 ივლისის განცხადებით აპელანტმა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის განჩინებით დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, განუხილველად დარჩა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48 მუხლების საფუძველზე, სასამართლოს საკუთარი დისკრეციის ფარგლებში შეუძლია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, ოდენობის შემცირების ან გადავადების თაობაზე, რაც მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან კანონით გათვალისწინებული სხვაგვარი შეღავათის გაწევის საფუძველი არის მხოლოდ მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა. მტკიცების ტვირთი აწევს მთლიანად იმ მხარეს, რომელიც აყენებს შუამდგომლობას.
განსახილველ შემთხვევაში, დ. მ-ის სააპელაციო საჩივარს მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება არ ერთვოდა. ამგვარი მტკიცებულება არც შემდგომში ყოფილა წარდგენილი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ აპელანტს საკმარისი ვადა მიეცა იმისათვის, რომ სახელმწიფო ბაჟი გადაეხადა ან სასამართლოსათვის საკუთარი ფინანსური მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები წარედგინა, რაც აპელანტს არ შეუსრულებია. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი სახელმწიფო ბაჟის გადახდის განაწილვადებაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქცია სასამართლო ხარჯების განაწილვადების შესაძლებლობას აღარ ითვალისწინებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დ. მ-ის წარმომადგენელ ა. გ-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. მ-ის წარმომადგენელ ა. გ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
ლ. მურუსიძე